close
განათლებასაქართველო

კრეატივი, როგორც დაბანდება – საბაუნის ინოვაციური კურსი ბიზნესის სტუდენტებისთვის

 სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნი დაარსდა 2002 წელს და უკვე 16 წელზე მეტია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში.

თავდაპირველად, უნივერსიტეტი მხოლოდ თეოლოგიის მიმართულებით მუშაობდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, პარტნიორობა ევროპის უნივერსიტეტებთან დაიწყო, რითაც არა მხოლოდ კურსების ჩამონათვალი, არამედ სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა ცოდნის დონეც და თვალსაწიერიც გამრავალფეროვნდა.

დღეს, საბაუნიში 5 საბაკალავრო (სამართალი, ტურიზმი, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია) და 3 სამაგისტრო (სამართალი, თეოლოგია, ბიზნესი) პროგრამა მოქმედებს. ყველა მათგანი აკრედიტებულია.

უნივერსიტეტში ბევრი პროფესიონალი კადრი და ასოცირებული პროფესორია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სტუდენტებს და მათი სამომავლო რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნაში შეუწყონ ხელი.

მათ შორის ერთ-ერთია კონსტანტინე იანტბელიძე, რომელიც ინოვაციურ კურსს უძღვება საბაუნიში სახელწოდებით „კრეატივი და იდეების გენერირების ტექნიკა“.

თავად კოტე გარდა საუნივერსიტეტო საქმიანობისა, ასევე სხვა კრეატიულ პროექტებს ხელმძღვანელობს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს სწორედ იდეების რეალიზება და კრეატივის ამ საქმეში გამოყენება წარმოადგენს.

რას გულისხმობს კონკრეტული კურსი საბაუნიში და რა როლი აქვს, ზოგადად, კრეატივს ადამიანის ცხოვრებაში – ,,დოქტრინას“ კითხვებს კოტე იანტბელიძემ უპასუხა.

– რატომ გადაწყვიტეთ კრეატივის შესახებ საგნის მომზადება და სტუდენტებისთვის წაკითხვა და რას გულისხმობს ეს საგანი, რა ისწავლება კურსის ფარგლებში?

-დღევანდელ მსოფლიოში კრეატივი, შემოქმედება, ინოვაციები და, ზოგადად, იდეები გახდა წარმატებისთვის საჭირო აუცილებელი კომპონენტი. იდეები საქართველოშიც პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც მიიჩნევდა, რომ კრეატიული არ იყო და ძალიან შორს იდგა კრეატიული და შემოქმედებითი პროცესებისგან. ჩემთვის ეს იყო დაკარგული ძვირფასი რესურსი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენს პოტენციალს სათანადოდ არ ვიყენებდით. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო იმ მითების დანგრევა, რომ ყველა ადამიანი კრეატიული არ არის, ყველა საქმიანობას არ სჭირდება იდეები, ინოვაციურობა და ა.შ. ეს მითები წარმატებით დავანგრიეთ სხვადასხვა ტრენინგზე, უნივერსიტეტებში ცალკეულ სამუშაო შეხვედრებზე. სწორედ ამ რამდენიმეწლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევიმუშავე კრეატივისა და იდეების გენერირების კურსი თავისი პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური კომპონენტებით.
თავდაპირველად, სწორედ საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტზე დავიწყეთ ამ კურსის განხორციელება. ახლა უკვე ძალიან ბევრი უნივერსიტეტია დაინტერესებული.

-რამდენად დიდია სტუდენტების დაინტერესება საგნით?

-დაინტერესება ძალიან დიდია. დაინტერესების შემდეგი ეტაპია მუხლჩაუხრელი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. თუ ასე იმუშავებს ადამიანი საკუთარ თავზე და იდეებზე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ წარმატებული არ იყოს. ამის მაგალითები უკვე გვაქვს.

– როგორია თავად კურსის მსვლელობა, თეორიის და პრაქტიკული ნაწილებია როგორაა განაწილებული და რატომ?
-კურსი მიმდინარეობს მთელი სემესტრის განმავლობაში. თეორიული და პრაქტიკული ნაწილების გარდა, გათვალისწინებულია სპეციფიკური კატეგორიის დამატებითი სავარჯიშოები, რომელიც სტუდენტების გახსნას უწყობს ხელს, რადგან იდეებზე მუშაობას სჭირდება აქტიური ჩართულობა და გუნდური მუშაობა. საქმე გვაქვს ინდივიდებთან, ეს განსაკუთრებით იგრძნობა კრეატივის სწავლების შემთხვევაში, ამიტომ  – მიდგომას და მეთოდოლოგიას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩემი ამოცანაა, სტუდენტი გახდეს პროფესიონალი კრეატორი, მივიდეს ნებისმიერ სამსახურში და იყოს ძალიან პროდუქტიული თავისი იდეებით, გადაწყვეტილებებით, არაორდინარულობით, ინოვაციურობით.
შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე სტუდენტები მათივე მოფიქრებულ ინოვაციური და კრეატიული იდეებს, ბიზნესიდეებს წარადგენენ. უამრავი ორიგინალური სტარტაპიდეა გროვდება. თითოეული ასეთი იდეა მათი შანსია წარმატებისთვის.

-თქვენი აზრით, რამდენად დიდი პრაქტიკული გამოყენება ექნება თქვენ საგანს თქვენი სტუდენტების ცხოვრებასა და სამომავლო განვითარებაში?

-ეს არის ყველაზე დიდი და საიმედო დაბანდება – როგორც ცალკეული ადამიანების შემთხვევაში, ასევე, მთლიანი სახელმწიფოსთვის. სწრაფად განვითარებადი გლობალური ეკონომიკა ადამიანებისგან მოითხოვს მოქნილ, ადაპტირებად, არაორდინარულ და კრეატიულ მიდგომებს. სწორედ ამიტომ, დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა თავის ეროვნულ სასწავლო გეგმაში კრეატიულობას უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს.

-რას გვეტყვით კრეატივზე, რა არის ეს ფენომენი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანებისთვის ?

-ყველა ადამიანი კრეატიულია, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ეს არის უდიდესი ასპარეზი ნებისმიერი ადამიანისთვის. იდეები ძალიან ბევრია, ყველას ეყოფა. ეს ისეთი რესურსია, რომელსაც რაც მეტს იყენებ, კიდევ უფრო მეტი ხდება და არასოდეს ამოიწურება.

– ზოგადად, საბაუნის სასწავლო სისტემას როგორ შეაფასებთ და როგორია ამ უნივერსიტეტის გარემო სტუდენტებისთვის?

-საბაუნი პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც კრეატივისა და იდეების გენერირების კურსი დაამტკიცა. თავად ეს ფაქტიც ნიშნავს იმას, რომ საბაუნის აქვს ძალიან სწორი და ზუსტი ხედვა მომავლის, მომავალი გამოწვევების. განსაკუთრებით ხშირად მიწევს ურთიერთობა ბიზნესისა და ტურიზმის დეკანთან, ბატონ გიორგი მიქანაძესთან, მეტ-ნაკლებად სხვა სამსახურებთანაც და მინდა გითხრათ, ამ ადამიანებს შეუძლიათ საქმიანი და მეგობრული გარემო ერთმანეთს იდეალურად შეუწყონ. როდესაც საქმე ეხება კრეატივსა და იდეებს, სწორედ ასეთი უშუალო და დადებითი გარემოა საჭირო მუშაობისთვის.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid