close
ისტორიარელიგია და მეცნიერება

ახალი აღმოჩენები იშხანში – ბუბა კუდავას საჯარო მოხსენება ეროვნულ აკადემიაში

19 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო იშხნის ტაძარში მიმდინარე გაწმენდითი და არქეოლოგიური პროცესები. ტაძრის რესტავრაცია თურქულმა მხარემ 2013 წელს დაიწყო, ინტერიერსა და ტაძრის გარშემო ზედმეტი მიწის ფენის მოხსნამ კი განაპირობა შემდგომი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.  სამწუხაროდ, კომპლექსის გათხრები სრული მასშტაბით ჯერაც არ წარმართულა, მაგრამ შეხვედრაზე წარმოდგენილი ფოტო-მასალა (იხ. დანართი) მოწმობს, რომ ტაძარი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია ზოგადად შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად.
უხვად წარმოდგენილ სიახლეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს საკათედრო ტაძრის ახლახან გამოვლენილი იატაკი, რომელიც როგორც მასალიდან ჩანს და ბატონმა ბუბამაც აღნიშნა, ძველ პერიოდშივე უნდა ყოფილიყო ზემოდან ნაყარი ქვით დაზიანებული.  მეჩეთად გადაკეთების შემდეგ ტაძრის ინტერიერში იყო ტიხარი, რომლის საშუალებითაც  ტაძრის დასავლეთ მკლავში მოეწყო მეჩეთი, შესაბამისად დანარჩენი გუმბათქვეშა სივრცე მოექცა მეჩეთის გარეთ, რამაც ალბათ განაპირობა მისი დაუცველობა გარე ზემოქმედებისგან.  იშხნის იატაკი მსგავსია ბაგრატის ტაძარში გამოვლენილი იატაკისა, რომელიც ზუსტად იგივე ტექნოლოგიითაა შექმნილი და იდენტურია ძირითადი მოტივებითაც, იქნება ეს წრიული გრაფიკული გამოსახულებები, თუ ფერთა გამა. თუმცა აღნიშნული სიძველის, სისრულისა და დიდი მხატვრული ღირებულებების გათვალიწინებით, უდავოა იშხნის იატაკის განსაკუთრებული მნიშვნელობა, მით უმეტეს რომ აღნიშნული გამოსახულებები იშხანში უფრო მეტადაა დამუშავებული, ვიდრე ბაგრატის ტაძარში.
ბატონმა ბუბამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული იატაკი იშხნის ტაძრის მშენებლობის საბოლოო ეტაპზე უნდა შექმნილიყო, რომლის შესახებ დეტალებსაც ვიგებთ თვითონ ტაძრის სამხრეთ ფასადის ვრცელი წარწერიდან. წარწერის მიხედვით ანტონ იშხნელი იყო 1032 წელს ჩატარებული საბოლოო რეკონსტრუქციის ინიციატორი, ხოლო ხუროთმოძღვარი გახლდათ იოვანე მორჩაისძე.  ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვართა შესახებ როგორც წესი ინფორმაცია ძალიან მწირია და შესაბამისად ეს შემთხვევა ერთ-ერთი სასიხარულო გამონაკლისია მათ შორის.
კომპლექსში ასევე აღმოჩენილ იქნა სამარხებიც, მათ შორის ორი ტაძრის ინტერიერში, თუმცა ქართველ მკვლევარებს არ გააჩნიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მათში აღმოჩენილი სიძველეების შესახებ, რადგან  თურქული მხარე არ ახმაურებს კვლევის შედეგებს.
სიახლეა ტაძრის ეზოშიც, სადაც გამოვლინდა აქამდე უცნობი სამნავიანი ეკლესიის ნაშთი, რომლის საკურთხეველში ჩადგმული ქვევრი უპრეცენდენტო შემთხვევაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, შეხვედრაზე გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა მის შესახებ, დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ ქვევრი უფრო გვიანდელი ხანისაა ვიდრე თვითონ ტაძარი, თუმცა მისი ამ ადგილას არსებობა მაინც ბურუსითაა მოცული.
შეხვედრაზე ისაუბრეს კარიბჭეში გამოვლენილი ახალი დეტალებზეც, როგორც ჩანს მეცნიერთა წრეებში წინა არქეოლოგიური გათხრების შემდეგვე გაჩნდა მოსაზრება, რომ კარიბჭე უნდა ყოფილიყო ერთგვარი მცირე კომპლექსი. ტაძრის წარწერებიდანაც ირკვევა რომ არსებობდა ე.წ ,,კარის ღვთისმშობელი“, გამორჩეული ხატი იშხანში, რომლის შესასვლელშივე დაბრძანება გამოიწვევდა კარიბჭეზე საგანგებო ზრუნვასა და მის საგანგებოდ გაფორმებას, რაც დადასტურდა კიდევაც უკანასკნელი აღმოჩენების შედეგად.
მსმენელი გაეცნო ორი წლის წინ აღმოჩენილ რელიეფსაც, რომელიც ამჟამად გადატანილია რიზეს მუზეუმში, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ გახმაურებულა თვითონ თურქულ წყაროებშიც. ქართველმა მეცნიერებმა ივარაუდეს რომ ეს რელიეფი უნდა ყოფილიყო კარიბჭის ნაწილი, მასზე გამოსახული ქტიტორს, რომლის ვინაობაც სამწუხაროდ არ არის ცნობილი, უჭირავს ეგვტერის ან კარიბჭის მოდელი. ხოლო რაც შეეხება მის მნიშვნელობას, ხაზი უნდა გაესვას რომ აღნიშნული რელიეფი იშხნის ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილ და დღემდე შემორჩენილ რელიეფთაგან ერთადერთია, სადაც ადამიანის გამოსახულებას ვხვდებით.
ბატონი ბუბას თქმით დღეისათვის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელობით მსგავსი აღმოჩენები ელოდება მკვლევარებს ტაძრის ჩრდილოეთ მხარეშიც, რომელიც თურქი მკვლევარების თქმით შეისწავლეს შესაბამისი სკანერის მეშვეობით და იქ არ გამოვლენილა ინტერესის რაიმე ობიექტი, რაც თვითონ კომპლექსის მასშტაბებიდან გამომდინარე არც ისე დამაჯერებლად ჟღერს ქართული მხარისთვის.
ამრიგად რთულია აღნიშნულ მასალებზე კვლევის ჩატარება როცა ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ მათი სათანადო დონეზე შესწავლის საშუალება.  ,,სამომავლოდ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გამოვლინდება არა მარტო იშხანში, არამედ ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლებზეც, ასე მაგალითად ოშკის ტაძარი არის რიგში, მე იმედი მაქვს იქ მაინც მოხერხდება ქართველი სპეციალისტების ჩართვა“ – განაცხადა ბატონმა ბუბამ შეხვედრის დასასრულს.

14650222_1196386863752616_565129912192088107_n
დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ესარგებლა კითხვა-პასუხის ფორმატით, მათ მიერ გამოითქვა სურვილი რომ გაიზარდოს ქართველთა ჩართულობა ჩვენივე კულტურის ძეგლის კვლევის საქმეში, თუმცა ყველასთვის გასაგებია რომ კულტურათაშორისი თანამშრომლობისთვის საჭირო ნიადაგი ამ ეტაპისთვის კვლავაც  არ არსებობს და ზემოთ აღნიშნული მონაპოვარი ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობის ფონზე უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0