დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არაბეთის უდაბნო უბრალოდ გამოუსადეგარი, მშრალი და მკაცრი ტერიტორია იყო, თუმცა ბოლო წლების არქეოლოგიურმა და პალეოგეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ეს წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა აფრიკიდან აზიისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი მიგრაციული დერეფანი ყოფილიყო.
განსაკუთრებულად საინტერესოა ე.წ. „მწვანე არაბეთის“ პერიოდები — ისტორიული ეპიზოდები, როდესაც კლიმატური ცვლილებების შედეგად არაბეთის ნახევარკუნძული თანდათან იცვლებოდა, სწორედ ამ პერიოდთანაა მიგრაციული ნაკადები დაკავშირებული.
ბოლო წლებში აღმოჩენილი ქვის იარაღები, ცხოველებისა და ადამიანების ნამარხები, ასევე გამოშრალი უძველესი ტბების კვალი მოწმობს, რომ ადრეული ადამიანური სახეობები, მათ შორის Homo sapiens, მართლაც გადიოდნენ ამ გზას ათიათასობით წლის წინ. ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არაბეთის შიდა ტერიტორია მნიშვნელოვანი იყო მათთვის, როგორც ტრანზიტული გზა, ისე დროებითი საცხოვრებელი.
კვლევებმა აჩვენა, რომ „მწვანე არაბეთის“ ფაზები განმეორებითი იყო და ადამიანებმა ნახევარკუნძული არაერთხელ გადაკვეთეს ან დროებით დაიკავეს. ეს კი ადასტურებს, რომ ეს რეგიონი მიგრაციის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი არ ყოფილა — ის ასევე ფუნქციონირებდა, როგორც საცხოვრებელი სივრცე.
„არაბეთის ნახევარკუნძული არ იყო უბრალოდ გადასასვლელი წერტილი — ის სიცოცხლის უნარიანი, დინამიკური ლანდშაფტი იყო ჩვენი სახეობის ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი.
კვლევების გაგრძელების პარალელურად, არაბეთის უდაბნო სულ უფრო მეტად განიხილება არა როგორც ცარიელი და მკვდარი სივრცე, არამედ როგორც მნიშვნელოვანი და რთულად მოწყობილი გარემო, რომელმაც მიგრაციულ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”