close
ემიგრანტი

„მეცნიერების მთავარი ხიბლი ახალ-ახალი გამოწვევების ეფექტურად გამკლავებაშია “ – ზურაბ გუგუჩია

ზოგი ადამიანის ოცნება – ისწავლოს მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტებში, სათავეს ბავშვობიდან იღებს. სხვებს კი ამის სურვილი მას შემდეგ უჩნდებათ, რაც საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს სწორად გადააფასებენ. ზურაბ გუგუჩიასთვის ეს მიზანი ადრეულ ასაკშივე გაჩნდა, დროთა განმავლობაში კი  რეალური გახდა. დღეს ის შვეიცარიაში მოღვაწეობს. საკუთარ პროფესიაზე, მიღწევებსა და გეგმებზე  ზურაბი „დოქტრინას“ ესაუბრა.

ზურაბ, დღესდღეობით, სად იმყოფებით და რას საქმიანობთ? 

მე ვარ შვეიცარიის ყველაზე დიდი ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის – პაულ შერერის ინსტიტუტის (PSI) – უფროსი მეცნიერი (მუდმივი პოზიცია) და Emergent quantum phenomena in layered materials ჯგუფის ხელმძღვანელი. პაულ-შერერის ინსტიტუტი არის შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის დომეინის (ETH domain) ნაწილი. ETH Zürich კიდევ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობებია და  აქ ყოფნა ჩემთვის დიდი ფუფუნებაა, მიუხედავად დიდი კონკურენციისა. პარალელურად, ვარ ციურიხის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და მიწვეული მეცნიერი პრინსტონის უნივერსიტეტში.

თქვენი კვლევებისა და თქვენ შესახებ მომზადებული პუბლიკაციების შესახებ გვითხარით
 
ჩემი კვლევები ეხება ფუნდამენტური და გამოყენებით თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარების და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა.  ანუ, ასპარეზი საკმაოდ ფართოა. საქმე იმაშია, რომ კვანტურ ნივთიერებებში არის ძალიან დიდი რაოდენობის ელექტრონების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან ძლიერად ურთიერთქმედებენ.  ჩემი მიზანია ამ ელექტრონების კოლექტიური ურთიერთქმედებების შესწავლა და იმის დადგენა, თუ რა ახალ კვანტურ მდგომარეობას მივიღებთ ამ ურთიერთქმედების შედეგად. ამისათვის საჭიროა თანამედროვე მძლავრი ექსპერიმენტული და თეორიული მეთოდები. ეს მოითხოვს გარკვეული ექსპერიმენტული მეთოდების დახვეწა-გაუმჯობესებას, რაც ჩემი პროექტის ნაწილია. სამივე მიმართულებით მუშაობას, შედეგად,  მნიშვნელოვანი აღმოჩენები მოჰყვა. გამოქვეყნებული   მაქვს 140-ზე   მეტი   სამეცნიერო   ნაშრომი,   რომლის   ძირითადი   ნაწილი   დაბეჭდილია ამერიკის ფიზიკური საზოგადოების (APS), იაპონიის ფიზიკური საზოგადოების (JPSJ), ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის და ბრიტანული    Nature-ს   ჯგუფის   მსოფლიოს   წამყვან   მაღალრეიტინგულ   ფიზიკურ   ჟურნალებში.  არაერთი   ნაშრომი   დასახელდა   ჟურნალების   საუკეთესო   სტატიად   და   წლის   საუკეთესო   ნაშრომად. სტატიის გამოქვეყნება ამ ჟურნალებში არის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი. ასევე,   სისტემატიურად   მიწვევენ  კონფერენციებზე   ამერიკისა   და   ევროპა-აზიის   ქვეყნებში, სემინარებზე   უნივერსიტეტებსა   და   ცნობილ   სამეცნიერო   ცენტრებში და ვკითხულობ ლექციებს სპეცკურსში.  გაკეთებული   მაქვს      90-ზე   მეტი   მიწვეული   მოხსენება-სემინარი. რამდენიმე ათეული სტატიიდან, რომელიც განხორციელდა ჩემი ინიციატივით და ხელმძღვანელობით, გამოვყოფ ორ უახლესს ნაშრომს და ქვევით დავწერ მოკლე აღწერას.

2022 და 2023 წლებში ჩემი ორი ნაშრომი გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ და პრესტიჟულ ჟურნალში Nature-ში (იმპაქტ ფაქტორი 69) და ასევე მაღალ რეიტინგულ ჟურნალში Nature Communications-ში (იმპაქტ ფაქტორი 18). მე ექსპერიმენტულად აღმოვაჩინე თვისობრივად ახალი მაღალ-ტემპერატურული კვანტური ფაზა, სადაც მიკროსკოპული ელექტრული ორბიტალური დენები (orbital currents) სპონტანურად ჩნდებიან ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე და ცირკულირებენ ნივთიერებაში.. ეს ახალი ფაზა დროის მიმართ სიმეტრიას არღვევს და იწვევს ძლიერ ტოპოლოგიურ ჰოლის ეფექტს და ასევე არის ეგზოტიკური ზეგამტარობის წინამორბედი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეგვიძლია ზეგამტარობის მიკროსკოპული მახასიათებლების კონტროლი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის ნოემბერში შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მომანიჭა ჩემი თაობის მეცნიერებისათვის პრესტიჟული და ყველაზე მაღალ ბიუჯეტური პერსონალური სამეცნიერო გრანტი (Swiss National Science Foundation Starting Grants) 1.8 მილიონი ფრანკის ოდენობით. შვეიცარიის მასშტაბით, ზეგამტარობის და ტოპოლოგიური მაგნეტიზმის ექსპერიმენტულ ფუნდამენტურ კვლევებში მარტო ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. ეს გრანტი აქამდე მიღებული შედეგების აღიარებას ნიშნავს და განკუთვნილია ჩემი სამეცნიერო ჯგუფის გასაფართოებლად და პროექტში მითითებული ინოვაციური იდეების განსახორციელებლად. კონკურსი იყო სამსაფეხურიანი და განიხილებოდა შვეიცარიის ყველა უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ შერჩეული მეცნიერები (ყველა დარგის წარმომადგენელი). კანდიდატების შეფასება ხდებოდა სამეცნიერო ფონდის შიდა კომისიის, ევროპული კომისიის და საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

თქვენი პროფესიის ადამიანისთვის, რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

ამერიკაში ან ევროპაში წასვლა და სრულიად უცხო გარემოში წარმატების მიღწევა ბავშვობიდანვე იყო ჩემი ოცნება. მიხარია, რომ შევძელი ამ ოცნების ასრულება. ჩვენს სფეროში, მაღალი კონკურენციის პირობებში, ძალიან დიდი მომზადება და ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო და თავი დაიმკვიდრო. გასათვალისწინებელია, რომ უცხოეთში მეცნიერების ტემპი არის ძალიან სწრაფი. შესაბამისად, არც ისე მარტივი გზის გავლა მომიწია. მაგრამ მეცნიერების მთავარი ხიბლიც ხომ ახალ-ახალი გამოწვევების ეფექტურად გამკლავებაშია.

თქვენს გეგმებში საქართველოში დაბრუნება და საქმიანობა თუ შედის?
 
მართალია, მე, მეუღლეს და შვილებსაც ძალიან გვენატრება საქართველო, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვგეგმავ სამშობლოში დაბრუნებას. შვებულების ნაწილის გატარებას ყოველთვის საქართველოში ვცდილობთ. ასევე, ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებთან აქტიური კავშირი მაქვს. რამდენიმე მაგისტრანტი და დოქტორანტი იყო ჩამოსული ჩემთან ლაბორატორიაში. მათი ყოფნა პროდუქტიული იყო მათთვის,  მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება და რამდენიმე მათგანმა ევროპის და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელა დოქტორანტურაში სწავლა, სადაც მეც გავუწიე რეკომენდაცია. თუ ვინმეს სურს, ჩემგან რამე ისწავლოს, მე ამისთვის ყოველთვის გამოვნახავ დროს და ენერგიას. უფრო მეტიც, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც გეგმავენ, სწავლა საზღვარგარეთ განაგრძონ?

ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ იყვნენ კრეატიულები. წარმატებული მეცნიერი შემოქმედებითობის და კრიტიკული აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია.  იყო წარმატებული მეცნიერი ასევე ნიშნავს, რომ შენი დროის უმეტეს ნაწილს უთმობ მეცნიერებას. ეს კი სიყვარულისა და მეცნიერული ჟინის გარეშე შეუძლებელია.

ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ სამეცნიერო ჯგუფი სწორად შეარჩიონ, რაც არც თუ ისე მარტივი. კარგი იქნება, თუ ექნებათ კომუნიკაცია ამ მიმართულებით წარმატებულ ქართველ მეცნიერებთან და მათგან მიიღონ ინფორმაციები უცხოურ ჯგუფებთან დაკავშირებით. მე პირადად ყოველთვის მზად ვარ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალ თაობას.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0