close
სიქოლოგია

აგრესია – ნებისმიერი ქცევა, რომელიც სხვისთვის საზიანოა

აგრესია

 აგრესია, ერთი შეხედვით, ყველასათვის გასაგები მოვლენაა, თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ ფენომენის განმარტებასთან დაკავშირებით.

სირთულეს ქმნის ის, რომ აგრესიაში მრავალი რამ მოიაზრება. აგრესიად მიიჩნევენ მანიაკის მიერ ჩადენილ მკვლელობას, რაგბისტების თამაშის უხეშ სტილს, მეუღლის უყურადღებობით გამოწვეულ ჩუმ პროტესტს და ა. შ. აგრესიის სრულყოფილმა განმარტებამ მისი ყველანაირი გამოვლინება უნდა მოიცვას. ტერმინოლოგიურ სირთულეში გასარკვევად ფსიქოლოგებმა, უპირველეს ყოვლისა, ზიანის მომტანი ქმედება გამიჯნეს იმ ქმედებისაგან, რომელსაც სხვისთვის ზიანი არ მოაქვს. შესაბამისად, ყველაზე მარტივი განმარტების მიხედვით, აგრესია არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც სხვისთვის საზიანოა. მაგრამ ამ განმარტებაში უგულებელყოფილია განზრახვა, რომლითაც სუბიექტი გარკვეულ ქმედებას ჩადის. თუ არ გავითვალისწინებთ განზრახვას, მაშინ ზოგიერთ ქმედებას, რომელიც სხვისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად, მაგრამ საბოლოოდ არ აღმოჩნდება საზიანო, ვერ ვუწოდებთ აგრესიულს. გარდა ამისა, ამ განმარტების მიხედვით, როცა ინდივიდი უნებლიედ აყენებს ზიანს სხვას, მისი ქცევა აგრესიად უნდა მივიჩნიოთ. ამრიგად, აგრესიის სრულყოფილი განსაზღვრება მხოლოდ ქმედების განზრახვის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. აგრესია ჩვეულებრივ განიხილება როგორც უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ზოგიერთი აგრესიული ქმედება შეიძლება დადებითი იყოს. აგრესიული ქმედება, რომლის მიზანი არის სოციალური ნორმების დაცვა, პროსოციალურია, მაგალითად, დამნაშავის მიმართ პოლიციელის ქმედება უფლება-მოვალეობის შესრულებისას და მისთ. ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც აშკარად არღვევს სოციალურ ნორმებს და ზიანი მოაქვს ადამიანისათვის, ანტისოციალურად უნდა ჩაითვალოს. ხოლო აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც შუალედურ ტიპს წარმოადგენს პროსოციალურსა და ანტისოციალურს შორის, დასაშვები აგრესია ეწოდება. ამ სახის აგრესია შეიცავს ქმედებებს, რომლებიც არ ჯდება სოციალური ნორმების ფარგლებში, მაგრამ არ არღვევს ზნეობრივ სტანდარტებს, მაგალითად, მსხვერპლის საპასუხო აგრესია მოძალადის ქმედებაზე. აგრესიის განსაზღვრისას ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს აგრესიული ქცევა და აგრესიული გრძნობები. ქცევა ყოველთვის არ გამოხატავს შინაგან გრძნობებს; ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ძლიერ ბრაზს, მაგრამ არ ცდილობდეს სხვისთვის ზიანის მიყენებას. მიზეზები, რომლებიც რისხვის გრძნობას იწვევს და შეზღუდვები, რომლებიც ამ გრძნობის აგრესიულ ქმედებებში გადაზრდას უშლის ხელს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფაქტორებს წარმოადგენს. აგრესიული გრძნობების – ბრაზისა და რისხვის – გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს სხვა ადამიანის მხრიდან თავდასხმა ან შეტევა წარმოადგენს. ბრაზის კიდევ ერთი წყაროა ფრუსტრაცია, რომელიც ადამიანს უჩნდება მაშინ, როდესაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები ხვდება. რაც შეეხება აგრესიულ ქცევას, მის ძირითად მექანიზმს გამოცდილება წარმოადგენს. ბავშვი სხვა ადამიანებზე დაკვირვებით და მათი მიბაძვით სწავლობს; როდესაც აგრესიული ქცევა წახალისებულია, მაშინ, მოსალოდნელია, ბავშვმა უფრო ხშირად გაიმეოროს ის მომავალში. ზრდადასრულებულ ინდივიდს, როგორც წესი, შეუძლია ბრაზის იმპულსებისა და აგრესიული რეაქციების გაკონტროლება, რაც ძირითადად დასწავლის შედეგია. აღწერილი მექანიზმი ქცევის პრაქტიკულად ყველა ფორმაზე ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის კვლევების უმრავლესობა ძირითადად აგრესიული ქცევის ემოციური წინაპირობების ანალიზს ეძღვნება, მკვლევრებმა დაუშვეს, რომ არსებობს ასევე ე. წ. უაფექტო აგრესია, რომელიც არ არის განპირობებული ემოციური მდგომარეობით. ის შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას შეჯიბრისას, მეტოქეობის სიტუაციაში. მკვლევრები ასევე განიხილავენ აგრესიის ინსტრუმენტულ და მტრულ სახეებს. ინსტრუმენტულია აგრესია, როდესაც ადამიანი აგრესიულ ქცევას იყენებს რაიმე პრაქტიკული მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენების მცდელობით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის არ არის განრისხებული. მტრული აგრესიის მიზანს კი ბრაზის დროს აგრესიის ღიად გამოვლენა წარმოადგენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid