close
აქართველოიზიკა

19 წლის გიორგი წერეთელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირისთვის ამზადებს

17554720_1417909054942741_2046776670_n

 უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომაროვის სკოლა აქტიურად ემზადება ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირისთვის (IYPT, International Young Physicists’ Tournament). IYPT – არის ყოველწლიური გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის, რომლის მიზანიც ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებაა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ახალგაზრდებს 19 წლის გიორგი წერეთელი ამზადებს საპასუხისმგებლო ტურნირისათვის, ,,დოქტრინა“ დაინტერესდა ახალგაზრდა ფიზიკოსის მოღვაწეობით და გაესაუბრა მას.

გიორგი ამჟამად 19 წლისაა და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. ინტერესი ამ სფეროსადმი სკოლის პერიოდიდანვე გაუჩნდა და მრავალი პრიზის მფლობელიც გამხდარა, მათ შორის – მეთორმეტე კლასში მოხვდა საქართველოს ფიზიკის საოლიმპიადო ნაკრებშიც, რის გამოც უნივერსიტეტშიც უგამოცდოდ ჩაირიცხა და მას შემდეგაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კონფერენციაში. წელს მონაწილეობა  კახა ბენდუქიძის სახელობის ყოველწლიური ფიზიკის კონფერენციაშიც მიიღო და რამდენიმე სტუდენტთან ერთად 7-14 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ტურინში,  საერთაშორისო სტუდენტი ფიზიკოსების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობს.

გიორგი თავისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტად მე-10 კლასში საკუთარი სკოლის, კომაროვის ლაბორატორიაში მისვლას მიიჩნევს, რის შემდეგაც უფრო დიდი მონდომებით შეუდგა ამ სფეროში მუშაობას.  2013 წელს, როდესაც პირველად მიიღო ტურნირში მონაწილეობა, მისი გუნდი მეათე კლასელებისგან იყო დაკომპლექტებული და მენტორად ფიზიკის მეორე კურსის სტუდენტი ჰყავდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკურსელებს ეჯიბრებოდა, მათი გუნდი დამარცხდა. თუმცა, გიორგი  საერთაშორისო ტურნირის ნაკრებში მოხვდა, რომლის მზადების პერიოდშიც, არაერთ ძლიერ ქართველ მეცნიერთან ერთად მოუწია მუშაობა, რასაც ფასდაუდებელ გამოცდილებად მიიჩნევს.

შემდეგ წლებში გიორგი თავადვე ცდილობდა საკუთარი გამოცდილება უმცროსკლასელებისთვის გაეზიარებინა, იქნებოდა ეს ექსპერიმენტული თუ თეორიული ნაწილი. ხოლო, ტურნირს რაც შეეხება, ახალგაზრდა ფიზიკოსი მის მნიშვნელობაზეც გვესაუბრა – ,,ტურნირის მთავარი სილამაზე იმაშია, რომ ბავშვებს სთავაზობს კვლევითი ტიპის ამოცანებს, რომლებზეც ისინი თვეების მანძილზე მუშაობენ და შემდეგ ერთმანეთს საკუთარ ნაშრომებს შეჯიბრის ფორმატში წარუდგენენ ანუ პრაქტიკულად ამ სპორტული ფორმატით, ბავშვები ეჩვევიან სამეცნიერო ნაშრომების კეთებასა და საკუთარი პოზიციის დაცვას. ამასთანავე, ოლიმპიადისგან განსხვავებით ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის ექსპრიმენტული ნაწილი, რაც ძალიან ბევრ ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვს იზიდავს.“

საბოლოოდ, გიორგიმ და მისმა მეგობრებმა მეთორმეტე კლასში, უკვე დაგროვილი გამოცდილების წყალობით, ეროვნულ ტურნირშიც გაიმარჯვეს, მაგრამ პირადად მისთვის, ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, რადგან ამ ტურნირში მოსწავლის სტატუსით ბოლოჯერ იღებდა მონაწილეობას, ამიერიდან ასპარეზი მისი უმცროსი მეგობრებისთვის უნდა დაეთმო. თუმცა, აღმოჩნდა რომ კომაროვის სკოლამ წელს სწორედ მას მიმართა, რომ ახლა უკვე მას ეხელმძღვანელა ლაბორატორიის წრისთვის, ,,წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როცა ვხედავ თუ რამხელა პროგრესი აქვთ ჩვენს ბავშვებს. უკვე სკოლასაც შედარებით ახალი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია აქვს და მოსწავლეებთან ერთად ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვან მიდგომას ვაყალიბებთ ამოცანების მიმართ. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ კომაროვის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოთახში და წლების მერეც, როცა ჩემი სკოლის ლაბორატორიას ჩავუვლი და იქიდან ჩხირკედელაობის ხმებს გავიგონებ, მეცოდინება, რომ ამ ბავშვებს დაუვიწყარი გამოცდილება და წინსვლა ელით, რაშიც მეც მიმიძღვის ჩემი წილი წვლილი,“-აღნიშნა გიორგიმ.

წლევანდელი ტურნირი ივლისის შუა რიცხვებისკენ, სინგაპურში გაიმართება და მასში მონაწილეობას 5 მონაწილე, 1 მწვრთნელი და 1 საერთაშორისო კომიტეტის წევრი მიიღებს, თუმცა გუნდი ჯერჯერობით არ არის დაკომპლექტებული. ყოველწლიურად, ზაფხულში, 17 ამოცანა ხდება ცნობილი და მათზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები თვითონ წყვეტენ თუ როგორ მიუდგებიან მოცემულ პრობლემას, რაც მათში ამოცანაზე შემოქმედებითად მიდგომის და სწორი კითხვის დასმის უნარს ანვითარებს.

სურათი I

სურათი II

გიორგის მოსწავლეებთან ერთად ბევრ საინტერესო ამოცანაზე უმუშავია, მაგალითად:  თაფლს ან სხვა ბლანტ სითხეს (ვთქვათ, შამპუნს) თუ სიმაღლიდან ასხამ ის ხვიებს წარმოქმნის (იხ. სურათი I) და მათ ევალებოდათ ამ ხვიების წარმოქმნის მიზეზების გამოკვლევა. ასევე ამჟამად მუშაობენ სატესტო რეგიონში ჰაერის სიმკვრივის ვიზუალიზაციის მომცემ აპარატზეც (იხ.სურათი II), თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახალგაზრდები ამ სფეროში აწყდებიან სცდება მათ შესაძლებლობებს, იქნება ეს ტექნიკური თუ დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირად არის ეროვნული ტურნირისა და საერთაშორისოზე ნაკრების მონაწილეობის დაფინანსების პრობლემა, ზოგჯერ თვითონ სკოლები გვაფინანსებენ, ზოგჯერ თბილისის მერია ან უნივერსიტეტები, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას სტაბილურს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ამასთანავე, არც მაინცდამაინც ბევრ სკოლას აქვს ხოლმე სამეცნიერო ტურნირში მონაწილეობის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადისგან განსხვავებით, აქ ჩართვა სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ 15 წლის ბავშვს შეუძლია,“ – აღნიშნა გიორგიმ დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid