close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

ორსულების მიერ მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი მატულობს

ორსულების მიერ მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი მატულობს

უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მარიხუანას ექსპორტის მიზნით კულტივაციას გულისხმობს. რამდენიმე დღეა მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზება არ მოხდება და მისი მოხმაება “მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში იქნება მოქცეული”. მათი განმარტებით, კულტივაცია მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპორტის მიზნით და ექსპორტიც არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება სხვადასხვა მიზნითაა ლეგალიზებულია. შედარებით დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც კანაფი სამედიცინო დანიშნულებით არის ლეგალიზებული. ხოლო ქვეყნები, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია  რეკრეაციის მიზნით, გახლავთ კანადა, საქართველო, ურუგვაი, ამერიკის 9 შტატი და კოლუმბიის ოლქი.

ფაქტია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც სამედიცინო და გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული ხდება, თანდათან მატულობს.  პარალელურად მატულობს იმ ორსული თუ მეძუძური დედების რიცხვი, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც აგვისტოში JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნდა და რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში (სადაც მარიხუანა სამედიცინო მოხმარების მიზნით 1996 წლიდანაა ლეგალიზებული) მცხოვრები 280,000-მდე ქალის შარდის ანალიზის პასუხებსა და გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, აჩვენა, რომ 2009 წელს მარიხუანა ორსულთა ოთხმა პროცენტმა გასინჯა, 2016 წელს ეს რაოდენობა შვიდ პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში მარიხუანას რეკრეაციის მიზნით ლეგალიზება მოხდა, მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ორსული დედის მიერ მოხმარებული ნარკოტიკი ნაყოფზეც ზემოქმედებს, ვინაიდან მასში შემავალი ინგრედიენტები პლაცენტის გავლით ნაყოფშიც ხვდებიან, ხოლო დაბადებული ბავშვის ორგანიზმს მეძუძური დედის რძიდან აღწევენ.

რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა დედისა და ბავშვის ორგანიზმზე? 

ეს გახლავთ შეკითხვა, რომელსაც ამერიკის პედიატრიის აკედემია  რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Pediatrics-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მეცნიერთა აზრი იყოფა. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ მარიხუანა ბავშვებზე ნეგატიურად მოქმედებს და დედის მიერ მისი მოხმარება ჩვილის მცირე წონასთან და ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებასთანაა დაკავშირებული, დედებში კი ანემიის რისკს ზრდის.  თუმცა, შედარებით ადრე ჩატარებულმა კვლევებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს. მაგალითად, 1987 წელს მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევამ (Fetal disposition of delta 9-tetrahydrocannabinol (THC) during late pregnancy in the rhesus monkey) აჩვენა, რომ მარიხუანაში შემავალი ნივთიერება THC პლაცენტაში სწრაფად არ გადადის.

კანაფში 66 კომპონენტია აღმოჩნილი, თითოეული მათგანი კი ორგანიზმზე განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, ტეტრაჰიდროკანაბინოლი THC ფსიქოაქტიურ ეფექტებთანაა დაკავშირებული.  არსებობენ კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაღალი THC-შემცველობის მქონე მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარებას განვითარებადი ტვინის ზრდის პროცესის შეცვლა შეუძლია. რაც შეეხება კანაბიდიოლს (CBD) მას თერაპიულ მედიცინაში იყენებენ. ესპანელი ბიოქიმიკოსი მანუელ გუზმანი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად დარწმუნდა, რომ THC-ს, CBD-ს და ტემოზოლომიდის კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა თაგვებში თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობისას. გუზმანი და მისი კოლეგები 15 წლის განმავლობაში აძლევდნენ კანაფის კომპონენტებს კიბოს მეტასტაზებით დასნებოვნებულ ვირთაგვებს. ვირთაგვების ერთ მესამედში სიმსივნე აღმოიფხვრა, ხოლო მეორე მესამედში – დაპატარავდა. თუმცა, გუზმანი არ ჩქარობს დასკვნის გამოტანას – „პრობლემა ისაა, რომ თაგვი არ არის ადამიანი, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ადამიანების შემთხვევაში“.

ზოგადად, მეცნიერებს ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე ურთულდებათ იმ თემების შესწავლა, რომელიც ნარკოტიკებსა და ბავშვებს გულისხმობს, რის გამოც ჩატარებულ კვლევათა რაოდენობა საკმარისი არაა მარიხუანას ეფექტების სრულად გამოსვლენად და დასამტკიცებვლად. ამიტომ, დედების გადასაწყვეტია, უღირთ თუ არა მარიხუანას მოხმარება თავიანთი და თავიანთი შვილებისა ჯანმრთელობის გარისკვად.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ვიტამინი, რომელიც სიზმრების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, იცით, რომ სიზმარი ნახეთ, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტები გახსოვთ, ან საერთოდ ვერ იხსენებთ, რა დაგესიზმრათ.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Perceptual and Motor Skills-ში” გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის წინ B6 ვიტამინის აბების დიდი დოზით მიღება ადამიანებს სიზმრის დამახსოვრებაში ეხმარება.
ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 100 ადამიანზე ცდა ჩაატარეს. მათგან ნახევარს 5 დღის განმავლობაში 240 მგ B6 ვიტამინის აბს ასმევდნენ, მეორე ნახევარს კი – პლაცებოს.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც B6 ვიტამინს ასმევდნენ, სიზმრები კარგად ამახსოვრდებოდათ იმათთან შედარებით, ვინც პლაცებოს სვამდა. აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ადამიანების არცერთმა ჯგუფმა არ იცოდა, რა მედიკამენტს ღებულობდა.
მონაწილეთა განცხადებით, მათი სიზმრები „ნათელი და ადვილად დასამახსოვრებელი“ იყო და „ფრაგმენტებს“ არ კარგავდნენ.

„ჩემი სიზმრები იმდენად რეალური იყო, ერთი სული მქონდა, დამეძინა და სიზმარი დამსიზმრებოდა,“ – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ნაყოფიერი სიზმარი
,,Scientific American-ში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სიზმარი რთულად გასახსენებელია, ვინაიდან პროცესები, რომელიც გრძელვადიან მახსოვრობას უწყობს ხელს, ძილის დროს შეჩერებულია. მაგალითად, ძალიან დაბალია ნეიროტრანსმიტრის ნორიპინეფრინის დონე, რომელიც აუცილებელია რაიმეს დასამახსოვრებლად.
ადამიანი ცხოვრების მანძილზე სიზმარში საშუალოდ 6 საათს ატარებს. ასე რომ, თუკი სიზმრების მართვას ვისწავლით, მათ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ. მაგალითად, როცა სიზმარში ვიცით, რომ სიზმარში ვართ, ეს ღამის კოშმარებისა ფობიების დამარცხებაში დაგვეხმარება.

წყარო
: sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

დაავადება, რომელმაც 16 საუკუნეში მექსიკის მოსახლეობის 80 პროცენტი გაანადგურა

მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ იმ სასიკვდილო ეპიდემიის მიზეზი, რომელმაც მე-16 საუკუნეში მექსიკის მოსახლეობის 80 პროცენტი  გაანადგურა.

კვლევა ორიოდე დღის წინ ოფიციალურად გამოქვეყნდა.

1545-1550 წლების ეპიდემიის მსხვერპლთა კბილებიდან მოპოვებული უძველესი დნმ-იდან ირკვევა, რომ 15 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი სალმონელელა ენტერიკაა, ბაქტერია, რომელიც ტიფოზურ ციებ-ცხელებასთანაა დაკავშირებული. 

,,ცხელება იყო გადამდები, უმეტესწილად ლეტალური, დაავადებულს ენა უშრებოდა და უშავდებოდა და წყურვილის არანორმალური შეგრძნება ჰქონდა. დაავადებული შარდის ფერი მწვანე იყო, ან შავი, პულსი – გახშირებული ან შესუსუსტებული – ხანდახან ნულოვანი”, ასე აღწერს ფრანცისკანელი მონაზონი დაავადებას 1576 წელს.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულუბს აღენიშნებოდათ დელირიუმი, დიზენტერია, კრუნჩხვები და გაუსაძლისი სისხლდენა და ღებინება.

ეპიდემიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაავადებასთან აკავშირებდნენ. თუმცა ახლა, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა მოიპოვეს პირველი რეალური მტკიცებულება დნმ-ის საშუალებით.

მექსიკის ქალაქ მიქსტეკიდან ასობით წლის წინ დამარხული ადამიანების 30 ჩონჩხი ამოთხარეს.

დნმ-ის სკრინინგის უახლესი ტექნოლოგიის – Meta Genome Analyser Alignment Tool-ის საშუალებით, მკვლევარებმა ენტერიკას შტამი, სახელად Paratyphi C, აღმოაჩინეს.

აღმოჩენა შთამბეჭდავია და მნიშვნელოვანია სამომავლო კვლევებისთვის. მეცნიერების განმარტებით, ,,აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს იძლევა განვაცხადოთ, რომ MALT- ის ალგორითმის წყალობით, მომავალში წარსული დაავადებების მიზეზების დადგენა იქნება შესაძლებელი”.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსამართალი

ყოფილი პრეზიდენტის ყალბი წამალი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა 

ადამიანის უფლებების დარღვევის უდიდესი სკანდალი – ასე აფასებს ორგანიზაცია ,,Aids-Free World-ი” დანაშაულს, რომელშიც ბრალს გამბიის ყოფილ პრეზიდენტს, იაჰია ჯამეჰს დებენ.

ჯამეჰი, რომელმაც ქვეყანა ოცწლიანი მმართველობის შემდეგ ორი წლის წინ დატოვა, უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი უცნაური ბრალდება ისაა, რომ ჯამეჰი აივ-ინფეცირებულ ათასობით ადამიანს აიძულებდა, თავის მიერ შექმნილი მცენარეული ნაყენით ემკურნალათ.

„მკურნალობის“  შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

2007 წელს ჯამეჰმა განაცხადა, რომ მან მცენარეული მედიცინისა და სულიერი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგიის გამოყენებით შიდსის სამკურნალო მიქსტურა შექმნა, რომელსაც შედეგი მხოლოდ ორშაბათობით და ხუთშაბათობით ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ „გამოგონება“ მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერებმა სახიფათოდ აღიარეს, თუმცა გამბიაში იმის გაბედვა, რომ პრეზიდენტის სამკურნალო მიქსტურა სისულელე იყო, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა.

სამკურნალო ცდებს პრეზიდენტის კლინიკაში ატარებდნენ, ყოველ დილით პრეზიდენტი პაციენტებს სხეულზე მწვანე პასტას უსვამდა, პარალელურად ყურანიდან ლოცვებს კითხულობდა. პაციენტებს დღეში ორჯერ ბოთლიდან მწვანე ფერის გაურკვეველი სითხე უნდა დაელიათ.  ჯამეჰი არავის ეუბნებოდა, რა სითხე იყო ეს. მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ თუკი შიდსის განკურნებას რეალურად შეძლებდა, გამბიას მდიდარ ქვეყნად აქცევდა.

პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი „პაციენტი“ – ლამის სიზი იხსენებს, რომ მას კლინიკაში დიარეა დაემართა, გარდა ამისა, სხვა პაციენტისგან ტუბერკულოზი შეეყარა და ისე დასუსტდა, რომ მისი შესაბამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ტესტებმა აჩვენა, რომ შიდსის ვირუსული დატვირთვა მომატებული იყო და ის კვლავ პრეზიდენტის კლინიკაში „სამკურნალოდ“ დააბრუნეს.

სიზი იმ იღბლიანთა შორის იყო, რომლებიც გადარჩნენ. მისი მეუღლე, რომელიც ასევე აივ-დადებითი იყო და რომელიც გაურკვეველი მცენარეული პროგრამის მონაწილე იყო, გარდაიცვალა. ლამის სიზი აცხადებს, რომ პაციენტთა უმრავლესობა პროგრამის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

პაციენტებს აიძულებდნენ, სახელმწფო ტელევიზიით პროგრამის წარმატებულობაზე ესაუბრათ. მათ შორის იყო ოსმან სოუ. მას სამედიცინო განათლება ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული. იმისათვის რომ პროგრამისთვის მეტი სერიოზულობა მიენიჭებინა, ჯამეჰმა სოუ პრეს სპიკერად დანიშნა. ის უცხოურ პრესასთან პროგრამის ეფექტურობაზე საუბრობდა.

„როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირმა, კარგად ვიცოდი, რა ნაგავიც იყო, თუმცა საწინააღმდეგოს თქმის უფლება არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ,“ – აცხადებს სოუ BBC-თან საუბარში.

როგორც ცნობილია, პროგრამაში სულ 9,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კლინიკის ყველა ჩანაწერი და ანკეტა გასაიდუმლოებული იყო.   

სოუ და სხვა გადარჩენილი პაციენტები Aids-Free World-ში მუშაობენ, ეს გახლავთ აშშ-ის კამპანიის ჯგუფი, რომელსაც სურს ჯამეჰისთვის ბრალის წაყენება. Aids-Free World-ი აცხადებს, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის უფლებების დარღვევის სკანდალი, რომელიც გამბიის ყოფილი ლიდერთანაა დაკავშირებული.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ზურაბ გურული – ლიტერატურული ნიჭით დაჯიდოებული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

 ზურაბ გურული ამჟამად აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორია. თუმცა, მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლო სანამ ამ ყოველივეს მიაღწევდა. ,,დოქტრინა” გაესაუბრა ზურაბ გურულს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო საკუთარი მოღვაწეობის შესახებ.

როგორც თავად ამბობს, რამდენიმეწლიანი რთული პროცესი განვლო ამერიკული სამედიცინო სერტიფიკატის მოსაპოვებლად. 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ასპირანტურაში სწავლა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გააგრძელა, 1995 წელს, დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ კი, ერთწლიანი მივლინებით ჩავიდა ქალაქ ნიუ-ორლეანში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწორედ ამის შემდეგ მიიღო კარიერის ამერიკაში გაგრძელების გადაწყვეტილება. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, 2004 წელს მუშაობა ნიუ-ორლეანის ფედერლურ კლინიკაში დაიწყო ანესთეზიოლოგ-რეანიმატორად, პარალელურად გახლდათ ასისტენტ-პროფესორი ტულეინის უნივერსიტეტშიც. 2006 წლიდან დღემდე კი მუშაობს მონტგომერის სახელობის კლინიკაში.

რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს: ,,საზღვარგარეთ ჩემი მოღვაწეობა განაპირობა 90-იანი წლების საქართველოში არსებულმა კატასტროფულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა თუ სოციალურმა სიტუაციამ. ამ პერიოდში ახალგაზრდა პროფესიონალისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე ოცნებაც კი, რადგან ქვეყნის ნებისმიერი ნორმალური, პატიოსანი მოქალაქის ერთადერთი საზრუნავი საკუთარი თავისა და ოჯახის ფიზიკური გადარჩენა იყო,“-აღნიშნა მან.

სიშორის მიუხედავას  ზურაბ გურული თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ქართულ სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზეც გულღიად საუბრობს. ,,ჩამოყალიბებული სისტემის არარსებობის გამო, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია საკუთარი მომავალი. მათი წვრთნა და დახელოვნება მთლიანად პირად შეუპოვრობასა და ბრმა იღბალზეა დამოკიდებული. რის გამოც უამრავ ნიჭიერ ახლგაზრდას კარგავს ქვეყანა, მათი ნაწილი პროფესიას იცვლის, ნაწილი კი საზღვარგარეთ მიდის სამუდამოდ,“-დანანებით ამბობს ის, თუმცა, ამ ეტაპზე. ამ პრობლემის რეალურად მოგვარების გზებსაც ვერ ხედავს, რადგან მიზეზთა და მიზეზთა გამო, პროფესიული ინტერესების დაცვა ხშირად პოლიტიკურ კონიუნქტურებს ეწირება.

როგორც უკვე აღვნიშნე, გურულს თავადაც კარგად ახსოვს პირადად გადატანილი სასოწარკვეთა და ნიჰილიზმი, შიში გაურკვეველი მომავლის მიმართ, რამაც უბიძგა, რომ წვლილი შეიტანოს ქართველი ახალგაზრდების პროფესიულ კარიერაში ნათლად გამოკვეთილი ჰორიზონტების დასახვის საკითხში,  მისი თქმით ეს ერთადერთია რასაც მოაქვს სულიერი სიმშვიდე, რომელიც აუცილებელია როგორც ნორმალური ოჯახის შესაქმნელად, ასევე ნორმალური საზოგადოების ფორმირებისთვის.

ამ მხრივ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა კიდეც და დროის კატასტროფუული სიმცირის მიუხედავად, გასულ წელს კორპორაცია ,,ევექსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ასევე ამერიკაში მოღვაწე ექიმის – გია ხურციძის ინიციატივით, დასთანხმდა საქართველოში ანესთეზია-რეანიმაციის რეზიდენტურის პროგრამის გაძღოლაზე, რადგან ამ გზით სცადოს მინიმალური წვლილი მაინც შეიტანოს თუნდაც რამდენიმე ახალგაზრდა კოლეგის მაღალი კლასის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

საინტერესოა,  ზურაბ გურულის თვალით დანახული ექიმის პროფესიაც, რომელმაც შესაძლოა ბევრ ჩვენგანში  ნეგატიურ ფიქრები აღძრას, მაგრამ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა პირიქითაც დაგვანახვოს ის, „ადამიანებთან ურთიერთობის უნარები უაღრესად მნიშვნელოვანია წარმატებული პროფესიონალისთვის. ექიმი ერთდროულად დიპლომატიცაა, მენტორიც, მოძღვარიც და იობის მოთმინებით აღჭურვილი უნივერსალური მსმენელიც. ექიმი ეგებება თანამედროვე ადამიანს ამ სამყაროში მოსვლაში და ექიმივე ეხმარება იმავე ადამიანს სხვა განზომილებაში ღირსეულად გადასვლისას. ექიმი ადამიანთა ყველაზე პირადული, გნებავთ პიკანტური, პრობლემების მესაიდუმლე, ადამიანის ცხოვრების ყველაზე უმწეო და მოწყვლად მომენტებში მათი უნივერსალური ადვოკატი და დამცველია, ეს უდიდეს მოვალეობასთან ერთად განსაკუთრებული პრივილეგიაცაა. შესაბამისად, დახვეწილი პროფესიონალი კარგად უნდა ფლობდეს ყველა ამ ხელოვნებას,“  – სწორედ ამგვარად ახასიათებს იგი საკუთარ პროფესიას.

წარმატებული ექიმის კარიერული წინსვლა ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საყვარელი ოჯახის თანადგომა, ,,ჩემმა მშობლებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში, მათ უაღრესად ლიბერალური და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემთან და ჩემს ძმებთან. ჩვენი ურთიერთობა აგებული იყო ე.წ ღირსების კოდზე, რაც ერთმანეთის მიმართ ნდობასა და პატივისცემას ემყარებოდა,“ – აღნიშნა გურულმა, შეიძლება ითქვას, სწორედ ეს პრინციპები დაეხმარა მას პირადი მსოფლმხედველობის სწორად ჩამოყალიბებაში.

გურულის მეუღლე – ქეთი გოგოლი, პროფესიით ექიმ-გინეკოლოგია. მშობლების გზას გაჰყვა უფროსი ვაჟიც, რომელმაც სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით, თავად აირჩია სამედიცინო განათლების პირველი ეტაპი საქართველოში გაევლო და ამჟამად თბილისში, ,,აიეტის“ წარჩინებული სტუდენტია. უმცროსი ვაჟი კი ჯერ სკოლის მოსწავლეა და ისიც თბილისში ასრულებს განათლების პირველ ეტაპს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ოჯახში მეგობრული ატმოსფეროა, შესაბამისად, კიდევ უფრო  საკვირველია, როგორ ახერხებს დროში ასე შეზღუდული ადამიანი, ერთმანეთს ასე ჰარმონიულად შეუხამოს პროფესია და პირადი ცხოვრება, მით უფრო, რომ მისი პიროვნების კიდევ უფრო საინტერესო მხარე სულაც არ უკავშირდება მედიცინას, მაგრამ ესეც პირობითია, რადგან მას პასუხი ამაზეც აქვს.

გურულის საყვარელი ჰობი, რაც უნდა გასაკვირი იყოს,  წერაა. წერს პატარა ჩანახატებს, ნოველებს, პუბლიცისტურ წერილებს, მუშაობს რომანებზეც,  მაგრამ ბოლო დროს ძირითადად თარგმანებითაა გატაცებული. მან თარგმნა ჯალალედინ რუმისა და ჰაფეზის არაერთი ლექსი, მაგრამ მისი საყვარელი მწერალი ყველასთვის კარგად ცნობილი ედგარ ალან პოა, ,,უცნაური მიზიდულობა აქვს ედგარ პოს დაბურულ და აფორიაქებულ მისტიკას; თუ ერთხელ დაემორჩილე, მერე შეგიტყუებს და უსასრულოდ გახეტიალებს არაცნობიერის დემონების მაცდურ და საშიშ ლაბირინთებში,– ასე აფასებს გურული პოს შემოქმედებას. პოს ნაწარმოებების ქართული თარგმანები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მრავალხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ექიმს სურდა საკუთარ ვერსიებიც ჰქონოდა, ზუსტად იმ გრძნობითა და ემოციით დაწერული, რომელიც ორიგინალში წაკითხვისას დაეუფლა,

რატომ რუმი, ჰაფეზი  ან პო? ალბათ ბუნებრივია ეს კითხვა გაგვიჩნდეს, რაზეც ზურაბ გურულმა ასევე საკმაოდ დამაფიქრებელი პასუხი გაგვცა – ,,ჩემი პროფესიის გამო ყოველდღიურად მიწევს განზომილებათა შორის გასასვლელთან ხეტიალი და მათი მისტიკა მეხმარება უკეთ აღვიქვა ჩემი პაციენტების განცდები; ამასთან, თავადაც მჭირდება განტვირთვა და სულიერი სიმშვიდე, რათა უამრავ უარყოფით ემოციას გავუმკლავდე და არ დავითრგუნო“. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ნაშრომებმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელებში, ასევე დროის დეფიციტიდან გამომდინარე,  გამოქვეყნებით ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია.თუმცა, მისი პუბლიცისტური წერილები და მიმოხილვები რეგულარულად იბეჭდება სხვადასხვა გაზეთში.

გასაკვირია ის ფაქტიც, რომ გურულს წერისთვის ძალიან ცოტა დრო სჭირდება, სტატიებსა და ნოველებსაც კი ერთ საათზე მეტს არ ანდომებს და შესაბამისად, ადვილად ახერხებს სამსახურში თუ სახლში, მცირე შესვენების დროს მათ მომზადებას, რაც განტვირთვაში ეხმარება.

,,დოქტრინა“ წარმატებებს უსურვებს ზურაბ გურულს და მისი თარგმანით დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ  პოს გენიალური პოემის – ,,ყორნის“,  მისეულ თარგმანს:

ზუსტად არ ვიცი, თუ რატომ მოვისურვე ამ პოემის თარგმნა. უცნაური მიზიდულობა აქვს ედგარ პოს დაბურულ და აფორიაქებულ მისტიკას…

Posted by Zurab Guruli on Saturday, February 11, 2017

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

დეპრესანტი, როგორც აგრესიისა და თვითმკვლელობის მაპროვოცირებელი

საჭიროების  შემთხვევაში, ექიმები ავადმყოფებს უნიშავენ ტრანკვილიზატორებს (დამამშვიდებელ საშუალებებს). ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი მიღება უსაფრთხოა და თვითნებურადაა შესაძლებელი. ექიმი გარკვეული ვადით ნიშნავს ამა თუ იმ დამამშვიდებელ საშუალებას, ვინაიდან ხანგრძლივი გამოყენება მათზე მიჯაჭვულობას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულ პირებს გამოხატული აქვთ: უმძიმესი ,,აღკვეთის” სინდრომი ( ,,ლომკა”) გაუსაძლისი ტკივილებით; გულყრები, მეხსიერებისა და ყურადღების მკვეთრი დეფექტი, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ძლიერი დეპრესია – ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობით, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა, მეტყველების შენელება და გაღარიბება, აზროვნების დაქვეითება, რაც შესაძლოა ჭკუასუსტობით დამთავრდეს.

საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერების მაღალი დოზები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც კი ძალიან სახიფათოა, მათ შესაძლოა გამოიწვიონ სუნთქვისა და გულის მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა, კომა და სიკვდილი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა ემართება კუჭსა და მის შემოგარენს საღეჭი რეზინის ღეჭვისას?

 ადამიანების დიდი კატეგორიისათვის საღეჭი რეზინის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია – დიახ, მას ნამდვილად ახლავს ,,მიჯაჭვულობის” ეფექტი!

არადა… საქმე იმაზე უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გასტროენტეროლოგები საღეჭი რეზინის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან და მის უზმოზე დაღეჭვას გასტრიტის გაჩენისა და გამწვავების წინაპირობად წარმოგვიდგენენ.
როგორც კი საღეჭი რეზინის ღეჭვას ვიწყებთ, გადამამუშავებელ სისტემას ავტომატურად ეგზავნება სიგნალი – ,,საკვები მოდის”, კუჭიც იწყებს მზადებას, წვენი მზადყოფნაში ჰყავს საჭმლის მისაღებად. ამის მაგივრად, კუჭამდე მხოლოდ ნეწყვი აღწევს, რომელსაც კუჭი ,,ამუშავებს”, რეალურად  კი – ეს ჰაერით გატენილი ნეწყვია და მეტი არაფერი.

რა შედეგები მოჰყვება ამას?
ძირითადად,  მომატებული მჟავიანობა, თქვენი ხმაურიანი მუცელი სწორედ ამის დამსახურებაა.

გარდა ამის –  იწვევს საფეთქლის – ქვედა ყბის სახსრის დარღვევას,  ამიტომ, ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის.

კიდევ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ბაზარი ძირითადად შაქრის შემცველი საღეჭი რეზინებითაა წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია, კარიესის გაჩენის ერთ-ერთ წინაპირობას ქმნის.

რაც შეეხება დადებით თვისებებს, ესეც არ გამოგვრჩეს:

საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა ბუნებრივია, კბილის ჯაგრისს ვერ შეედრება/ ამ დროს, უბრალოდ,  სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ჰალუცინოგენი – უკუჩვენების მქონე მოჩვენებების გამომწვევი ნივთიერება

 ჰალუცინოგენი  ( LSD, ექსტაზი და ა.შ.) ნიშნავს მოჩვენებების გამომწვევს ნივთიერებას. მოჩვენებები გარემოს პათოლოგიურად აღქმაა. ადამიანი ,,ხედავს”, ,,ისმენს”, ,შეიგრძნობს” ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ ხდება. ეს ნივთიერებები აღვევს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას. მათ მიღებას მოჩვენებებთან ერთად თან ახლავს უძილობა, კანკალი, მომატებული მაჯისცემა, არტერიული წნევის ცვლილება, გამძაფრებული სმენა, ყნოსვა და მხედველობა, ეიფორია, უღონობა, თვალის გუგების გაფართოება, კოორდინაციის (წონასწორობის) დარღვევა.

ფართოდ გავრცელებულია მითი, რომ ექსტაზი არ არის ნარკოტიკული ნივთიერება და არ ვნებს ორგანიზმს. ექსტაზი არის ნარკოტიკი, რომლის მოხმარებაც ისევე სახიფათოა, როგორც ყველა დანარჩენის.

LSD-ს, ექსტაზისა და სხვა ჰალუცინოგენების გამოყენება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების დაზიანებას, კიდურების პარალიზებას, ქრონიკულ ფსიქოზებს.

შეუძლებელია, ზუსტი წინასწარმეტყველება იმისა, თუ რომელ ადამიანზე როგორ იმოქმედებს ეს ნივთიერებები: ზოგი პანიკაში ვარდება, სხვები აგრესიული ხდებიან და მათგან ნებისმერი ქცევაა მოსალოდნელი – ძლიერი აგზნება, უკონტროლო აგრესია, თავის მოკვლის მცდელობა და ა.შ.

ნარკოტული ნივთიერებების ერთჯერადმა მოხმარებამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები: ,,წყალში B3 ვიტამინის დამატება გლაუკომისგან დაგიცავთ”

ახალი კვლევის თანახმად, წყალში B3 ვიტამინის დამატება გლაუკომისგან დაგიცავთ.

თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები იუწყებიან, რომ B3 ვიტამინი თვალებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგებმა შესაძლოა  ხანდაზმული ადამიანების იაფ და უსაფრთხო განკურნების მეთოდს მისცეს დასაბამი, რომელიც თვალის წვეთების გამოყენებას ჩაანაცვლებს.

აშშ-ის შტატ მეინის ქალაქ ბარ-ჰარბორიში მდებარე ჯექსონის ლაბორატორიის მკვლევარები გლაუკომასადმი გენეტიკურად მიდრეკილი თაგვების წყალში ვიტამინს ამატებდნენ.

„იმის გამო, რომ თვალის უჯრედები ჯანმრთელი და მეტაბოლურად ძლიერია, მაღალი წნევის პირობებშიც კი, ისინი ზიანის მომტანი პროცესების მიმართ რეზისტენტულები არიან,“- აცხადებს კვლევის ავტორი – დოქტორი პიტ უილიამსი.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ტვინის უჯრედების ენერგიით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ფერმენტის ერთჯერადმა გენურმა თერაპიამ თაგვებში გლაუკომას განვითარება აღკვეთა.

„პაციენტებისთვის, განსაკუთრებით კი, ხანდაზმული პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების ყოველდღიური და სწორი დოზით მიღება არცთუ ისე მოსახერხებელია. ასე რომ, გენური თერაპია შესაძლოა, მკურნალობის ექსკლუზიურ მეთოდად იქცეს.

გლაუკომით მსოფლიოში დაახლოებით 80 მილიონი ადამიანია დაავადებული და ისინი, როგორც წესი, თვალის წვეთებს მოიხმარენ.

გლაუკომას თვალშიდა წნევის მომატება იწვევს, რომელიც ბოჭკოვან ნერვს აზიანებს.

დაავადებას თვალის წვეთებით მკურნალობენ, რაც ზოგჯერ გაღიზიანებას იწვევს და ამის გამო ყველა პაციენტისთვის ხელსაყრელი არაა.

უფრო მძიმე შემთხვევებისას პაციენტს ლაზერულ თერაპიას უტარებენ, რომელიც არცთუ ისე უმტკივნეულო პროცედურაა. რაც შეეხება მკურნალობის კიდევ ერთ მეთოდს – ქირურგიულ ჩარევას, ის ანესთეზიას საჭიროებს.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩიფსი და ტოსტი კიბოს განვითარებას რისკს ზრდის

 

   მეცნიერები გვაფრთხილებენ: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიბოს განვითარების რისკი, პური, ჩიფსი და კარტოფილი ოქროსფერ -ყვითელ და არაყავისფერ შეფერილობამდე უნდა შევწვათ.

სახამებლის შემცველი საკვების მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხნის მანძილზე შეწვისას, მოხრაკვისას, გრილის მომზადებისას წარმოიქმნება ნივთიერება აკრილამიდი, რომელიც კიბოს იწვევს.

სურსათის სტანდარტების სააგენტო (FSA) საზოგადოებას რეკომენდაციას აძლევს, ყურადღებით დაიცვან საკვების მომზადების ინსტრუქცია. FSA-ის ინფორმაციით, არ შეიძლება კარტოფილის მაცივარში შენახვა იმის გამო, რომ დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნილი შაქრის მაღალი დონე პოტენციურად ზრდის აკრილამიდის რაოდენობას.

   რა არის აკრილამიდი – ნიშნავს თუ არა, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ შემწვარ საკვებზე?

აკრილამიდი წარმოიქმნება სახამებლით მდიდარ პროდუქტში, როცა მას 120 გრადუსზე მაღალ ტემპერატურამდე აცხელებენ.

აკრილამიდის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩენილია კარტოფილის „ჩიფსებში“,  შემწვარ კარტოფილში, სიმინდის ბურბუშელაში, ნამცხვრებში, ორცხობილებსა და ყავაში.

აკრილამიდი წარმოიქმნება, მაგალითად, როცა ტოსტს ვამზადებთ. რაც უფრო მუქი ფერისაა ტოსტი, მით მეტია აკრილამიდი. დაბრაწვის პროცესის დროს პურში შემავალი შაქარი, ამინომჟავები და წყალი წარმოქმნიან ფერსა და აკრილამიდს- ისევე, როგორც გემოსა და არომატს.

სურსათის სტანდარტების სააგენტო აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ზუსტად გარკვეული არაა, რა რაოდენობის აკრილიკის მიღება შეუძლიათ ადამიანებს, თუმცა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მას ზედმეტი რაოდენობით ვღებულობთ და გვირჩევს, საკვების მომზადების წესში ცოტაოდენი ცვლილება შევიტანოთ:

სახამებლის შემცველი საკვები, პური, კარტოფილი და ფესვოვანი ბოსტნეული მხოლოდ ოქროსფერ-ყვითელ შეფერილობამდე უნდა შევწვათ ან გამოვაცხოთ.

უმი კარტოფილი არა მაცივარში, არამედ ბნელ გრილ ადგილას უნდა შევინახოთ.

ვიკვებოთ სწორად ანუ ყოველდღიური რაციონი ხუთ ულუფა ბოსტნეულსა და ხილს უნდა შეიცავდეს.

  რა რისკებს წარმოქმნის აკრილიკის მიღება?

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული ნივთიერება დნმ-ისთვის მომწამვლელია და კიბოს იწვევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგივეა ადამიანების შემთხვევაშიც, თუმცა, საბოლოო მტკიცებულება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

აკრილამიდი ზრდის კიბოს რისკს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნევრულ და რეპროდუქციულ სისტემებზე. თუმცა ეს დამოკიდებულია მიღებული აკრილამიდის რაოდენობაზე. მწეველი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით ოთხჯერ მეტი აკრილამიდია, ვიდრე არამწეველისაში, ვინაიდან თამბაქოს კვამლი აღნიშნულ ნივთიერებას შეიცავს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება ნივთიერება აკრილამიდის შესახებ იმისათვის, რომ ადამიანებმა აღნიშნულ ნივთიერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ და, შესაბამისად, მისი მოხმარების დონე შეამცირონ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 91
Page 22 of 91