close
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონავტები ყველაზე გრძელი პილოტირებული კოსმოსური მისიიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ

ორი ჩინელი ასტრონავტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გრძელი პილოტირებული კოსმოსური მისიიდან დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

კოსმოსური კაფსულა Shenzhou 11 მონღოლეთის ჩრდილოეთ რეგიონში პარასკევს უსაფრთხოდ დაეშვა.  „ღვთაებრივი გემის“ კადრები ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ (CCTV)  გაავრცელა.

ორმა ასტრონავტმა – ჯინგ ჰეიპენგმა და ჩენ დონგიმ 30 დღე კოსმოსურ ლაბორატორია Tiangong 2 -ზე გაატარეს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც “ზეციური სასახლე.“  Tiangong 2-ს ჩინეთი ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებს, რომლის მიზანი 2022 წლისთვის მუდმივი კოსმოსური სადგურის გახსნისთვის მომზადებაა.

2013 წელს ჩინეთმა კოსმოსში შედარებით მოკლევადიანი პილოტირებული მისია განახორციელა, რომლის ფარგლებში სამმა ჩინელმა ასტრონავტმა Tiangong 1-ზე 15 დღე გაატარა.

კოსმოსური პროგრამის განვითარება პეკინისთვის პრიორიტეტია. პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვან კოსმოსურ ძალად.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მიზანი კრიზისის დროს სხვა ქვეყნების მიერ კოსმოსის აქტივების გამოყენების აღკვეთაა.

მიუხედავად  სწრაფად განვითარებადი კოსმოსური პროგრამისა, ჩინეთი ჯერ კიდევ შორსაა ტექნიკურად აშშ-სა და რუსეთის კოსმოსურ შესაძლებლობებს გაუთანაბრდეს.

წყარო: reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response