close
მსოფლიო

კანადა – მსოფლიოს მეორე ქვეყანა, სადაც კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალური გახდა

კანადა მსოფლიოს მეორე ქვეყანა გახდა ურუგვაის შემდეგ, სადაც კანაფის რეკრეაციული მიზნით ფლობა და მოხმარება ლეგალური გახდა.
ქვეყანაში მარიხუანას სამედიცინო მიზნით მოხმარება 2001 წლიდანაა დაშვებული, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ამოქმედებული კანონის თანახმად კი, კანადაში მცხოვრებ სრულწლოვნებს მარიხუანას, მისი ზეთისა და თესლების ლიცენზირებული მწარმოებლებისგან ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ.
პირველი ლეგალური მარიხუანა კანონის ამოქმედების დღესვე 02:30 საათზე აღმოსავლეთ კუნძულ ნიუფაუნდლენდზე გაიყიდა. ქალაქ სენტ-ჯონის მკვიდრი იან ფაუერი რიგში 8 საათიდან იდგა იმისათვის, რომ ქვეყანაში ლეგალურად გაყიდული მარიხუანას პირველი მომხმარებელი გამხდარიყო.
კანონის ამოქმედებას წინ დიდი დისკუსია და ვნებათაღელვა უსწრებდა. ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანია აწარმოა, რომლის ფარგლებში ახალი კანონისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია 15 მილიონ ოჯახს გაეგზავნა.
კანონის თანახმად, საჯაროდ მოხმარების დასაშვები ზღვარი 30 გრამია. ამასთან, სახლის პირობებში მაქსიმუმ ოთხი ძირი მარიხუანას გაზრდაა დასაშვები. კანონის დამრღვევებისთვის მკაცრი სასჯელია დაწესებული. მაგალითად, მათ, ვინც მარიხუანას არასრულწლოვანებს მიყიდის, თავისუფლების 14 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.
დღემდე არსებობს გამოწვევები და პასუხგაუცემელი შეკითხვები, კანონს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს.
კანონის ამოქმედების დღესვე კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა გამოქვეყნა სტატია სათაურით : „უკონტროლო ნაციონალური ექსპერიმენტი, რომელშიც კანაფის მწარმოებლების მოგება და გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანადელების ჯანმრთელობასთან.“
დღემდე გამოწვევად რჩება ერთ-ერთი მთავარი საკითხი : რამდენად შეძლებს პოლიცია ზემოქმედების ქვეშ მართვის ფაქტებს გაუმკლავდეს. მართალია, კანონი ზემოქმედების ქვეშ მართვის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს ითვალისწინებს, მაგრამ პრობლემად რჩება სკრინინგის ტექნოლოგიის საკითხი.
ეროვნულ ნარკო პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები „თავის ტკივილად“ იქცა შეერთებული შტატებისთვის. აშშ-ს საბაჟო საზღვრის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ მესაზღვრეებს უფრო ფართო უფლებები სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, ვინ უნდა შემოუშვან ქვეყანაში და ვინ არა. მათ შესაძლოა კანადელებს უარი უთხრან აშშ-ში შესვლაზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაცხადებენ, რომ კანაფის მოხმარებას იქაც ისევე აპირებენ, როგორც ამას კანადაში აკეთებენ.
გარდა ამისა, კანადასაც მოუწევს, აეროპორტებსა და საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში სხვადასხვა საინფორმაციო ბანერი და ნიშანი გააკრან, რომელიც მოგზაურებს შეახსენებს, რომ საერთაშორისო საზღვარზე ნარკოტიკის გადატანა უკანონოა.
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული კანონის შემსუბუქებაზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 2015 წელს, წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში საუბრობდა. ლიბერალური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებით არსებული ხისტი პოლიტიკა არაეფექტური იყო. მაგალითად კი სტატისტიკა მოჰყავდა, რომლის თანახმადაც, კანონის მიუხედავად, კანადაში მარიხუანას საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კანონის საშუალებით, მარიხუანა არასრულწლოვნების ხელში არ აღმოჩნდება და ნარკოვაჭრობის საშუალებით კრიმინალების გამდიდრებას ხელს შეუშლის.

ფედერალური ხელისუფლების ინფორმაციით, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, მცენარის გაყიდვების შედეგად, წლიური შემოსავალი 400 მილიონი დოლარით გაიზრდება.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0