ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალებით ვაქცინაციის დაწყება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი და ასევე შესაძლებელია მისი ჩართვა Covax-ის პროგრამაში, რომლის მიზანი ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებაა.
„ახლა ყველა პირობა გვაქვს ვაქცინის სწრაფად გავრცელებისთვის, თუმცა ამისთვის ჯერ წარმოების გაზრდაა საჭირო,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძლება გამოყენებული იყოს 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მისი მხოლოდ 65, ზოგი კი 55 წლის ქვემოთ ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. უწყების ინფორმაციით, ვაქცინის ორ დოზას შორის გარკვეული პერიოდის დაცვა, რაც გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ხდება, მეტად ეფექტურს ხდის მას.
წინააღმდეგობა გამოიწვია ახალი შტამების მიმართ ნაკლები ეფექტურობის საკითხმა და განსჯის საგნად იქცა ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება ასაკოვან მოსახლეობაში და რა ინტერვალით უნდა მოხდეს მეორე დოზის გაკეთება. დავის საფუძველი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს, უკვე აანალიზებს დროის ჭრილში ვაქცინის შედეგების და ეფექტურობის მტკიცებულებებს. მისი შუალედური რეკომენდაციები ცხადყოფს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი საერთო ჯამში 63 პროცენტია.
ოქსფორდის ვაქცინა შეფასებულია, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“ მისი დაბალი ფასის გამო, ასევე იმის გამო, რომ მისი განაწილება შედარებით ადვილია, ვინაიდან, ზოგიერთი კონკურენტისგან განსხვავებით, Oxford/AstraZeneca-ს შენახვა სტანდარტულ მაცივრებშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის ჯანმო-მ Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა.
წყარო : theguardian.com , BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”











პატარა ასაკში გულში გაჩენილ ოცნებებს ფრთები შეასხა და დიდი მონდომებით, ადამიანების სიყვარულით და შრომისმოყვარეობით ახლა ზუსტად იმ სფეროშია, რომლის გარეშეც თავი ვერც კი წარმოუდგენია. ალბათ , გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამღლელი ოპერაციებისა და საქმიანი დღის შემდეგ დრო მუსიკისა და ტანგოს ცეკვისთვისაც რჩება. გარდა ამისა გურამი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ზრუნავს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე და აუდიტორიას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
იყო ექიმი, ეს პირველ რიგში ძალიან დიდი ჯილდო და პატივია, რომელსაც ყველაფრის ფასად უნდა გაუფრთხილდე. ექიმის ღირსება და პატიოსნება ყველა მატერიაზე მაღლა უნდა იდგეს. მეორეს მხრივ, ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელსაც ვფიქრობ ყველა ექიმი უნდა იყენებდეს პროფესიულ საქმიანობაში, ლათინურად ასე გამოითქმის primum non nocere, რომელიც ქართულად ნიშნავს – პირველ რიგში არ ავნო. აქედან გამომდინარე, პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც რომ იყოს, ექიმი ვალდებულია დახმარების აღმოჩენამდე დარწმუნდეს, რომ მისი ჩარევა არ ავნებს პაციენტს და სარგებელი უფრო მეტი იქნება. ექიმის კარიერაში წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, ალბათ ისევე, როგორც სხვა დარგებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში მაინც შემორჩენილია ის მახინჯი ტრადიციები, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია. ეს მედიცინაში საკმაოდ ხელშესახებად შევიგრძენი. მახსენდება ერთი შემთხვევა, მაშინ ალბათ მე-3 კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლინიკის საოპერაციოში ვესწრებოდი ოპერაციას. მინდა გითხრათ, მაშინ იმდენად დიდი იყო იმის სურვილი, რომ ოპერაციებზე დასწრების შანსი მქონოდა და ცალი თვალით მაინც დამენახა როგორ მუშაობდნენ ქირურგები, რომ საოპერაციოს სანიტრად დავიწყე მუშაობა. იქ მყოფ თანამშრომლების უმეტესობას უკვირდა ერთადერთი ბიჭი სანიტარი ვიყავი. ამ დროს ერთხელ შემამჩნია ერთმა ქირურგმა და მკითხა თუ მქონდა სურვილი რომ ოპერაციაზე მათ გვერდით ვმდგარიყავი, ისე გამიხარდა თავი ნამდვილი ქირურგი მეგონა, თუმცა ოპერაციის დასაწყისში როდესაც მთავარი ქირურგი შემოვიდა საოპერაციოში, დამინახა თუ არა, მისი პირველი კითხვა იყო – “ შენ ვისი ბიჭი ხარ?”. იმ დღის მერე მის ოპერაციებზე ისევ სანიტრის როლი მერგო. თუმცა ვთვლი, რომ დაუღალავი შრომით და დასახული მიზნისკენ მუხლჩაუხრელი სწრაფვით ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია არ გაჩერდე.





