close

განათლება

განათლებასაქართველო

კოლეჯ „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული განათლების უპირატესობები საქართველოში

  საქართველოში არსებობს კოლეჯები, რომლებიც სტუდენტებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პერსპექტიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კოლეჯი -„სპექტრი“. კოლეჯის შესახებაც მის კურსადმთავრებულს – არჩილ გობეჯიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა სწორედ აქ შეესწავლა ხის მხატვრული დამუშავება, სულ მოკლე ხანში კი მისი საგანმანათლებლო პროექტი  ხის „ჭკიანი დაფა“ „პროფესიული განათლების ჰაკათონის“ გამარჯვებული გახდა.

არჩილ, როგორც ვიცი, კოლეჯში მას შემდეგ ჩააბარეთ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრეთ და თან მუშაობდით, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასე რადიკალურად შეგეცვალათ არჩეული საქმიანობა?

-კოლეჯ „სპექტრში“ 2016 წელს ჩავაბარე, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან მინდოდა შემესწავლა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობა – ხის მხატვრული დამუშავება. ეს გადაწყვეტილეება ცოტა უცნაური აღმოჩნდა ჩემი მეგობრებისა და ოჯახისთვის, თუმცა მე მქონდა ამის მიზეზი, ვფიქრობ, რომ ახალი პროფესიის შეძენა არასდროს არის გვიანი და ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც აინტერესებს და რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებს. ამ მხრივ კოლეჯმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა, ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრის სწავლა მოვასწარი, რაშიც უდიდესი წვლილი ჩემს პედაგოგს – ბატონ ილია ჯიხოშვილს მიუძღვის.

თქვენ პირადად როგორ შეაფასებთ იმ პირობებს, რასაც ეს კონკრეტული კოლეჯი უქმნის სტუდენტებს?

-„სპექტრში“ ყველა ის ხელსაწყო და ჩარხ-დანადგარი დამხვდა, რაც საჭიროა ამ საქმის შესასწავლად, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური დანადგარებიც. სიმართლე გითხრათ, დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც მოულოდნელი იყო ასეთი დახვეწილი გარემო. კოლეჯს ჰყავს ძალიან ძლიერი დირექცია და ადმინისტრაცია. „სპექტრის“ დირექტორი – ბატონი მათე ტაკიძე, ძალიან ბევრს აკეთებს პროფესიული განათლების  განვითარებისთვის და დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტებს, მან სწავლის დაწყების პირველივე დღეს გაგვიცნო და ამ დღის შემდეგ ყველა ჩვენს პროექტსა და ინიციატივას უდგას გვერდში, ისევე როგორც მთლიანად კოლეჯის ხელმძღვანელობა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ,,სპექტრი“ ის ადგილია, სადაც დირექტორიდან დაწყებული დაცვის თანამშრომლით დამთავრებული ყველა გულშემატკივრობს სტუდენტებს.

-რით გამოარჩევდი „სპექტრს“  საქართველოში არსებული სხვა კოლეჯებისგან და რა აქტივობებით არიან დაკავებული კოლეჯის სტუდენტები?

-„სპექტრში“ ხშირად იმართება სხვადასხვა სტუდენტური აქტივობა, ნიჭიერი და ხელოვანი სტუდენტებისთვის ტარდება სპეციალური საღამოები, გამოფენები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, აქ სრულად ადაპტირებული გარემოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ყველა სტუდენტის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. კოლეჯი ძალიან ბევრ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და რაც მთავარია, ყველა წარმატებულ სტუდენტს სწავლის დამთავრების შემდეგ ეხმარება სასურველი სამსახურის დაწყებაში. პირადად მე, კოლეჯის შუამდგომლობით, დაახლოებით ათმა სხვადასხვა ორგანიზაციამ შემომთავაზა სამსახური.

-რა პერიოდს მოიცავს კოლეჯში არსებული სასწავლო კურსი და როგორ შეუძლია მსურველს აქ დარეგისტრირება?

-მომავალი სასწავლო წლის რეგისტრაცია ოქტომბრის თვეში დაიწყება და განაცხადის შესატანად ცხრაწლიანი სასკოლო განათლებაც საკმარისია. მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და მარტივი გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეუდგებიან არჩეული პროფესიის დაუფლებას. ყოველწლიურად, კოლეჯში წარმოდგენილ 25 პროფესიული პროგრამის ფარგლებში 1200 სტუდენტზე მეტი იღებს განათლებას. – სასწავლო კურსი რვათვიანია და ამ დროის განმავლობაში მსურველებს შეუძლიათ საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიებიდან (იხ. დანართი) დაეუფლონ ერთ-ერთს.

-საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებელი ვერ უწევს კონკურენციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს,  თქვენ როგორც ორივე ტიპის სასწავლებლის კურსდამთავრებული, როგორ შეაფასებდით  არსებულ მდგომარეობას?

-დღესდღეობით, აბიტურიენტების დიდი ნაწილი უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საკმაოდ დიდ თანხას იხდის კერძო მასწავლებლებთან,  უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული, როცა, რეალურად, კურსის დასრულების შემდეგ, ძალიან რთულია განათლების შესაბამისი სამსახურის შოვნა, რადგან არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ერთგვარად ტრენდულია და შესაბამისად, ამ კუთხით არსებული კადრების გადამეტებული რაოდენობის გამო ახალგაზრდა იძულებულია სხვა პროფესიით იმუშაოს, უკიდურეს შემთხვევაში კი უმუშევარი რჩება. ეს ყველაფერი მე ჩემს თავზე გამოვცადე და ერთი დღეც არ მიმუშავია უმაღლეს სასწავლებელში მიღებული პროფესიით. კოლეჯის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო, მარტივად ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ჩემი სწავლა მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა და  ნაყოფიერი რვათვიანი სწავლის შემდეგ, ჩემი გატაცება და ჰობი გადაიქცა ჩემსავე პროფესიად. სწავლის დამთავრების მეორე დღესვე დავსაქმდი და ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამომავლო გეგმებიც მაქვს.

ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს არჩილს და დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კოლეჯ „სპექტრის“ Facebookმისამართს:

https://www.facebook.com/spectri/

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება

ციფრული უნარების განვითარება და ონლაინდასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამა იწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების საშუალებას მისცემს.

უნიკალური პროექტი კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება.

ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში. ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინსწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე” შექმნა. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინსივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის – ,,freelancer.com”-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ ,,საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

 

წყარო:  http://www.economy.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოამსოფლიო

ქალი, რომელმაც დოქტორის ხარისხი 90 წლის ასაკში დაიცვა

90 წლის ასაკში კოლიტ ბაურლერმა ფრანკოს (Université de Franche-Comté) უნივერსიტეტის გეოგრაფიის  დოქტორანტურის  ხარისხი დაიცვა.

დისტერტაცია ემიგრაციას ეხება –   მან თავდაპირველად  30 წლის წინ საფრანგეთში მყოფი ემიგრანტების მდგომარეობა შეისწავლა, ძირითადად, ალჟირელების, იტალიელებისა და პორტუგალიელების და პარალელები დღევანდელ ევროპულ მიგრანტულ კრიზისზე გაავლო.

ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ კი –  უმაღლესი საგანმანათლებლო ხარისხი დაიმსახურა. დისერტაცია 400-გვერდიანია და 90 წლის ქალბატონმა ის საკუთარი ხელით დაწერა.  როგორც უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი იხსენებს, ქალბატონი კოლიტი ორი საათის განმავლობაში უხსნიდა აკადემიურ საბჭოს თავისი მუშაობისა და კვლევის მნიშვნელობას. გასაუბრების დამთავრების შემდეგ 90 წლის ქალბატონი ძალიან კმაყოფილი გამოვიდა და აღნიშნა, რომ თავს ძალიან ენერგიულად გრძნობდა.

ახლა ქალბატონი კოლიტი დამსახურებულ დასვენებას გეგმავს.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

წყარო: www. nytimes.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

სტუ-ში მედიატექნოლოგიების ახალი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  მედიატექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედიაბაზრისთვის (და არამარტო) დიდი მოთხოვნის მქონე პროდუქტები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაბორატორიაში დამონტაჟებულია მსოფლიო დონის 3დ სტერეოსკოპული აგრეგატი (Rig), რომელიც ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ, რუსთაველის ფონდის მირ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნა.

 

წყარო: http://mes.gov.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებატექნოლოგიები

დისტანციური განათლების სისტემა და მისი უპირატესობები

 

დისტანციური განათლების სისტემა სწავლების ახალი, თანამედროვე ფორმაა, რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევს, ცოდნა სასწავლო დაწესებულებაში მისვლის გარეშე მიიღონ. დისტანციური განათლების მეშვეობით შესაძლებელია, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტების გადამზადების კურსების, ისე ცნობილი უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამების დაუფლება.

განათლების ახალი დარგის განვითარება დაკავშირებულია ისეთი თანამედროვე სისტემების წინსვლასთან, როგორიცაა: ვიდეოკონფერენცკავშირი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, ტელევიზორი, კავშირგაბმულობა და ა.შ. ჩამონათვალიდან დისტანციურ განათლებაში ყველაზე აქტიურად ვიდეოკონფერენცკავშირის სისტემები გამოიყენება. აღნიშნული სისტემის უპირატესობა სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ის არის, რომ მისი დახმარებით უფრო მეტი და მრავალფეროვანი დამატებითი მომსახურებების შეთვაზებაა შესაძლებელი, მათ შორის: პროფესიული „ტრენინგების“ ჩატარება, საქმიანი თამაშის ორგანიზება, დისტანციური ტესტირება, გამოცდების ჩაბარება, ცოდნის ოპერატიული კონტროლი და სხვა.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

,,University World News-ი” კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ,,უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის”(IAUP) პრეზიდენტი გახდა.

46 წლის შენგელია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი 36 წლის ასაკში გახდა, IAUP-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება. სხადასხვა დროს ის იყო თბილისის მერის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ონლაინგამოცემა ,,Universityworldnews-თან” ინტერვიუში კახა შენგელიამ ისაუბრა იმაზე, თუ რა ამოცანები დგას მის წინაშე გლობალური, პოლიტიკური, ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში.

UWN: რა მიგაჩნიათ უნივერსიტეტის ლიდერების მთავარ გამოწვევად მომავალი სამი წლის განმავლობაში?

შენგელია: ტექნოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო ბევრი გაურკვევლობა არსებობს.

ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ყველაზე ცუდი სცენარი და ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესდება და მსოფლიო გახდება უფრო დაცული. თუმცა ამჟამად, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ან შეერთებულ შტატებში წასვლა უსაფრთხო არაა. ბრექსტი და [აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი გავლენას ახდენს სტუდენტებისა და ფაკულტეტების გადაადგილებაზე მსოფლიო მასშტაბით.

მეორე გამოწვევა არის ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს უნივერსიტეტებზე. IAUP-ის იაპონელმა პრეზიდენტმა  [ტოკიოს JF Oberlin University-ის კანცლერის ტოიოში სატოუს პრეზიდენტობის პერიოდში] IAUP აზიაში მყარი საფუძველი მოუმზადა, განსაკუთრებით იაპონიაში, სამხრეთ კორესა და ტაილანდში – მე ამ პროცესს გავაგრძელებ და გავაძლიერებ დიალოგს ამ ტემპის აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ასამაღლებლად.

აფრიკულ ქვეყნებს უფრო მეტი რესურსი სჭირდებათ, მეტი შესაძლებლობების განვითარება, მეტი ყურადღება, მეტი განვითარება, მეტი რჩევა და ა.შ.

UWN: რა არის თქვენი პრეზიდენტობის თემა?

შენგელია: ჩემი პრეზიდენტობისა და IAUP- ის ვენის კონფერენციის თემაა ინოვაცია და განათლება.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლისთვის, უნდა გავარკვიოთ, თუ რა ინდუსტრიაა მოსალოდნელი განათლებისგან და უმაღლესი განათლება ინდუსტრიას უნდა დავუკავშიროთ.

25 -40 წელიწადში ტიპური უნივერსიტეტი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა. ვერ შევძლებთ ზუსტად ის ვაკეთოთ, რასაც 25-30 წლის და თუნდაც, 5 წლის წინ ვაკეთებდით. თეორია საკმარისი არ არის – უნდა გვქონდეს თეორიისა და პრაქტიკის კომბინაცია. თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე უნდა შევქმნათ რაღაც ახალი.

რა სურთ სტუდენტებს უნივერსიტეტებისგან? მათ სურთ ცოდნა, დიახ, მაგრამ ცოდნის შემდეგ მათ სურთ სამუშაო ადგილები. იმისთვის, რომ მათ სამუშაო ადგილები ჰქონდეთ, უნდა უზრუნველყოთ რეალური სწავლა და რეალური განათლება თქვენს უნივერსიტეტში, იმ დონემდე, რაც მრეწველობას სურს.

ვფიქრობ, რომ აქამდე მისვლას ვაგვიანებთ. უნივერსიტეტებში სამ წლიანი თუ ოთხ წლიანი სწავლის პერიოდში დროს ვკარგავთ, ვინაიდან თავს ვერ ვართმევთ სწრაფ ცვლილებებს, რომელიც განათლებასა და მსოფლიოს მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში ხდება. თავს უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ეს წლები დავკარგოთ.

როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტს ამთავრებენ, მზად უნდა იყვნენ, ნებისმიერ ინდუსტრიაში დაიწყონ მუშაობა. მიუხედავად ამისა, ბევრ უნივერსიტეტს მსოფლიოში არ აქვს ინტერნეტი საკლასო ოთახებში და არ აქვს არაფერთან წვდომა, გარდა საკლასო ოთახში მყოფი პროფესორისა ან მასწავლებლისა.

ამდენად, განათლება მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში უნდა იყოს ნომერ პირველი – მთავრობებისა და საზოგადოებისთვის.

დღეს შეგიძლიათ ლონდონში ან ოქსფორდში, ან აქ, საქართველოში ისხდეთ და ინტერნეტის, ელფოსტის ან ელექტრონული სწავლების პლატფორმის საშუალებით მსოფლიოს საუკეთესო ლექტორებზე გქონდეთ წვდომა.

UWN: თქვენ ცალსახად საქართველოში ხართ, რუსეთთან 2008 წლის ომი და შემდგომ ოკუპაცია. რა გასწავლათ ამან ისეთი, რაცონფლიქტის ზონებში მდებარე სხვა უნივერსიტეტის ელმძღვანელებს დაეხმარება?

შენგელია: საქართველო ჯერ კიდევ ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ჩვენი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსული ტანკების მიერაა ოკუპირებული. იმედია, უახლოეს მომავალში რუსები წავლენ.

უმაღლესი განათლება არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ გაყოფილი ქვეყანა გააერთიანოთ. როგორც IAUP-ის პრეზიდენტი, მე ვაწარმოებ რუსულ უნივერსიტეტებთან დიალოგს, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს სულაც არ მიხარია. მაგრამ ჩემი პირადი აზრი უნდა იყოს განსხვავებული [IAUP- ის როლიდან] და მე უნდა გავაძლიერო IAUP-ი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთსა და უკრაინაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში და ყველგან.

თუ ჩვენ შევძლებთ ორივე მხარის განათლებით ჩართვას, ამან შესაძლოა უმკურნალოს იმ ჭრილობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და უკრაინელებს აქვთ. სხვათა შორის, ჩემს უნივერსიტეტში მშვიდობის ინსტიტუტს ვაშენებთ, რომელიც  ევროპის კავშირის მიერაა დაფინანსებული.

შეგვიძლია დავანახვოთ მსოფლიოს: მიუხედავად იმისა, რომ რუსული პოლიტიკა და რუსეთის ჩვენ ქვეყანაში ყოფნა არ მოგვწონს, შეგვიძლია მოვძებნოთ საერთო ენა, ვისაუბროთ განათლებაზე, რომელიც  გვაერთიანებს და არ გვყოფს.

რუსეთი საქართველოში არცთუ ისე ძალიან უყვართ, მაგრამ ის ჩვენი მეზობელია, მოგვწონს ეს თუ არა, და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ენა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთის შესახებ, ვინაიდან ჩვენ სხვაგან ვერ გადავალთ და საჭიროა ვიცოდეთ, რას ფიქრობს რუსეთი ჩვენზე და რას აპირებს ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით.

მუდმივად უნდა ვურთიერთობდეთ მათთან ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად. ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო განვითარებული უნდა ვიყოთ, უფრო დემოკრატიული საზოგადოება უნდა გავხდეთ და ეს მათთან მშვიდობის შესახებ საუბარს გაგვიიოლებს.

უნივერსიტეტების პრეზიდენტებს პატივს სცემენ. იმის თქმა, რომ უნივერსიტეტის პრეზიდენტი ხარ, ბევრს ნიშნავს თვით ქვეყნის პრესზიდენტისთვის, სამინისტროსთვის და საზოგადოებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა.

არა მხოლოდ უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით, არამედ ისეთ პრობლემებთან, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვას, ტერორიზმს, ან უსაფრთხოებას ეხება, ჩვენ ჩვენი სათქმელი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები არ ვართ. ასე რომ ჩვენ სიტყვას ცვლილების მოხდენა შეუძლია.

UW: IAUP-ის ბევრი წევრი ლტოლვილი სტუდენტებისა და მკვლევარის მიმღებია. რა გავლენას ახდენს ლტოლვილითა კრიზისი გლობალურ უნივერსიტეტებზე?

შენგელია: ლტოლვილთა კრიზისი ევროპული საზოგადოების დიდი საკითხია. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტთან, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის.

ამ პროცესში ჩართულია ბევრი IAUP უნივერსიტეტი და ჩვენ ვზრუნავთ პროფესორებზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სირია, ირანისა და ავღანეთი და ამ დახმარების გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ.

 

წყარო: http://www.universityworldnews.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

,,ინგლისური ყველასათვის” – სტუდენტი გოგონას პროექტი ინგლისურის შემსწავლელთათვის

 სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა  ვიდეოგაკვეთილების სერია ,,ინგლისური ყველასათვის“, რომლის ავტორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი თაკო ბაქრაძეა. თაკომ წამოწყება უკვე ონლაინპლატფორმადაც აქცია და სულ მცირე პერიოდში შეძლო ხალხის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო. პროექტის შესახებ თაკოს გავესაუბრეთ.

ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში მასწავლებლის პროფესია ჯერაც არ მიიჩნევა პრესტიჟულად და ახალგაზრდა თაობა, როგორც წესი, განსხვავებულ პროფესიულ ხაზს არჩევს ხოლმე. თუმცა, არსებობენ ისეთი გამონაკლისები, როგორიცაა თაკო ბაქრაძე, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება სწორედ პედაგოგიური საქმიანობისთვის დაეკავშირებინა და რამდენიმე თვის წინ შექმნა ონლაინპლატფორმა ,,ინგლისური ყველასათვის“, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისური ენის სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს.

სტუდენტობა ის პერიოდია, როცა საკმაოდ რთულია ფიქრი სამომავლო გეგმებზე, ხშირად ჩნდება უკმაყოფილების გრძნობაც გარესამყაროსადმი, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს არ იძლევა პიროვნული თუ პროფესიული ზრდის საშუალებას, რაზედაც თაკო გულღიად გვესაუბრა – ,,ადამიანებს ზოგადად გვახასიათებს წუწუნი, ამ მხრივ არც ჩვენი თაობაა გამონაკლისი, ხშირად მსმენია, რომ უნივერსიტეტი ან სახელმწიფო არ გვიქმნის სათანადო გარემოს განვითარებისთვის. სინამდვილეში კი, როცა სტუდენტი ხარ, უკვე გაქვს ყველა პირობა ამისთვის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ რესურსზე მიგიწვდება ხელი, ვგულისხმობ, წიგნებს, ლექტორების ცოდნასა და გამოცდილებას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს განვითარება სურს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ყველაფერი გამოუვა. უნივერსიტეტის დადანაშაულება ადვილია, თვითდისციპლინა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა კი რთული“.

,,ინგლისური ყველასათვის” აერთიანებს სხვადასხვა გრამატიკულ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც ამ საკითხების გამეორება ან სწავლა სურს. ამასთანავე, აქვე შესაძლებელია გაეცნოთ სახალისო ვიდეოებს ზოგადი სასაუბრო ინგლისურისთვის საჭირო ინფორმაციით, იქნება ეს  იდიომები თუ ფრაზული ზმნები. იმისთვის, რომ მაყურებელს სწავლის პროცესს გაუადვილდეს ვიდეოებს დართული აქვს ტექსტებიც.

პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თაკო, რომელიც ჯერჯერობით მარტო ართმევს თავს ამ ამოცანას, ითვალისწინებს მსმენელების თხოვნებსაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესთავაზოს მას თავისთვის სასურველი გაკვეთილის თემა, ,,ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს რამეს უხსნი და იგებს, როცა რამეში ეხმარები, როცა შენს გამოცდილებას უზიარებ და იცი, რომ ეს მის ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ჩემთვის ასწავლო სხვას, ნიშნავს გახადო მისი და საკუთარი ცხოვრება უკეთესი,“ – აღნიშნავს თაკო.

რაც შეეხება პროექტის შექმნის იდეას, თაკოს ოჯახთან ერთად  გაუჩნდა სურვილი, მსგავსი რამ განეხორციელებინა, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და როგორც თაკო აღნიშნავს, რომ არა ოჯახის, კერძოდ კი ძმის – გიორგი ბაქრაძის დახმარება პლატფორმა დღეს ვერ იარსებებდა, რადგან მან სწორედ მისი დახმარებით შეძლო გადაღებებისთვის საჭირო აპარატურის შეძენა, მოგვიანებით კი ვებგვერდის შექმნაც.

სამომავლოდ თაკო გეგმავს კიდევ ერთ საინტერესო პროექტს, რომელიც ძირითადად აბიტურიენტებზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გრამატიკული საკითხები ამოიწურება, პლატფორმა თემატურად უფრო მრავალფეროვანი გახდება და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებსაც შეეხება.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ სასწავლო გვერდის მისამართს:

Facebook: https://www.facebook.com/inglisuri.yvelasatvis/

Page:  http://abz.ge/eng/

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიო

ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტები – „როიტერსი“ 2017 წლის რეიტინგს აქვეყნებს

ევროპის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ჰაბები დიდ გავლენას ახდენენ ისეთი დიდი დედაქალაქებიდან, როგორიცაა – ლონდონი, ბერლინი და პარიზი. მაგრამ რამდენად საკვირველადაც უნდა ჟღერდეს, ევროპული ინოვაციების გული პატარა ქალაქში, ჰოლანდიურ ენაზე მოსაუბრე ფლანდრიელთა რეგიონში მდებარეობს.

სწორედ ეს გახლავთ სააგენტო „როიტერსის“ ყოველწლიური რეიტინგის – ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტების დასკვნა. რეიტინგი განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარებაში, ახალი ტექნოლოგიების გამოგონებასა და გლობალური ეკონომიკის მართვაში.

რეიტინგში, რომელიც 100 საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს, პირველ ადგილს იკავებს ბელგიის KU Leuven. ეს გახლავთ თითქმის 600 წლის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პაპ მარტინის V- მიერ არის დაარსებული, მაგრამ დღესდღეობით ტექნოლოგიის ცოდნა თეოლოგიის ცოდნაზე მეტად აქტუალურია : KU Leuven პლანეტის ერთ-ერთ უდიდესი დამოუკიდებელი კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის ტიტულს ინარჩუნებს. 2015 წელს უნივერსიტეტის კვლევის ხარჯებმა 454 მილიონ ევროს გადააჭარბა და მისი პატენტის პორტფელი ამჟამად 586 აქტიურ ოჯახს მოიცავს, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს დაცულ გამოგონებას არაერთ ქვეყანაში.

ევროპაში მეორე ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი არის ,,Imperial College London-ი”, რომლის მეცნიერები დაკავშირებული არიან პენიცილინის აღმოჩენასთან ჰოლოგრაფიის განვითარებასა და ბოჭკოვანი ოპტიკის გამოგონებასთან. კემბრიჯის უნივერსიტეტი, რომელიც 800 წლიანი ისტორიის მანძილზე ნობელის 91 ლაურეატს ითვლის, რეიტინგში მესამე აგილს იკავებს. მეოთხე ადგილზეა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც 1990 წლიდან 800-ზე მეტი კომპანია გააფართოვა, მათ შორის სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური სტარტაპი.

რეიტინგის 100 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 23 გერმანიის უნივერსიტეტია. მეორე და მესამე ადგილს კი 17 -17 საგანმანათლებლო დაწესებულებით გაერთიანებული სამეფო და საფრენგეთი იკავებენ.  თუმცა სამივე ეს ქვეყანა კონტინენტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და მდიდარ ქვეყნებადაც ითვლება.

ირლანდიის რესპუბლიკა რეიტინგში მხოლოდ სამი სკოლითაა წარმოდგენილი, თუმცა 5 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ქვეყნისთვის ეს იმაზე ორჯერ კარგი შედეგია, ვიდრე ტოპ სამ ქვეყანას აქვს. ამავე ფაქტორის (ერთ სულ მოსახლეზე) გათვალისწინებით, მეორე ადგილს იკავებს დანია, შემდეგ მოდის – ბელგია, შვეიცარია და ნიდერლანდები.

იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკურ ფაქტორზეც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2016 წელს გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 349 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, რაც 11-ჯერ აღემატება ირლანდიის მაჩვენებელს – 307 მილიარდ დოლარს. რეიტინგში წარდმოდგენილი გერმანული საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვი კი ირლადიურს მხოლოდ 7-ჯერ აღემატება.

 აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, რომელიც ეკონომიკის სიდიდის მხრივ მეხუთე ადგილს იკავებს რეგიონში, რეიტინგში არცერთი უნივერსიტეტით არაა წარმოდგენილი. რეიტინგში არ შედის არცერთი უკრაინული და რუმინული უნივერსიტეტი.

ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერისტეტების რეიტინგი „როიტერსმა“ Clarivate Analytics-თან თანამშრომლობის შედეგად  გამოავლინა. Clarivate Analytics-მა 600 გლობალური ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია შეისწავლა და ის საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოავლინა, რომლებსაც 2010-2015 წლებში მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში სულ მცირე 50 პატენტი ჰქონდათ წარდგენილი. შემდეგ თითოეული კანდიდატი 10 სხვადასხვა განზომილებით, აკადემიურ ნაშრომებსა და წარდგენილ პატენტებზე დარდნობით შეაფასეს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკულტურასაქართველო

ქალაქ დუშეთის ურბანული განვითარება ეკონომიკური ზრდისთვის

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი დუშეთი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა, იგი ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს და უდიდეს კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს ეროვნულ დონეზე. კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის ქ. დუშეთში არაერთი პროექტი ხორციელდება, თუმცა ყველაზე მასშტაბურია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროექტი – „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS). საქართველოდან ერთ-ერთ საპილოტე ქალაქად დუშეთი შეირჩა. პროექტში, აგრეთვე, ჩართულია: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქები. ადგილობრივ დონეზე პროექტის მენეჯერი დუშეთის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილია.

აღსანიშნავია, რომ უკვე გაიმართა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, მაგალითად, ფოტოკონკურსი – ,,გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა”, აგრეთვე, გამოცხადებულია ახალი ლიტერატურული კონკურსი – ,,ჩემი ქალაქის ამბები” – მთავარი მიზანია ქალაქის უნიკალური ადგილების, ლეგენდების, ადგილობრივი ტრადიციების, საინტერესო ისტორიებისა და გამორჩეული ადამიანების აღმოჩენა, გაცნობა და განვითარება.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში შერჩეულია რამდენიმე ობიექტი, რომელიც განსაკუთრებული კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული ფასეულობით გამოირჩევა, მათ შორისაა: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გეოფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორია, ქალაქის ისტორიული უბანი და ა.შ.

,,პროექტის ფარგლებში, რასაკვირველია, გამოიკვეთა არაერთი პრობლემა. კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობის გაცნობიერება, თემის ჩართულობა და, ზოგადად, ურბანული განვითარება მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ზრდისთვის. უკვე გაიმართა რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც, თავისთავად, ხელს უწყობს მოქალაქეთა ინტერესის გაღვივებას კულტურის სფეროში. აღსანიშნავია ისიც, რომ დუშეთი გახდა მსოფლიო ისტორიული ქალაქების ასოციაციის წევრი” – ,,დოქტრინასთან” საუბრისას აღნიშნა ბექა ღარიბაშვილმა.

პროექტი 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
განათლება

საგრანტო კონკურსი სასკოლო ინიციატივების დასაფინანსებლად

საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი:
18.04.2017

29.05.2017

საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს ისეთი კრეატიული და ინოვაციური სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც გაზრდის სკოლის როლს ადგილობრივი თემის ცხოვრებაში. ხელს შეუწყობს, რომ სკოლა გახდეს სათემო ცენტრი, რომელიც თემის სხვადასხვა წევრებს  სხვადასხვა სერვისებს და საგანმანათლებლრო პროგრამებს მიაწვდის, ხელს შეუწყობს მოსწავლეების სკოლის და სკოლის თემის ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, შექმნის ისეთ გარემოს, სადაც წახალისებული იქნება მოსწავლეების, მშობლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა – ჩართულობა.

კრეატიული და ინოვაციური სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც გაზრდის სკოლის როლს სასკოლო თემის ცხოვრებაში.

საგრანტო პროგრამას არ აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტი. მთავარი მოთხოვნა ყველა საგრანტო იდეის მიმართ იქნება ის, რომ შემოთავაზებული საპროექტო იდეები იყოს კრეატიული და ინოვაციური თავისი შინაარსით.

რა არის კრეატიულობა და ინოვაცია?

კრეატიულობა, ეს არის რაიმე სიახლის მოფიქრება. ინოვაცია არის ამ სიახლის ცხოვრებაში განხორციელება. კრეატიულობა = იდეა, ინოვაცია = იდეა + მოქმედება. კრეატიულობა არ ნიშნავს ინოვაციას. თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი კარგი, განსხვავებული და შთამბეჭდავი იდეა გქონდეთ, მაგრამ ეს იდეა ვერ იქნება ინოვაციური, მანამ ის არ განხორციელდება.

ყველა წარმოდგენილი იდეა უნდა ითვალისწინებდეს სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მათი მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობას. პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ იდეებს, სადაც ნათლად ჩანს სკოლის, მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა.

საჯარო და კერძო სკოლებს საქართველოს მასშტაბით.

კონსულტაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართება ონლაინ, 15 მაისს, 4:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/civicinitiatives

ჩვენი წარმომადგენელი გააკეთებს საგრანტო კონკურსის პრეზენტაციას და პასუხს გასცემს ყველა დაინტერესებული აპლიკანტის კითხვებს ონლაინ.

გრანტით დაფინანსდება პროექტები, რომლის ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს. გრანტების კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასები და ჰონორარები. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი მოწვეული სპეციალისტების ჰონორარების დაფინანსება. პირველი ეტაპის საგრანტო კონკურსის შედეგად იგეგმება 4 გრანტის გაცემა.

საგრანტო წინადადებების წარდგენა ხდება ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების გზით.

თუ თქვენ საგრანტო პორტალზე არ გაქვთ რეგისტრაცია გავლილი, „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ჩვენს მონაცემთა ბაზაში. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციას გაივლით, საჭირო იქნება ისევ „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნება, რომლის შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ და იმყოფებით საიტზე, „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.

საგრანტო განაცხადის ონლაინ ფორმა წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო პრეზენტაციის სახით, სადაც განმცხადებელი ვიზუალურად წარმოადგენს პროექტის იდეას. საჭიროების შემთვევაში აჩვენებს იმ სივრცეს ან ადგილს, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. წარმოადგენს დირექციის და პროექტში ჩრთული წევრების და პარტნიორების კომენტარებს. ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს სამ ლოგიკურ ნაწილად დაყოფილი: 1. რა არის პრობლემა, რის გამოსწორებასაც გეგმავს განმცხადებელი? 2. რისი გაკეთება იგეგმება პროექტის ფარგლებში, რომ გადაიჭრას არსებული პრობლემა? 3. რა შედეგი დადგება პროექტის განხორციელების შემდეგ და ვინ მიიღებს სარგებელს?

მას შემდეგ, რაც განმცხადებელი შეავასებს ონლაინ განაცხადის ყველა სავალდებულო ველს და ატვირთავს ვიდეო პრეზენტაციას, განაცხადი გადაიგზავნება საგრანტო კონკურსის ჟიურის წევრებთან შესაფასებლად.

განაცხადი უნდა შეავსოს პროექტის განმახორციელებელი გუნდის ლიდერმა, რომელიც შეიძლება იყოს სკოლის ადმინსიტრაციის წარმომადგენელი, სკოლის პედაგოგი, მოსწავლე ან მშობელი. გუნდის ლიდერი იქნება პასუხისმგებელი პროექტის მართვაზე, თუმცა პროექტის განხორციელებაში შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული პროექტის გუნდის სხვა წევრებიც.

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდებიან 2017 წლის 16 ივნისს.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სკოლა, მის საბანკო ანგარიშზე მიიღებს გრანტის თანხას. სკოლა იქნება პასუხისმგებელი თანხის მიღებაზე, განკარგვაზე და მიზნობრივ ხარჯვაზე პროექტის განმახორციელებელი გუნდის ლიდერთან ერთად.

პროექტების განხორციელების პერიოდია 2017 წლის ივლისი – ნოემბერი.

პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებელი პირობა იქნება მაქსიმუმ 5 წუთიანი ვიდეო ანგარიში, სადაც ნათლად გამოჩნდება პროქეტის შედეგი. ვიდეო ანგარიშის გარდა მოთხოვნილი იქნება მინიმუმ 3 მაღალი ხარისხის ფოტო სურათი, პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალების ელექტრონული ვერსიები (ბროშურა, საინფორმაციო ფორცელი, მედია  გაშუქება და პროექტის შედეგები ციფრებში.

შეუზღუდავი

14

0

0
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 22 23 24 25 26 28
Page 24 of 28