ოდესმე დაფიქრებულხართ, რომელი ქვეყანა შეძლებს მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას სრულიად დამოუკიდებლად, თუკი გლობალური ვაჭრობა შეჩერდება?
ახალი კვლევის ფარგლებში გერმანელმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა 186 სახელმწიფოს საკვების წარმოება შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თვითკმარი რესურსები მათგან მხოლოდ ერთს აქვს. ეს გაიანაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ამ რესურსებში იგულისხმება საკვების ის 7 უმნიშვნელოვანესი ჯგუფი, რომლებიც ჯანსაღი რაციონისთვისაა აუცილებელი:
- პარკოსნები, თხილეული, თესლები;
- ნახშირწყლოვანი პროდუქტები;
- რძის პროდუქტები;
- თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები;
- ხილი;
- ხორცი და ხორცპროდუქტები;
- ბოსტნეული.
გაიანას შემდეგ სიაში ჩინეთი და ვიეტნამია. ამ ქვეყნებში 6 კატეგორიის საკვები საკმარისი რაოდენობით იწარმოება იმისთვის, რომ პოპულაციის საჭიროება დააკმაყოფილოს. 5 ან მეტი კატეგორიის საკვები ყოველი 7 სახელმწიფოდან ერთს აქვს, მესამედს კი — 2 ან ნაკლები. ავღანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, მაკაო, კატარი და იემენი არცერთ კატეგორიაში არაა თვითკმარი
ქვეყნების მაჩვენებლები სხვადასხვა კატეგორიის საკვების მიხედვით.
ფოტო: Stehl et al., Nat. Food., 2025
საინტერესოა, რომ ქვეყნების გაერთიანებებმაც ასეთი შედეგები აჩვენა. მაგალითად, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოები მხოლოდ ხორცის რესურსითაა თვითკმარი; დასავლეთ აფრიკასა და კარიბის რეგიონში არსებული გაერთიანებები ორ კატეგორიას აკმაყოფილებს და არცერთი ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არ იწარმოება იმდენი ბოსტნეული, რომ მთლიან პოპულაციას ეყოს.
ამ რესურსების მარაგის შესავსებად ქვეყნების უმეტესობა ვაჭრობას ეყრდნობა. მათთვის ხშირად ძირითადი მომწოდებელი ერთი სახელმწიფოა, საიდანაც იმპორტირებული პროდუქტების ნახევარი შესდით. შესაბამისად, საბაზრო საფასურის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართ ეს ქვეყნები განსაკუთრებით მოწყვლადია, რაც უფრო ფართორეგიონული ვაჭრობების აუცილებლობას ცხადყოფს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Food გამოქვეყნდა.