close
კვლევები

კვლევა – პაციენტებში, რომლებსაც ჰიდროქლოროქინით მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც ჰიდროქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობდნენ,, სიკვდილიანობისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების გამოყენების უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნულ მედიკამენტს არ ღებულობდნენ.
კვლევაში, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩატარდა, მონაწილეობა 368 პაციენტმა მიიღო. აღნიშნული პაციენტებიდან 97-ში, რომლებსაც ჰიდროქლოროქინით მკურნალობდნენ, სიკვიდილიანობის მაჩვენებელი 27,8% იყო. ხოლო 158 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფში, სადაც მედიკამენტს არ იყენებდნენ, სიკვდილიანობის დონე მხოლოდ 11,4% იყო.
“ეს დასკვნები ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია დაველოდოთ ამ პრეპარატთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევების შედეგებს, ვიდრე მას ფართო მოხმარებაში დავნერგავთ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები, რომლებიც სამხრეთ კაროლინაში, კოლუმბიის ვეტერანთა საქმეების ჯანდაცვის სისტემის, ასევე სამხრეთ კაროლინისა და ვირჯინიის უნივერსიტეტების მკვლევარები არიან.
ისინი ასევე იკვლევდნენ, რამდენად ეფექტური იყო ჰიდროქლოროქინისა და აზითრომიცინის ნარევის ან მხოლოდ ჰიდროქლოროქინის მიღება და რამდენად იცავდა მკურნალობის ეს მეთოდი პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის საჭიროებისგან.
“ამ კვლევისგან ვერ მივიღეთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჰიდროქლოროქინით ან მისი აზითრომიცინთან კომბინირებით მკურნალობის შემთხვევაში, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში სასუნთქი აპარატის გამოყენების საჭიროება მცირდება,“ – წერენ კვლევის ავტორები.
ჰიდროქლოროქინი ათწლეულების განმავლობაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, როგორიცაა მალარია, მჭამელა(კანისა და ძვლის დამაზიანებელი დაავადება) და რევმატოიდული ართრიტი.
კიდევ ერთი ახალი კვლევის ფარგლებში, ფრანგმა მკვლევრებმა COVID-19-ით დაინფიცირებული 181 პაციენტის სამედიცინო ისტორიები შეისწავლეს, რომლებსაც აღენიშნებოდათ პნევმონია და დამატებით ჟანგბადს საჭიროებდნენ, დაახლოებით ნახევარს საავადმყოფოში მიყვანიდან 48 საათის განმავლობაში ჰიდროქლოროქინით უმკურნალეს, მეორე ნახევარს კი პრეპარატი არ მიუღია. აღნიშნულ ორ ჯგუფში დაფიქსიებული სიკვიდილანობის მაჩვენებელი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ აღმოჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რვა პაციენტს, რომლებმაც მედიკამენტი მიიღეს, გულის რითმის პრობლემები განუვითარდათ და იძულებულები გახდნენ, მედიკამენტის მიღება შეეწყვიტათ.
აღსანიშნავია, რომ არცერთი აღნიშნული კვლევა სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.
წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0