close

განათლება

განათლებასაქართველო

მოსწავლეთა თითქმის 10% უცხო ენის საატესტატო გამოცდაში ჩაიჭრა

21 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უცხო ენების საატესტატო გამოცდა ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდის მინიმალური ზღვარი წარმატებით მოსწავლეთა 89%-ზე მეტმა გადალახა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას წელსაც პირდაპირ რეჟიმში აკვირდება.

“სპეციალური ჯგუფის წევრები დღის განმავლობაში უყურებენ სხვადასხვა სკოლაში, საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას. ვიდეომონიტორინგი კონტროლის დამატებითი მექანიზმია და მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გამოცდის წესებთან შესაბამისობით მიმდინარეობა.
ამასთან, ვიდეომონიტორინგი თუნდაც უმნიშვნელო დარღვევების პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა”, – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

22 მაისს საატესტატო გამოცდა ისტორიაში ტარდება.

20 მაისს მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კრეატივი, როგორც დაბანდება – საბაუნის ინოვაციური კურსი ბიზნესის სტუდენტებისთვის

 სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნი დაარსდა 2002 წელს და უკვე 16 წელზე მეტია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში.

თავდაპირველად, უნივერსიტეტი მხოლოდ თეოლოგიის მიმართულებით მუშაობდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, პარტნიორობა ევროპის უნივერსიტეტებთან დაიწყო, რითაც არა მხოლოდ კურსების ჩამონათვალი, არამედ სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა ცოდნის დონეც და თვალსაწიერიც გამრავალფეროვნდა.

დღეს, საბაუნიში 5 საბაკალავრო (სამართალი, ტურიზმი, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია) და 3 სამაგისტრო (სამართალი, თეოლოგია, ბიზნესი) პროგრამა მოქმედებს. ყველა მათგანი აკრედიტებულია.

უნივერსიტეტში ბევრი პროფესიონალი კადრი და ასოცირებული პროფესორია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სტუდენტებს და მათი სამომავლო რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნაში შეუწყონ ხელი.

მათ შორის ერთ-ერთია კონსტანტინე იანტბელიძე, რომელიც ინოვაციურ კურსს უძღვება საბაუნიში სახელწოდებით „კრეატივი და იდეების გენერირების ტექნიკა“.

თავად კოტე გარდა საუნივერსიტეტო საქმიანობისა, ასევე სხვა კრეატიულ პროექტებს ხელმძღვანელობს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს სწორედ იდეების რეალიზება და კრეატივის ამ საქმეში გამოყენება წარმოადგენს.

რას გულისხმობს კონკრეტული კურსი საბაუნიში და რა როლი აქვს, ზოგადად, კრეატივს ადამიანის ცხოვრებაში – ,,დოქტრინას“ კითხვებს კოტე იანტბელიძემ უპასუხა.

– რატომ გადაწყვიტეთ კრეატივის შესახებ საგნის მომზადება და სტუდენტებისთვის წაკითხვა და რას გულისხმობს ეს საგანი, რა ისწავლება კურსის ფარგლებში?

-დღევანდელ მსოფლიოში კრეატივი, შემოქმედება, ინოვაციები და, ზოგადად, იდეები გახდა წარმატებისთვის საჭირო აუცილებელი კომპონენტი. იდეები საქართველოშიც პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც მიიჩნევდა, რომ კრეატიული არ იყო და ძალიან შორს იდგა კრეატიული და შემოქმედებითი პროცესებისგან. ჩემთვის ეს იყო დაკარგული ძვირფასი რესურსი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენს პოტენციალს სათანადოდ არ ვიყენებდით. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო იმ მითების დანგრევა, რომ ყველა ადამიანი კრეატიული არ არის, ყველა საქმიანობას არ სჭირდება იდეები, ინოვაციურობა და ა.შ. ეს მითები წარმატებით დავანგრიეთ სხვადასხვა ტრენინგზე, უნივერსიტეტებში ცალკეულ სამუშაო შეხვედრებზე. სწორედ ამ რამდენიმეწლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევიმუშავე კრეატივისა და იდეების გენერირების კურსი თავისი პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური კომპონენტებით.
თავდაპირველად, სწორედ საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტზე დავიწყეთ ამ კურსის განხორციელება. ახლა უკვე ძალიან ბევრი უნივერსიტეტია დაინტერესებული.

-რამდენად დიდია სტუდენტების დაინტერესება საგნით?

-დაინტერესება ძალიან დიდია. დაინტერესების შემდეგი ეტაპია მუხლჩაუხრელი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. თუ ასე იმუშავებს ადამიანი საკუთარ თავზე და იდეებზე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ წარმატებული არ იყოს. ამის მაგალითები უკვე გვაქვს.

– როგორია თავად კურსის მსვლელობა, თეორიის და პრაქტიკული ნაწილებია როგორაა განაწილებული და რატომ?
-კურსი მიმდინარეობს მთელი სემესტრის განმავლობაში. თეორიული და პრაქტიკული ნაწილების გარდა, გათვალისწინებულია სპეციფიკური კატეგორიის დამატებითი სავარჯიშოები, რომელიც სტუდენტების გახსნას უწყობს ხელს, რადგან იდეებზე მუშაობას სჭირდება აქტიური ჩართულობა და გუნდური მუშაობა. საქმე გვაქვს ინდივიდებთან, ეს განსაკუთრებით იგრძნობა კრეატივის სწავლების შემთხვევაში, ამიტომ  – მიდგომას და მეთოდოლოგიას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩემი ამოცანაა, სტუდენტი გახდეს პროფესიონალი კრეატორი, მივიდეს ნებისმიერ სამსახურში და იყოს ძალიან პროდუქტიული თავისი იდეებით, გადაწყვეტილებებით, არაორდინარულობით, ინოვაციურობით.
შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე სტუდენტები მათივე მოფიქრებულ ინოვაციური და კრეატიული იდეებს, ბიზნესიდეებს წარადგენენ. უამრავი ორიგინალური სტარტაპიდეა გროვდება. თითოეული ასეთი იდეა მათი შანსია წარმატებისთვის.

-თქვენი აზრით, რამდენად დიდი პრაქტიკული გამოყენება ექნება თქვენ საგანს თქვენი სტუდენტების ცხოვრებასა და სამომავლო განვითარებაში?

-ეს არის ყველაზე დიდი და საიმედო დაბანდება – როგორც ცალკეული ადამიანების შემთხვევაში, ასევე, მთლიანი სახელმწიფოსთვის. სწრაფად განვითარებადი გლობალური ეკონომიკა ადამიანებისგან მოითხოვს მოქნილ, ადაპტირებად, არაორდინარულ და კრეატიულ მიდგომებს. სწორედ ამიტომ, დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა თავის ეროვნულ სასწავლო გეგმაში კრეატიულობას უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს.

-რას გვეტყვით კრეატივზე, რა არის ეს ფენომენი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანებისთვის ?

-ყველა ადამიანი კრეატიულია, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ეს არის უდიდესი ასპარეზი ნებისმიერი ადამიანისთვის. იდეები ძალიან ბევრია, ყველას ეყოფა. ეს ისეთი რესურსია, რომელსაც რაც მეტს იყენებ, კიდევ უფრო მეტი ხდება და არასოდეს ამოიწურება.

– ზოგადად, საბაუნის სასწავლო სისტემას როგორ შეაფასებთ და როგორია ამ უნივერსიტეტის გარემო სტუდენტებისთვის?

-საბაუნი პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც კრეატივისა და იდეების გენერირების კურსი დაამტკიცა. თავად ეს ფაქტიც ნიშნავს იმას, რომ საბაუნის აქვს ძალიან სწორი და ზუსტი ხედვა მომავლის, მომავალი გამოწვევების. განსაკუთრებით ხშირად მიწევს ურთიერთობა ბიზნესისა და ტურიზმის დეკანთან, ბატონ გიორგი მიქანაძესთან, მეტ-ნაკლებად სხვა სამსახურებთანაც და მინდა გითხრათ, ამ ადამიანებს შეუძლიათ საქმიანი და მეგობრული გარემო ერთმანეთს იდეალურად შეუწყონ. როდესაც საქმე ეხება კრეატივსა და იდეებს, სწორედ ასეთი უშუალო და დადებითი გარემოა საჭირო მუშაობისთვის.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

პროფესიული პროგრამებისთვის ტესტირება 6 მაისს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 6 მაისს, 09 საათზე დაიწყება.

​პრეტესტი ჩატარდება 5 მაისს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

პროფესიული ტესტირებისთვის საგამოცდო ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელი ვებგვერდიდან www.vet.emis.ge

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციაში წერია, საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 5 მაისის ჩათვლით. უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

ბარათზე მითითებული იქნება:

აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;

რეგისტრაციის დრო;

საგამოცდო ცენტრის მისამართი;

ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

სარეგისტრაციო ფურცელი;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული პროფესიის დაუფლებისთვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

პროფესიული განათლების ახალი სისტემა იქმნება

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას გულისხმობს.
აქვე, როგორც ცნობილი გახდა, პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევა.
როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ასეთ სისტემა ევროპაში, ძირითადად კი – გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაშია.
ცვლილებები შემდენაირია: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია ანუ ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა; ცვლილებები იქნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობის მხრივაც.
როგორც ირკვევა, იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა.
,,დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდება მასწავლებლის მომზადების კარიერული წინსვლის სისტემა, იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველოფიზიკა

23 წლის ქართველი ფიზიკოსის სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

23 წლის გიორგი ჭანტურია თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც მაგისტრატურის საფეხურზეც იმავე სპეციალობის გაგრძელება არჩია. ახალგაზრდა ფიზიკოსი უკვე შემდგარი ლექტორია და მისი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალშიც გამოქვეყნდა, რის შესახებაც გიორგი თავად გვიამბობს.

-გიორგი, შენი სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, გვიამბე კონკრეტულად რას ეხება ის?

–სტატია შარშან ივლისში გამოქვეყნდა „Physics of Plasmas“ ჟურნალის საიტზე. შინაარსს რაც შეეხება, ჩვენ ვარსკლავებს იმაზე დაყრდნობით შევისწავლით, რომ მათგან სხვადასხვაგვარი გამოსხივება მოდის, რომელიც ვარსკვლავის ზედაპირიდანაა წამოსული და სანამ ფოტონი ცენტრიდან ზედაპირამდე ამოვა, მთელი თავგადასავალი გადახდება ხოლმე თავს. პლაზმა, გეცოდინებათ, გახურებული აირია, რისგანაც ძირითადად ვარსკვლავები შედგება. ამიტომ, თუ გვინდა, ჩვენამდე მოსული ფოტონის თავგადასავალი გამოვიკვლიოთ, უნდა ვიცოდეთ, რა მოსდის მას პლაზმაში. და ამის შემდეგ გვეცოდინება, სინამდვილეში როგორი პლაზმიდან მოდის ეს გამოსხივება ანუ რისგან შედგებიან ვარსკვლავები. ჩემი კვლევა პლაზმისა და ფოტონების ურთიერთქმედებისას ერთ-ერთ კონკრეტულ ეფექტს ეხება, რომელსაც ჰქვია რამანის გაბნევა.

-რა გამოხმაურება ჰპოვა შენმა ნაშრომმა და ამჟამადაც ხომ არ მუშაობ რაიმე საკითზე?

-ამჟამად ერთი ციტირება უკვე მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მეცნიერმა თავის სტატიაში გამოიყენა ჩვენი შედეგები. ისე კი, ძალიან სპეციფიკური თემაა და მაინც და მაინც ამ სფეროს ირგვლივ თუ არ ატარებს ვინმე კვლევას, დიდად არც ექნება შეხება ჩემს სტატიასთან. ეს არის უბრალოდ, ერთი ნაწილი იმ ფიზიკისა, რასაც დღევანდელი მეცნიერები იკვლევენ (და, მგონი უკვე უფლებაც მაქვს, ვთქვა, ვიკვლევთ). ამჟამად, გრაფიკიდან გამომდინარე, სამეცნიერო სტატიაზე ნამდვილად არ ვმუშაობ.

-როგორც ვიცი, ამჟამადაც ბევრი აქტივობით გამოირჩევი, მოგვიყევი – რას საქმიანობ?

-ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ და  ცოტა ხნის წინ DAAD-ის გრანტი ავიღე. პარალელურად, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროს ძირითადად „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ვატარებ, ფიზიკის მასწავლებელი ვარ, მეშვიდე კლასელებს ვასწავლი და პროცესში ძალიან ვერთობი. წინა სემესტრში „თავისუფალ უნივერსიტეტშიც“ ვასწავლიდი ფიზიკის სკოლის სტუდენტებს, ამასთანავე, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით „ნებულას“ ფიზიკის კურსიც, რომელიც სულ მალე დაიდება განახლებულ საიტთან ერთად.

-საინტერესოა, სერიოზულად როდის დაინტერესდი ფიზიკის სფეროთი?

-ფიზიკით მეთორმეტე კლასის სულ ბოლო თვეებში დავინტერესდი, როცა სკოლის დამამთავრებელი გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ფიზიკა საერთოდ არ ვიცოდი და გადავწყვიტე, გამოცდისთვის ბატონ რამინ ჭელიძესთან მოვმზადებულიყავი, რომელიც კომაროვის სკოლაში ასწავლის. საოცარი ვინმეა რამინი, შეუძლია, ფიზიკა აიღოს და ისე მოგიყვეს, რომ არ გეყოს. ერთხელაც, ლირიკული გადახვევისას მითხრა, „ამას ხომ უნივერსიტეტში მაინც გასწავლიან და ჩვენ ჩვენს მასალას დავუბრუნდეთო“ ალბათ, არ ახსოვდა, რომ უნივერსიტეტში სულ სხვა ფაკულტეტს ვუმიზნებდი.  რეალურად, სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, ფიზიკაზე რომ ჩავაბარო, რა მაგარი იქნება-მეთქი. მაშინ გადავწყვიტე მართვა და სოციალური მეცნიერებები ფიზიკის სკოლით შემეცვალა, რაც დღემდე არ მინანია.

-საინტერესოა, როგორია შენი ცხოვრება სამეცნიერო სფეროს მიღმა.

-რამდენიმე ჰობი მაქვს – ვვარჯიშობ, ვხატავ, ვუკრავ. მე თუ მკითხავთ, როგორც არ უნდა გიყვარდეთ საკუთარი საქმე, თუ თქვენი ფხიზელი დროის 100%-ს უთმობთ, შედეგი ნამდვილად სავალალო იქნება. მე ძალიან მიყვარს ფიზიკა, მაგრამ ფიზიკითაც ხშირად „გადავმწვარვარ“. მახსოვს, მეოთხე კურსზე თითქმის ყველა საგანი ფიზიკას ეხებოდა. ერთადერთი დამატებითი საგანი მქონდა – ფრანგული ენა. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერებით შევდიოდი ფიზიკისგან გადაღლილი ფრანგულზე, სადაც განვიხილავდით, „მე რომ ხილი ვიყო, რომელი ხილი ვიქნებოდი“. ხანდახან, საყვარელი საქმისგანაც უნდა განვიტვირთოთ, რასაც პირნათლად ვასრულებ და ჯერჯერობით საწუწუნო არაფერი მაქვს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაპოლიტიკასაქართველო

8 უნივერსიტეტის 26 სტუდენტი მთავრობის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შექმნას ითხოვს

სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული ინიციატივის საფუძველზე პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

8 უნივერსიტეტის 26 სტუდენტი მთავრობის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შეიქმნას ითხოვს. პრობლემად პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ნაკლებჩართულობა გამოიკვეთა და მათი მიზანი სწორედ ამ საკითხის მოგვარებაა.

ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.

ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ იმუშაონ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველო

რესპუბლიკური კონფერენციის გამარჯვებული საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 14 აპრილს სტუდენტური კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები” გაიმართა. 
საპრიზო ადგილები დაიკავეს:
I ადგილი – რევაზ წიკლაური;
II ადგილი – ქეთევან ჯალაღონია;
III ადგილი – თამარ გაბისონია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.

,,დოქტრინა“ 2018 წლის რესპუბლიკური კონფერენციის გამარჯვებულ საბაუნის სტუდენტ რევაზ წიკლაურს დაეკონტაქტა. გთავაზობთ ინტერვიუს:

-რა იყო თქვენი საკონფერენციო თემის სახელი და მისი არჩევის მიზეზი?

-საკონფერენციო თემის სახელი იყო „უცნობი კახეთი-სოფელი ახალსოფლის ტურისტული პოტენციალი“. პირველი მიზეზი იყო ის, რომ დავიბადე ახალსოფელში, ჩემი მიზანი ის არის, რომ გავაცნო ფართო საზოგადოებას ასეთივე დიდი პოტენციალის მქონე უცნობიკუთხეები ტურიზმის კუთხით. ჩემი მიზანი იყო გამოცდილების მიღება და ფართო საზოგადოებისთვის კახეთის კუთხის    ტურისტული პოტენციალის წარდგენა.

-რა გამოცდილება მიიღე ამ კონფერენციის საშუალებით და აქამდე თუ მიგიღია მონაწილეობა მსგავსი ფორმატის მქონე კონფერენციაში?

-უპირველეს ყოვლისა, ფართო აუდიტორიასთან კონტაქტი, რაც ამ ფორმატში ჩემთვის პირველი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით.

ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით – „ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში“.

უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის ჟიურის წევრების რჩევა-დარიგებებმა,  დიდი სტიმული მომცა.

-რეზი, შენს მოლოდინს რაც შეეხება – როგორი იყო?

-ვაღიარებ,რომ კონფერენციის ჩემმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.თუმცა, მე ძალა არ დავიშურე, იმისათვის რომ ეს თემა შესაფერისად გამეტანა აუდიტორიის წინაშე.

-მოგვიყევი შენი ფაკულტეტისა და კურსის შესახებ.

-მე ვარ საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ პროფესიაზე სწავლა, რადგან ეს ჩემთვის, ასე ვთქვათ, ახალი აღმოჩენა იყო. ამ ფაკულტეტზე სწავლა მმატებს მეტ მოტივაციას და სამომავლო გეგმებს მისახავს.

ჩემთვის, ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ფაკულტეტზე არის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება  სტუდენტებს შორის, ხოლო ლექტორების მხრიდან იგრძნობა დიდი დაინტერესება და მოტივაციის გაღვივების მცდელობა სტუდენტებში.

აღსანიშნავია, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ფაკულტეტზე გვაქვს როგორც შემეცნებითი, ასევე  პრაქტიკული აქტივობები.

-სამომავლო გეგმები ?

-უპირველეს ყოვლისა, ვაპირებ ამ სფეროში განვითარებას, ასევე მსურს განათლების მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე მაქვს ამ თემის განხორციელების სურვილი, მსურს შევკრა გუნდი და უფრო მეტი ადამიანი დაკავდეს მსგავს საკითხებზე მუშაობით, ასევე ვაპირებ განვითარებას მუსიკის მიმართულებით კონკრეტულად მყავს ბენდი  და მსურს ცნობადობის  გამოცდილების და  მაქსიმალური შედეგის მიღება, რადგან ყველაზე დიდ როლს ასრულებს მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. ასევე ვარ სპორტსმენი და მსურს და მაქვს პერსპექტივა  სწავლასთან ერთად სპორტშიც ვპოვო განვითარება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

-რას გვეტყვი შენს ჰობზე – სხვა აქტივობებსა და მიღწევებზე?

-მუსიკის წერა, მოსმენა, ხატვა და წიგნების კითხვა. 15 წლიდან ვარ საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებში. მონაწილეობა მიღებული მაქვს არაერთ ევროპულ და მსოფლიო დონის ჩემპიონატებში. მათ შორის, მონაწილეობა მაქვს მიღებული 2015 წელს თბილისში  ჩატარებულ ოლიმპიადაზე.

ვარ თვითნასწავლი მუსიკოსი, ვფლობ გიტარას და მყავს ახლად შექმნილი მეტალბენდი, რომელთან დაკავშირებითაც მაქვს სამომავლო გეგმები. აგრეთვე – ვარ გიტარის მასწავლებელი და მყავს ჩემი მოსწავლეები.

-თვისება, რომელიც გამოგარჩევს კონკურენტულ სიტუაციაში და ყველაზე დიდ როლს ასრულებს  შენი მიზნების მიღწევაში?

-ვარ მიზანდასახული, რაც ყველაზე მთავარია პიროვნებაში – ასევე, აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ამ საქმის კეთება მანიჭებს სიამოვნებას. კონკურენცია დიდ გავლენას ვერ ახდენს ჩემზე და ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ მივიღო მაქსიმალური შედეგი. აგრეთვე მსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

-დასკვნისათვის – შენ რა რჩევას მისცემდი სტუდენტებს ვინც მომავალში აპირებს მსგავს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას?

-უპირველეს ყოვლისა, იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში გამოიყენონ სტუდენტური წლები, რათა უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვონ.

 

თინათინ მოსიაშვილი (ლექტორი/საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელი): უკვე ოთხი წელია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის პარარელურად აწყობს სტუდენტურ კონფერენციას. პირადად მე დავსწრებივარ ოთხივე კონფერენციას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს განსაკუთრებით საინტერესო თემები იყო წარმოდგენილი. მიხარია ის ფაქტიც, რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან ფართოდ იყო წარმოდგენილი. რაც მე ვიცი, ოთხი ნამუშევარი გავაგზავნეთ და აქედან სამი გავიდა ფინალურ ეტაპზე.ეს ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ ამ კონფერნეციას წინ უსწრებდა ჩვენი საუნივერსიტეტო ასეთივე ღონისძიება. წარმატებული ნამუშევრების ავტორებს ჰქონდათ დრო, რომ თემები დაეხვეწათ. წელს რესპუბლიკურ კონფერენციაზე ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა არა აკადემიურ და კვლევით ნაშრომებს, არამედ სწორედ პრაქტიკულ პროექტებს. როგორც ჩანს, რეზის თემაც ამით იყო საინტერესო.

 

 

მასალა მოამზადა:  ნინო გიკაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

საქართველოში რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი?

ცნობილია საქართველოს 10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა edu.aris.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

ეს სკოლებია:

1. სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – 9 წამყვანი მასწავლებელი;

2. სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა – 7 წამყვანი მასწავლებელი;

3.სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 5 წამყვანი მასწავლებელი;

4. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი – 5 წამყვანი მასწავლებელი;

5. შპს ბრიტანულ ქართული აკადემია – 4 წამყვანი მასწავლებელი;

6. შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი – 4 წამყვანი მასწავლებელი;

7. სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – 4 წამყვანი მასწავლებელი;

8. სსიპ – ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლა – 4 წამყვანი

9. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი;

10. სსიპ – ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილამდე იქნება

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

მანდატურების ფუნქციების გაუმჯობესებაზე 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მანდატურის სამსახური დაიხვეწება, შესაბამისი ცვლილებები კი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის ავტორები განათლების და შს სამინისტროები არიან.

edu.aris.ge წერს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილი წელსვე შესრულდება, რისთვის ფინანსური რესურსია საჭირო, ეს კი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს. კერძოდ, წელსვე უნდა დაიწყოს სკოლებში სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტაჟება (2082 საჯარო სკოლიდან სათვალთვალო კამერები მხოლოდ 429 სკოლაშია), ასევე გაიზრდება მანდატურის გადამზადების კურსის ღირებულებაც (რადგან კურსი ფიზიკურ მომზადებასაც გულისხმობს).

დღესდღეობით 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300  მანდატური. 2018 წლის სექტემბრიდან 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატური დაემატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 100 საჯარო სკოლაში 200 მანდატური დაემატება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დასამატებლად 446.4 ათასი ლარია გათვალისწინებული.

კანონპროექტით გათვალისიწინებული ღონისძიებებისთვის 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ, მანამდე კი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 28
Page 15 of 28