close
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

,,ინგლისური ყველასათვის” – სტუდენტი გოგონას პროექტი ინგლისურის შემსწავლელთათვის

 სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა  ვიდეოგაკვეთილების სერია ,,ინგლისური ყველასათვის“, რომლის ავტორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი თაკო ბაქრაძეა. თაკომ წამოწყება უკვე ონლაინპლატფორმადაც აქცია და სულ მცირე პერიოდში შეძლო ხალხის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო. პროექტის შესახებ თაკოს გავესაუბრეთ.

ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში მასწავლებლის პროფესია ჯერაც არ მიიჩნევა პრესტიჟულად და ახალგაზრდა თაობა, როგორც წესი, განსხვავებულ პროფესიულ ხაზს არჩევს ხოლმე. თუმცა, არსებობენ ისეთი გამონაკლისები, როგორიცაა თაკო ბაქრაძე, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება სწორედ პედაგოგიური საქმიანობისთვის დაეკავშირებინა და რამდენიმე თვის წინ შექმნა ონლაინპლატფორმა ,,ინგლისური ყველასათვის“, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისური ენის სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს.

სტუდენტობა ის პერიოდია, როცა საკმაოდ რთულია ფიქრი სამომავლო გეგმებზე, ხშირად ჩნდება უკმაყოფილების გრძნობაც გარესამყაროსადმი, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს არ იძლევა პიროვნული თუ პროფესიული ზრდის საშუალებას, რაზედაც თაკო გულღიად გვესაუბრა – ,,ადამიანებს ზოგადად გვახასიათებს წუწუნი, ამ მხრივ არც ჩვენი თაობაა გამონაკლისი, ხშირად მსმენია, რომ უნივერსიტეტი ან სახელმწიფო არ გვიქმნის სათანადო გარემოს განვითარებისთვის. სინამდვილეში კი, როცა სტუდენტი ხარ, უკვე გაქვს ყველა პირობა ამისთვის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ რესურსზე მიგიწვდება ხელი, ვგულისხმობ, წიგნებს, ლექტორების ცოდნასა და გამოცდილებას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს განვითარება სურს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ყველაფერი გამოუვა. უნივერსიტეტის დადანაშაულება ადვილია, თვითდისციპლინა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა კი რთული“.

,,ინგლისური ყველასათვის” აერთიანებს სხვადასხვა გრამატიკულ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც ამ საკითხების გამეორება ან სწავლა სურს. ამასთანავე, აქვე შესაძლებელია გაეცნოთ სახალისო ვიდეოებს ზოგადი სასაუბრო ინგლისურისთვის საჭირო ინფორმაციით, იქნება ეს  იდიომები თუ ფრაზული ზმნები. იმისთვის, რომ მაყურებელს სწავლის პროცესს გაუადვილდეს ვიდეოებს დართული აქვს ტექსტებიც.

პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თაკო, რომელიც ჯერჯერობით მარტო ართმევს თავს ამ ამოცანას, ითვალისწინებს მსმენელების თხოვნებსაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესთავაზოს მას თავისთვის სასურველი გაკვეთილის თემა, ,,ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს რამეს უხსნი და იგებს, როცა რამეში ეხმარები, როცა შენს გამოცდილებას უზიარებ და იცი, რომ ეს მის ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ჩემთვის ასწავლო სხვას, ნიშნავს გახადო მისი და საკუთარი ცხოვრება უკეთესი,“ – აღნიშნავს თაკო.

რაც შეეხება პროექტის შექმნის იდეას, თაკოს ოჯახთან ერთად  გაუჩნდა სურვილი, მსგავსი რამ განეხორციელებინა, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და როგორც თაკო აღნიშნავს, რომ არა ოჯახის, კერძოდ კი ძმის – გიორგი ბაქრაძის დახმარება პლატფორმა დღეს ვერ იარსებებდა, რადგან მან სწორედ მისი დახმარებით შეძლო გადაღებებისთვის საჭირო აპარატურის შეძენა, მოგვიანებით კი ვებგვერდის შექმნაც.

სამომავლოდ თაკო გეგმავს კიდევ ერთ საინტერესო პროექტს, რომელიც ძირითადად აბიტურიენტებზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გრამატიკული საკითხები ამოიწურება, პლატფორმა თემატურად უფრო მრავალფეროვანი გახდება და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებსაც შეეხება.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ სასწავლო გვერდის მისამართს:

Facebook: https://www.facebook.com/inglisuri.yvelasatvis/

Page:  http://abz.ge/eng/

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld