close
კვლევები

კვლევა – სტრესის შემცირებასთან ერთად, ჭაღარა თმას ფერის დაბრუნება შეუძლია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სახელობის სამედიცინო ცენტრის მეცნიერების ბრიტანელ, გერმანელ და ირლანდიელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის თანახმად, ჭაღარა თმას თავისი პირვანდელი, ბუნებრივი ფერის აღდგენა შეუძლია.

ცხადია, ასაკის მატებასთან ერთად თმა ჭაღარავდება, რადგან თმის ფოლიკულების უჯრედები პიგმენტ მელანინის გამომუშავებას წყვეტს. აღსანიშნავია, რომ თმა, შესაძლოა, სტრესული მოვლენების შემდეგ ადრეულ ასაკშიც გათეთრდეს. ამ ფაქტს არაერთი კვლევა ადასტურებს, რომლის ფარგლებშიც ასობით ასეთი ინდივიდუალური შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთი უკანასკნელი ექსპერიმენტი კი ამ ფენომენის არსებობას ცხოველებშიც, კერძოდ, თაგვებშიც ადასტურებს.

ახალი კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა განაპირობებს ადრეულ თუ პირიქით, გვიან გაჭაღარავებასა და ამ პროცესის სხვადასხვაგვარ ტემპს. ექსპერიმენტის ფარგლებში 9-დან 65 წლამდე ასაკის, სხვადასხვა სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის 14 ადამიანი შეირჩა, რომელთაც რომელთაც სხეულის ამა თუ იმ ნაწილში, როგორც ერთი კონკრეტული ფერის, ასევე ნახევრად თეთრი თმა ჰქონდათ.

მკვლევრების მიერ შემუშავებული ახალი ტექნიკის წყალობით მათ მოხალისეების ინდივიდუალური თმის ბოჭკოების მცირე ნაწილების შეგროვება და შედარება შეძლეს. ამასთან, ნებისმიერი სახის პიგმენტურ ცვლილებას ციფრულად ასახავდნენ.

“თუ თმას შეუიარაღებელი თვალით შეხედავთ, რომელსაც მნიშვნელოვნად კონტრასტული განსხვავება არ აღენიშნება, ცვლილებას ვერ შეატყობთ. მაღალი რეზოლუციის სკანერის ქვეშ კი ფერების მცირე სხვაობაც აღქმადია” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი მარტინ პიკარდი.

შედეგად აღმოჩნდა, შედარებით ახალგაზრდა ცდისპირთა უმრავლესობის შემთხვევაში ჭაღარა თმის ღერებმა პირვანდელი შეფერილობა დაიბრუნა – როგორც თავის, ისე ბოქვენის არეში. რაც შეეხება გაჭაღარავების მიზეზს, დადგინდა, რომ ამ პროცესსა და სტრესს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მოხალისეთა გაჭაღარავება სწორედ სტრესულ პერიოდს ემთხვეოდა, როდესაც მათ ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენები ვითარდებოდა.

ამის პარალელურად კი “იყო ერთი მონაწილე, რომელიც შვებულებაში წავიდა და ამ დროის განმავლობაში მისი ფერდაკარგული თმა კვლავ ბუნებრივ ფერს დაუბრუნდა” – აღნიშნავს პიკარდი. ასე რომ, გაჭაღარავება შეუქცევადი პროცესი არ არის, მაგრამ ეს სიბერით გამოწვეულ ცვლილებებს არ ეხება.

მართალია, მიღებული შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, დასკვნები მცირე მასშტაბისა და ზუსტი პასუხების მისაღებად დამატებითი კვლევებია საჭირო. ასევე შემდგომ ექსპერიმენტებს საჭიროებს ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში თმის ბოჭკოებზე დაკვირვებისას მეცნიერებმა ცილების დონის საგრძნობი ცვლილებები დააფიქსირეს.

იმ შემთხვევაში თუ, ლაბორატორიული კვლევები წარმატებით ჩატარდება, შემდეგ კითხვაზეც მივიღებთ პასუხს – როგორ აისახება ადამიანების ბოლოდროინდელი ცხოვრებისეული გამოცდილება მათ ჯანმრთელობაზე?

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0