close
ისტორიამედიცინა

ლატვიაში აღმოჩენილ ჩონჩხში ჭირის უძველესი შტამი იპოვეს

მეცნიერებმა ჭირით დაავადებული „ნულოვანი პაციენტის“ როლზე ახალი პრეტენდენტი იპოვეს: 5 ათასი წლის წინ თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხში დაავადების ყველაზე ძველი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცის ჩონჩხში ჭირის გამომწვევი ბაქტერიის – Yersinia pestis-ის კვალი იპოვეს. ძველი ბაქტერიის დნმ-ში არ არის გენები, რომლებმაც მოგვიანებით ჭირი უფრო საშიშ დაავადებად აქცია: 5 300 წლის წინ დაავადება არ გადაჰქონდათ ტილებს, რომლებიც ვირთხებსა და სხვა მღრღნელებზე ბინადრობდნენ. მოგვიანებით, ევროპაში ჭირი სწორედ ასე გავრცელდა.

მდინარე სალაცთან ორი ადამიანის ნეშტი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა გენეტიკური ანალიზი მათ მხოლოდ ახლა ჩაუტარდათ. ჭირით ინფიცირებულის ნეშტის ანალიზით დადგინდა, რომ კაცი 20-30 წლისა გარდაიცვალა. თუმცა ის სხვებთან ერთად დამარხეს, ანუ მისი დაავადება არ აღიქვეს, როგორც რაიმე განსაკუთრებული.

„სავარაუდოდ, მას მღრღნელმა უკბინა, ის Yersinia pestis-ით დაინფიცირდა და რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში სეფსისით გარდაიცვალა“,- მიიჩნევს კილის უნივერსიტეტის დოქტორი ბენ კრაუზე-კიორა.

მოგვიანებით ჭირმა მუტაცია განიცადა, უფრო გადამდები და ლეტალური გახდა. ევროპის ისტორიაში ჭირის რამდენიმე პანდემია დაფიქსირდა. ერთ-ერთის დროს, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელით არის ცნობილი, მე-14 საუკუნეში კონტინენტის მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა.

დღეს ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ჭირი ანტიბიოტიკებით იკურნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0