close
საქართველო

ავტომანქანის მართვისას მძღოლის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე შეზღუდვების შემოტანას და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პაკეტის ფარგლებში, ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე “სისხლის სამართლის კოდექსში“.

კანაფისა და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

რამდენად არის დაკავშირებული მარიხუანას, და ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება საგზაო უსაფრთხოებასთან?

ევროპის ტრანპორტის უსაფრთხოების საბჭოს (ETSC) ინფორმაციით, ევროპის გზებზე მატულობს ნარკოტიკების ზემოქედების ქვეშ მყოფი მძღოლების მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხეევები და ამ შემთხვევებების შედეგად დაშავებული ან/და დაღუპული ადამიანების რიცხვი.

ETSC-ის სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებში მძღოლების დაახლოებით 11 პროცენტი აღიარებს, რომ სატრანსპორტო საშუალება ზემოქმედების ქვეშ უმართავს, ხოლო ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობა ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულ მძღოლების 8 პროცენტში აღმოაჩიეს.

ასოციაცია Governors Highway Safety Association (GHSA)-ის 2017 წლის მონაცემების თანახმად, გარდაცვლილი მძღოლების მხოლოდ 57 პროცენტს ჩაუტარდა ნარკო ტესტი და შედეგი 34.3%-ში დადებითი იყო.

ევროპის ტრანპორტის უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარება მძღოლის ფსიქოლოგიური მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და მისი მართვის უნარებს აქვეითებს. რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების ერთდროული გამოყენება ან ნარკოტიკების ალკოჰოლთან ერთად გამოყენება, კიდევ უფრო ზრდის ავარიის რისკს.

ნარკოტიკების მოხმარების ეროვნული ინსტიტუტი (NIDA) განმარტავს, რომ მარიხუანა ახანგრძლივებს მძღოლის გადაწყვეტილების მიღების, კოორდინაციისა და რეაქციის დროს.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მძღოლის ზემოქმედების მდგომარეობის დადგენაა.

არაოფიციალური ინფორმაციით, პირის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს. ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი და შესაბამისი შემოწმების გასავლელად მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო : recointensive.com ; etsc.eu

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0