close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაცია

CERN-ში ნაწილაკების ახალი ამაჩქარებელი წარმოადგინეს

ევროპის ფიზიკის კვლევის ცენტრში (CERN) ნაწილაკების ახალი ამაჩქარებელი წარმოადგინეს.  ხელსაწყო, სავარაუდოდ, პორტატულ ამაჩქარებლებს გააძლიერებს, რაც ექიმებს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, ხოლო ექსპერტებს – ხელოვნების ნაწარმების ანალიზში დაეხმარება.

CERN-ი თავის ტექნიკას თანდათანობით აუმჯობესებს, რათა დიდი ადრონული კოლაიდერისგან (LHC) მეტი მონაცემი მიიღოს. 27-კილომეტრიანი წრიული აქსელერატორით, რომლითაც პროტონები ერთმანეთს სინათლის სიჩქარით ეჯახებიან, მეცნიერები სამყაროს შესახებ ძირითადი კითხვების შესწავლას ცდილობენ.

უახლესი განახლება, რომელიც 90-მეტრიან ნავთობსადენს ჰგავს, მიერთებულია სიცოცხლის მხარდაჭერის აპარატთან, მან 39 წლის წინ შექმნილი LHC-ის ნაწილაკების წარმომქმნელი ინჟექტორი ჩაანაცვლა.

ახალი მოწყობილობა – Linac 4, 93 მილიონი აშშ დოლარი ღირს და მის შექმნას მეცნიერებმა 10 წელი მოანდომეს. პრეზენტაციისას პროექტის ავტორმა მაურიციო ვრეტენარმა განაცხადა, რომ CERN-მა ტექნოლოგიის მინიატიურიზაცია მოახდინა და ბევრი პოტენციური მომხმარებელიც დაინახა.

CERN- მა სიმსივნის ნაწილაკების სხივებით სამკურნალოდ უკვე შექმნა და დააპატენტა ვერსია.

კიდევ ერთი სამედიცინო საშუალებაა სიმსივნეების დიაგნოსტიკის მიზნით იზოტოპების შექმნა. იმის გამო რომ ისინი მალე იშლებიან, აუცილებელია პაციენტებამდე მალე მიტანა და გამოყენება.

ვრეტენარის განცხადებით, ახალი პორტატული ტექნოლოგიით მათი დამზადება საავადმყოფოშივეა შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ შემდგომ მიზანს 1-მეტრიანი 100 კგ მასის პროტოტიპის შექმნაა, რომლის დახმარებითაც მუზეუმებს ნახატებისა და სამკაულების ანალიზის შესაძლებლობა ექნებათ.

„უკვე ვთანამშრომლობთ ლუვრთან და იტალიურ ფლორენსთან“ – განაცხადა მაურიციო ვრეტენარმა.

პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი ერთადერთი მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც აქსელერატორი უკვე აქვს.  როცა სამშაბათობით მუზეუმი იკეტება, არტიფაქტები სარდაფში ანალიზისთვის ჩააქვთ. სხვა მუზეუმებს ეს ფუფუნება არ გააჩნიათ და არ სურთ თავიანთი ხელოვნების ნიმუშები ანალიზისთვის სხვაგან გააგზავნონ.

რამდენიმე საათი სჭირდება იმის დადგენას, რომელი საბადოდანაა სამკაული, ან მძიმე ელემენტის აღმოჩენას, რისი საშუალებითაც ხდება გამოყენებული საღებავის იდენტიფიცირებას, ან იმის დადგენას, აღდგენილია ესა თუ ის ნამუშევარი, თუ საერთოდაც – ყალბია, თუ ორიგინალი.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური გამოგონება – მინისათბური სამზარეულოსთვის

პროფესიული განათლებისადმი დამოკიდებულება ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა. აღნიშნული სექტორის განვითარებისთვის განათლების სამინისტრომ არაერთი პროექტი განახორციელა, ერთ-ერთია „პროფესიული განათლების ჰაკათონი“, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, მათ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტები წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები იყენებდნენ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებულ დანადგარებს (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.). პროექტს ერთობლივად ახორციელებდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აგრეთვე, ორგანიზაცია „EUHack-ი”.

აგრარული მიმართულებით პირველი ადგილი დაიკავა კოლეჯ „ბლექსის“ გუნდმა „Healthy“, რომლის წევრები არიან მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ცეცხლაძე, რუსუდან მელაძე, თინა სალუქვაძე და როლანდ ღოღობერიძე, ხოლო მათი მენტორია – ვლადა ხიმენკო.

გუნდმა წარმოადგინა პროექტი „ეკო-სამზარეულო“, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, დათესოს და სახლში მოიყვანოს სხვადასხვა პროდუქტი.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსავალი იქნება შხამ-ქიმიკატებისგან სუფთა.

„მინისათბური სამზარეულოსთვის, ვფიქრობთ, ინოვაციური და ძალიან საჭიროა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ მცენარეებსა და თესლებს, რითიც ვინარჩუნებთ თესლების გენოფონდს. მოგეხსენებათ, დღევანდელ პირობებში განსაკუთრებულად ფასობს ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.  ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ლამაზ ფორმატში დამზადებულ კონსტრუქციას (ვგეგმავთ, კონსტრუქციები გავაფორმოთ ქართული ტრადიციული ორნამენტებით, ამით ჩვენ ვიტყვით, რომ ეს პროდუქტი დამზადებულია საქართველოში) თავისი განათებით, ინსტრუქციით, თესლებითა და მორწყვის სისტემით. ფასი კომპლექტაციისა და ზომების მიხედვით 35-300 ლარამდე განისაზღვრება. მორწყვა შესაძლებელი იქნება დისტანციურადაც, ამისთვის კი გამოვიყენებთ GSM მოდულს“ – აღნიშნავს გუნდის მენტორი – ვლადა ხიმენკო.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი მორწყვის სისტემის ჩართვას მობილურში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეძლებს. საწყის ეტაპზე გუნდი გეგმავს შემდეგი მცენარეების კულტივირებას: ქინძი, მაკიდო, კამა, პიტნა და მარწყვი.

„მე, როგორც აგრარული მიმართულების სტუდენტს, ყოველთვის მქონდა პრეტენზია ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე.  მათ, ვისაც არ აქვთ მიწის ნაკვეთი და, შესაბამისად, ვერ იღებს ნატურალურ პროდუქტს, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, მოუარონ მინისათბურს,“ – აღნიშნავს მარიამ ცეცხლაძე.

სტუდენტებს სურთ, რომ ახლო მომავალში გახდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის მონაწილეები, რათა პროექტის გასავითარებლად დაფინანსება მოიპოვონ.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხის ჩანთები – ქართველი გოგონების წარმატებული სტარტაპი

სტარტაპი ,,Begels-ი“ ორ ქართველ ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნის, რომლებმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით შეძლეს იდეის რეალურად განვითარება და ამჟამად მყიდველისთვის უკვე ხელმისაწვდომია მათი უნიკალური, ხის მასალით დამზადებული ჩანთები. წამოწყების შესახებ ერთ-ერთ დამაარსებელს, ნათია მგელაძეს გავესაუბრეთ.

,,Begels-ის“ იდეის ავტორები ნათია მგელაძე და ქეთი უბილავა არიან, გოგონებს უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გაუჩნდათ სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში – ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, რომელშიც მათი რამდენიმე მეგობარიც მონაწილეობდა, ,,სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წაროომედგინა, თუ ოდესმე მექნებოდა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესის ქონისა, თუმცა, დღეს თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა“ – აღნიშნავს ნათია.

ჩანთების შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა და ახალგაზრდები მასზე 3-4 თვის განმავლობაში ფიქრობდნენ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ფაბლაბში დანადგარები ძირითადად ხეზე და ორგანულ მინაზე მუშაობენ, მათ გადაწყვიტეს ჩანთები სწორედ ხისგან შეექმნათ. თავდაპირველი იდეით ჩანთები მთლიანად ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ტყავისა და ხის სინთეზი ბევრად უფრო ორიგინალური და ლამაზი გამოვიდოდა. ამგვარი ტიპის ჩანთები დღეს რამდენიმე ცნობილ დიზაინერის ნამუშევრებშიც გვხვდება, გოგონებმა კი ის ქართულ ბაზარს მოარგეს. ამასთანავე, ჩანთებს უკეთდება კლიენტისთვის სასურველი გრავირებაც, რაც კიდევ უფრო  გამოარჩევს მათ.

საინტერესოა  თვითონ სახელწოდების ისტორიაც,  ნათიას თქმით, ,,Begels-ი“ თავისი ჟღერადობით ბადებს ,,Bag and Girls-ის“  ასოციაციას, შესაბამისად სახელის იდეაც სწორედ აქედან, სპონტანურად გაჩნდა და ორივეს ძალიან მოეწონა. რაც შეეხება ნაწარმის რეალიზებას, გოგონები  სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებენ საკუთარი ნაწარმის ხალხისთვის მიწოდებას, პერიოდულად მართავენ გამოფენებსაც, თუმცა, ჯერჯერობით მაღაზიის გახსნა არ იგეგმება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნათია ამის შესახებაც გვესაუბრა – ,,სტარტაპი არაფერია განვითარების გარეშე. აუცილებელია, რომ მუდმივად იზრუნო და სიახლე შესთავაზო მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილურობას შედეგი არ მოაქვს, ან თუ მოაქვს, საკმაოდ მოკლევადიანი. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავაჟღერეთ სანათიანი ჩანთის იდეა, რომლის საბოლოო დამუშავებული სახე უკვე ზაფხულში გვექნება“.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

5 მობილურის მოდელი, რომელიც გაქრა

 ამერიკულმა ვებგვერდმა – „მაშაბელმა“ –ძველი თაობის 5 მობილური წარმოადგინა, რომელთა გაყიდვაში დაბრუნებასაც ისურვებდა. ამის ერთგვარ ინსპირაციად კი გამოცემა Nokia 3310-ის ბაზარზე დაბრუნებას ასახელებს.

 

  1. Nokia 3310-ვით პოპულარული Motorola RAZR-ი თავის დროზე „ფლიპ“ ტელეფონებში სიახლე იყო. გამოსვლის დღიდან Motorola RAZR-ის 130 მილიონი ერთეული გაიყიდა. ის იმ დროისთვის ყველაზე თხელი მობილური ტელეფონი იყო, რომელსაც ასევე გამოარჩევდა მეტალის კლავიატურა. ტელეფონი ასევე გამოირჩეოდა 1,3-მეგაპიქსელიანი კამერით. ზოგადად კი RAZR გახლდათ პირველი პრემიუმ კლასის ტელეფონი ბაზარზე iPhone-ის გამოჩენამდე.
  2. Sidekick-ი – ეს იყო მობილური ტელეფონი უნიკალური მოძრავი ეკრანით და გააჩნდა მოცულობითი QWERTY კლავიატურა. ის იმ დროისთვის ითვლებოდა BlackBerry-ს კარგ ალტერნატივად.
  3. LG Chocolate-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „სლაიდერ-სტილის“ მქონე მობილური, რომელსაც ასევე გამოარჩევდა ჟღერადობა. ეს იყო მობილური, რომელმაც საკუთარი ადგილი აპოვნინა კომპანიას მობილურების მზარდ ბაზარზე
  4. Nokia N95 იყო მობილური, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ვიდრე iPhone-მა არ „დაასამარა”. 2.6-დუიმიანი ეკრანით „ნოკიას“ ეს მოდელი იმ პერიოდისთვის ყველასგან გამორჩეული იყო ყველაზე გამძლე ელემენტითა და 5-მეგაპიქსელიანი კამერით. ასევე აღსანიშნავია, რომ Nokia N95-ს ბევრად ადრე ჰქონდა ფრონტალური კამერა, ვიდრე „აიფონს“.
  5. Motorola StarTAC-ი – სანამ RAZR მოახდენდა Motorola-ს სიმაღლეების დაპყრობას, მანამდე იყო მობილური StarTAC. ტელეფონი, რომელიც 1996 წელს გამოვიდა, პირველი „ფლიპ“ მობილური იყო.

 

წყარო: Mashable.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

„Microsoft-მა“ ახალი ლეპტოპი წარადგინა

 

კომპანია „Microsoft-მა“ ახალი ლეპტოპი წარადგინა. Surface და Surface Pro ჰიბრიდული ლეპტოპებია, რომლებიც ტაბლეტებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Surface Laptop-ი – ეს არის მარტივი დიზაინის მქონე მოწყობილობა, რომელიც მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. მას აქვს 13.5-დუიმიანი ეკრანი და „Alcantara“ ზედაპირი კლავიატურის დაფაზე. მოწყობილობა მუშაობს Intel-ის ბოლო თაობის Core i5 და Core i7 პროცესორებზე და შესაძლებელია 1 ტერაბაიტამდე საცავის დაყენება. მისი ელემენტები ავტონომიურ რეჟიმში 14.5 საათი ძლებს.

სიახლეა დინამიკების მიმართულებითაც. ლეპტოპის შემქმნელების გადაწყვეტილებით, დინამიკები კლავიატურის ქვევით განთავსდა და ამით აუდიო ჟღერადობა მეტად გაუმჯობესდა.მოწყობილობის ფასი 999 დოლარიდან დაიწყება.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკამსოფლიო

აშშ-ში ქარის ენერგიის წარმოების მოცულობა იზრდება   

აშშ-ში ქარის ენერგიის წარმოების მოცულობა იზრდება.  მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 2,000-მეგავატიანი სიმძლავრის  ელექტროსადგურები დამონტაჟდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

American Wind Energy Association-ის ინფორმაციით, ეს აშშ-ს ქარის ინდუსტრიის ყველაზე დიდი კვარტალია 2009 წლის შემდეგ.

გააქტიურდა პროექტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობაც.  ქარის პროექტების ფედერალურ საწარმოთა საგადასახადო კრედიტი 2020 წლამდე არ იწურება.  იმ პროექტებისთვის კი, რომელიც მშენებლობას 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით დაიწყებენ, საკრედიტო ღირებულება ყოველწლიურად 20% -ით შემცირდება.

American Wind Energy Association-ის ინფორმაციის თანახმად, მშენებლობის პროცესშია 9,025 მგვტ-ს პროექტი და დამატებით 11,952 მეგავატის პროექტი განვითარების ეტაპზეა.

პირველ კვარტალში დამონტაჟებული მეგავატების დაახლოებით მეოთხედთან დაკავშირებით კონტრაქტები ისეთ შემსყიდველებთანაა გაფორმებული, რომლებიც უტილიტარული ინდუსტრიის წამრომადგენელები არ არიან, მათ შორის არიან: აშშ არმია, Amazon.com Inc, Alphabet Inc’s Google. კონტრაქტები გააფორმეს ასევე Home Depot Inc და Intuit Inc.

ქარის ენერგიის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზე დგას ტეხასის შტატი, შემდეგ მოდის – კანზასი, ნიუ მეხიკო, ჩრდილოეთ კალიფორნია და მიჩიგანი.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ვიდეოსაქართველოტრანსპორტი

მეტროსადგურები შშმ პირებზე ადაპტირდება – რეალობა თუ პიარი?

არაადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. საზოგადოებისგან იზოლირებულნი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას. ერთ-ერთი უმწვავეს პრობლემად რჩება მათზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობა.

ვისაც თბილისში არსებული ხიდებით გისარგებლიათ, დამერწმუნებით, რომ იქ ეტლით გადაადგილება არათუ დამოუკიდებლად, არამედ რამდენიმე პირის დახმარებითაც კი რთულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოში ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება შეინიშნება, მაგალითად, იანვრიდან დედაქალაქში მოძრაობს ახალი ავტობუსები, რომლებიც სპეციალური პანდუსებითაა აღჭურვილი და სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი.

როგორც ცნობილია, 2017 წლის ბოლომდე თბილისში 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება. ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს სპეციალური რკინის კონსტრუქციით. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, უპირველ ყოვლისა, აღნიშნული კონსტრუქციები დამონტაჟდება ისეთ მეტროსადგურებში, სადაც მგზავრს კიბის გარეშეც შეუძლია ესკალატორთან მისვლა. ხოლო მეორე ეტაპისთვის დამონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც პირს ესკალატორამდეც მიიყვანს.

,,ვმუშაობთ პროექტის დეტალებზე, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შემოგვთავაზა ეს პროექტი, რასაკვირველია, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, რადგან პერიოდულად სხვადასხვა დეტალი იჩენს თავს. ჩვენ გვინდა, ყველა მეტროსადგური ადაპტირდეს, თუმცა საწყის ეტაპზე 10-მდე სადგურს მოვიცავთ,” – აცხადებენ ტრასპორტის საქალაქო სამსახურში.

,,რასაკვირველია, სასიხარულოა ეს ამბავი, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ტროტუარები უნდა მოეწყოს, მეტრომდე ხომ უნდა მივიდეთ? ევროპის ყველა ქვეყანაში როგორც ფეხით მოსიარულეს, ისე ეტლით მოსარგებლეს არ ექმნება პრობლემა გადაადგილებისთვის. გულდასაწყვეტია, რომ პანდუსის გაკეთებით ქულებს იწერენ, ეს ყველაფერი რეალურად არ არის გამიზნული შშმ პირების ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. შეზღუდული შესაძლებლობა კი არა, არაადაპტირებული გარემო გვაფერხებს. მე ვმუშაობ, მაგრამ ბევრის შრომითი უფლება ირღვევა. დამსაქმებელი, როგორც წესი, უარს ამბობს შშმ პირის მიღებაზე, რადგან არ არის გარემო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ბუნებრივია, ყოველდღე ვერ მიხვალ იმ ადგილას, სადაც დახმარება დაგჭირდება, ეს ხომ ადამიანის თვითშეფასებაზეც მოქმედებს, სწორედ ამიტომაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ სოციალიზაციის პრობლემა, ვერ ინტეგრირდებიან გარემოში” – აღნიშნავს მოცეკვავე და ხელოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თემო არაბიძე.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

  • სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის (მუხლი 7);
  • სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია (მუხლები 13–16);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის (მუხლები 17–20)

როგორც ხედავთ, კანონი ირღვევა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სხვა ადამიანების მსგავსად საზოგადოების აქტიური წევრები გახდებიან.

 

იხილეთ ვიდეო – როგორ არის ტოკიოს მეტრო შშმ პირებზე ადაპტირებული:

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმანქანათმშენებლობა

“Toyota” აღარ მიიჩნევა ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე ავტოკომპანიად

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფინანსურ პრობლემებს შეეჯახა.

კომპანიის თქმით, მარტში უფრო მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა მაღალმა გადასახადებმა და ვალუტის მერყეობამ შედეგი მოიტანა. ყველაფერთან ერთად ,,ტოიოტას” გაყიდვებს დიდი პრობლემები აქვს აშშ-შიც, რომელიც კომპანიის ყველაზე დიდ პარტნიორად მიიჩნევა.

,,ბიბისის” ინფორმაციით, ,,ტოიოტასმოგებამ,  საერთო ჯამში, 16.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით ნაკლებია წინა პერიოდის მაჩვენებლზე.

ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ,,ტოიოტას” მოგება  მომავალ წელს უფრო შემცირდეს, რაც იაპონური ვალუტის გამყარებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, ,,ტოიოტა” აღარ მიიჩნევა ყველაზე მაღალმოთხოვნად კომპანიად. ეს სტატუსი მან გერმანულ ,,ფოლკსვაგენს” დაუთმო.

2016 წელს ,,ტოიოტამ” 10.25 მილიონი მანქანა გაყიდა.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,Vrex Immersive-ი” – ქართული სტარტაპი მოგზაურობას ვირტუალური რეალობით დაგაგეგმინებთ

 ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპი – ,,Vrex Immersive-ი“  – ქართველი ახალგაზრდების წამოწყებაა, ეს ტურიზმის სფეროში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ვირტუალური რეალობის მეშვეობით დაგეგმოს მოგზაურობა. სტარტაპის შესახებ მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი – ნიკოლოზ გოგოჭური გაგვესაუბრა.

„Vrex Immersive-ს“ ოთხი დამფუძნებელი ჰყავს – ნიკოლოზ გოგოჭური, ლევან დანელია, ნიკა როსტომაშვილი და ლადო ლებანიძე, რომლებსაც სტარტაპში გაერთიანების იდეა 2014 წელს გაუჩნდათ, თუმცა, იქამდეც რამდენიმე წარმატებულ პროექტშიც მიიღეს ერთად მონაწილეობა. მათი ამჟამინდელი გუნდი ექვსი წევრისგან შედგება, მაგრამ ძირითად ბირთვს სხვადასხვა პროექტზე, საჭიროების და მიხედვით, ახალი წევრები ემატება.

თავიდანვე, მეგობრების იდეა მდგომარეობდა ზოგადად, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებისთვის ვირტუალური რეალობის შექმნაში, ,,ვირტუალური რეალობა, როგორც წესი,  აღქმულია ხოლმე, როგორც გართობის საშუალება (თამაშები, კლიპები, გასართობი აპლიკაციები). ჩვენი ხედვით კი, მისი მეშვეობით  ბიზნესის გაძლიერებაა შესაძლებელი. ამიტომაც, დავიწყეთ განათლების, არქიტექტურის, რეკლამის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სფეროებისთვის ვირტუალური რეალობა შეგვექმნა, შეკვეთებს კი, ძირითადად უცხოეთიდან ვიღებდით და ამგვარად ვაგროვებდით ცოდნას,“ – აღნიშნავს ნიკოლოზი.

სტარტაპმა 2016 წელს გაიარა აქსელერაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპაქსელერატორში – ,,Startupbootcamp-ში“, რომელიც სამთვიანი სასწავლო პროგრამაა სტამბოლში და მასში მსოფლიოს მასშტაბით 850-ზე მეტი სტარტაპი იღებდა მონაწილეობას,  ,,Vrex Immersive-ი“ ათ საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა. მათ ასევე გაიმარჯვეს ,,სტარტაპ საქართველოს“ შესარჩევ ეტაპზეც და გაიარეს აქსელერაცია ამერიკელ მენტორებთან ,,Silicon Valley-დან“.

თანამედროვე სამყაროში ვირტუალური რეალობა ტრენდული გახდა და მსგავს ექსპერიმენტებს ბევრი სტარტაპი თუ კორპორაცია აკეთებს, მაგრამ ქართველების ეს ექსპერიმენტი, როგორც ნიკოლოზი აღნიშნავს, განსხვავდება მათგან საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე – ,,არსებობს პროდუქტები, რომლებიც კონცეპტუალურად ახლოსაა ჩვენთან, თუმცა ჩვენ უნიკალურები ვართ განსხვავებული ბიზნესმოდელით, პლატფორმის ფუნქციებითა და იმით, რომ მაქსიმალურად ფოკუსირებულები ვართ ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიაზე, ვაძლიერებთ მას ვირტუალური რეალობით“.

აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვირტუალური რეალობით იმოგზაუროს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტით, შეისწავლოს ისინი, დაგეგმოს მოგზაურობა და შეუკვეთოს ტური პირდაპირ აპლიკაციიდან. ასევე, ტურისტულ ოპერატორებს, სააგენტოებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და სასტუმროებს/კურორტების ადმინისტრაციებს შეუძლიათ, ამ პლატფორმის მეშვეობით  საკუთარი სამოგზაურო პროდუქტები გახადონ უფრო პოპულარული.

ვიდეოში იხილეთ ხალხის რეაქცია ,,Vrex Immersive-ის“ აპლიკაციაზე:

ამჟამად, გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ბაზართან, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საერთაშორისო ტურისტული სააგენტოები უკვე იყენებენ მათ აპლიკაციებს მარკეტინგული მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ გუნდი თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთანაც და ეწევა საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.

პლატფორმის გასამრავალფეროვნებად სამომავლოდ იგეგმება  გადაღებები – საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, ამასთანავე სულ მალე ,,Vrex Immersive-ი“ ხელმისაწვდომი იქნება Androidტიპის სმარტფონებზე, აპლიკაცია ამჟამად უკვე დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზეა და მზადდება ფართო ბაზარზე გასასვლელად.

Android-ის მომხმარებლების შემდეგ, 2017 წლის ბოლომდე, პლატფორმა ,,Apple-ის” მოწყობილობების მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ელონ მასკმა მიწისქვეშა გზების სისტემის შესახებ საკუთარი ხედვა წარადგინა

ამერიკელმა მეწარმე ელონ მასკმა ლოს-ანჯელესის მიწისქვეშა გვირაბის ქსელის შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

როგორც მასკმა TED-ის (ტექნოლოგია, გართობა და დიზაინი) კონფერენციაზე განაცხადა, ის ამერიკაში სრულიად ავტონომიურ მოგზაურობას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.

გარდა აღნიშნული საკითხისა,  მასკმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სურდა 50 წელში მზის ენერგიაზე მომუშავე სახურავის კრამიტი ყველა სახლში სტანდარტად ქცეულიყო. მან გააკეთა განმარტება იმის შესახებაც, თუ რატომ მიიჩნევს აუცილებელ საჭიროებად მარსზე რაკეტის გაგზავნას.

TED-ის კურატორ კრის ანდერსონთან საუბრისას Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ „სულის გამანადგურებელმა“ ტრანსპორტის მოძრაობამ მას ისეთი იდეა შთააგონა, რაც გზების განტვირთვისთვის გამოსავალს წარმოადგენს.

მასკმა ვიდეო წარმოადგინა და კონფერენციის მონაწილეებს გვირაბის სისტემის მუშაობის პრინციპი გააცნო.

მანქანები ურიკის მსგავს მოწყობილობაზე ჩერდება, მიწა იხსნება და ისინი ქვემოთ ჩადის. მანქანა პლატფორმას ტოვებს და მას სხვა მანქანა ანაცვლებს, რომელიც პირიქით, ქვემოდან ზემოთ ადის.

მასკი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მასშტაბით „სრულიად ავტონომიური“ მგზავრობა  წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: http://www.bbc.com/news/technology-39741094

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 69 70 71 72 73 85
Page 71 of 85