close
131047131_194268235662142_2324607132482489921_n

ჩვენ გარშემო ბევრი შემოქმედებითი ნიჭით დაჭიდლოვებული ადამიანი ცხოვრობს . ისინი ქმნიან მნიშვნელოვან გამოგონებებს, გვიზიარებენ მათ და ჩვენ ცხოვრებას ამარტივებენ. თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით არსებობს.

ინტელექტუალური საკუთრება არის ყველაფერი რაც ადამიანის გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული და მოიცავს ლიტერატურას, ხელოვნების დარგებსა და მეცნიერებას. მისი დაცვა მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენს, იმისთვის რომ მეტად ვფლობდეთ ინფორმაციას და მეტად შეგვეძლოს საკუთარი ქმნილების დაცვა, გარკვეული წესებისა და პროცედურების დაცვაა აუცილებელი. სწორედ ამის შესახებ ესაუბრა doctrina-ს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი .

„-რომ განვმარტოთ დამწყები შემოქმედებისთვის რას ნიშნავს დაპატენტება და რა ძირითად პროცედურებს მოიცავს ეს პროცესი ?

ზოგადად ყველა ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში შრომობს ინტელექტუალურად და შესაბამისად ქმნის ინტელექტუალური შრომის შედეგებს, რომელიც გარდაიქმნება მის საკუთრებად, ვინაიდან ის ხარჯავს გარკვეულ გონებრივ თუ ფინანსურ რესურსს ამა თუ იმ ნაწარმოების, გამოგონების, სასქონლო ნიშნის თუ დიზაინის შექმნისთვის. ამიტომ, იმისთვის რომ მას ჰქონდეს სტიმული შექმნას რაღაც ახალი, უნდა იცოდეს რომ მისი შრომის შედეგი იქნება დაცული და მესამე პირი, სხვა ადამიანი, მისგან ნებართვის აღების გარეშე ვერ შეძლებს მის მიერ შექმნილი პროდუქტის გამოყენებას.

ინტელექტუალური საკუთრება იყოფა რამდენიმე ობიექტად: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, საავტორო უფლება, ცხოველის და მცენარის ახალი ჯიში, გეოგრაფიული აღნიშვნა, დიზაინი. ტერმინი – პატენტი გამოიყენება გამოგონებებთან მიმართებით. როდესაც ადამიანი  შექმნის გამოგონებას, ეს გამოგონება შესაძლებელია დააპატენტოს. პატენტი ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა გამოგონებაზე, და გამოგონების მფლობელს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას რომ აკრძალოს მესამე პირების მიერ მის მიერ შექმნილი გამოგონების გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. ტერმინი „დაპატენტება“ გამოიყენება მხოლოდ გამოგონებაზე. დანარჩენ ობიექტებზე გამოვიყენებთ ტერმინებს – რეგისტრაცია ან დაცვა.

რაც შეეხება დაპატენტების პროცედურებს. გამომგონებელმა განაცხადი უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“, სადაც ტარდება ექსპერტიზა გამოგონებაზე, თუ რამდენად შეიძლება გამოგონებაზე გაიცეს პატენტი, ვინაიდან პატენტის მოპოვებასაც თავისი პირობები აქვს. მაგალითად, გამოგონებას უნდა ჰქონდეს სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. ექსპერტიზის შემდეგ, ექსპერტი მიიღებს გადაწყვეტილებას უნდა მოხდეს თუ არა გამოგონების დაპატენტება და პატენტის გაცემა. თუ პატენტი გაიცემა, ეს დოკუმენტი მისცემს გამოგონების მფლობელს საშუალებას, რომ მესამე პირს აეკრძალოს მისი გამოგონების უნებართვოდ გამოყენება.

-რატომ არის მნიშვნელოვანი ნამუშევრის დაცვა ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ნამუშევრის დაცვა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც არ მოხდეს მისი გამოყენება მესამე პირის მიერ არამართლზომიერად. როდესაც შექმნით ნაწარმოებს, დახატავთ ნახატს, გადაიღებთ ფოტოს, ან შექმნით მუსიკალურ კომპოზიციას, თქვენ ამ ნაწამოებებზე საავტორო უფლება წარმოგეშვებათ მისი შექმნის მომენტიდან და ეს ფაქტი არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას. საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს თავისი ნამუშევრის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე, შესაბამისად კი, ნებართვის გაცემაში მიიღოს გარკვეული სახის შემოსავალი.

-რა სირთულეები არსებობს და გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში საავტორო     უფლებების დაცვის კუთხით?

ზოგადად საავტორო უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტის გამოყენებამ კიდევ უფრო მარტივი გახადა უნებართვოდ სხვისი ნაწარმოების – მუსიკალური ნაწარმოების, ფოტო სურათების და ა.შ. გამოყენება. მთავარი გამოწვევა არის ის რომ ხშირად, ადამიანები გაუთვითცნობიერებლად არღვევენ სხვის საავტორო უფლებებს, არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ აუცილებელია მიუთითონ ავტორის სახელი ან ნებართვა აიღონ ავტორისგან ნაწარმოების გამოყენების დროს. თვითონ ავტორებსაც ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, რომ შეუძლიათ თავიანთი შემოქმედება დაიცვან, რომ ეს მათი საკუთრებაა და რომ შეუძლიათ გარკვეული სახის შემოსავლის მიღება მათი უფლებების კომერციალიზაციიდან. შესაბამისად, ძირითადი გამოწვევა მაინც საავტორო უფლებების დარღვევაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის უქონლობით არის გამოწვეული.

 

-თქვენი აზრით, რამდენად მაღალია ინფორმირებულობის დონე ამ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა გაკეთდეს მის გასაუმჯობესებლად ?

მნიშნველოვანია დარგში ცოდნის გადაცემა და ინფორმაციის გავრცელება. საქპატენტის სასწავლო ცენტრი ამ მიმართულების აქტიურად თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან და საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა თუ ტრენინგებს შეიმუშავებს. მნიშვნელოვანია რომ ის წრე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მაგალითად, ფოტოგრაფები, მწერლები, დიზაინერები, მასწავლებლები, სასაქონლო ნიშნის მფლობელები, კომპნიის იურისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლები ინფორმირებულები იყვნენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი „კრექტიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“. „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ EUGIPP-ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო გაკვეთილებში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კონცეფციისა და მთავარი მიმართულებების დანერგვას მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მასალებისა და აქტივობების გამოყენებით, ასევე, მასწავლებლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გაცნობას და ინტელექტუალურ საკუთრებაზე გაკვეთილის გეგმის შედგენას.

გვაქვს ასევე პროექტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიასთან (WIPO) – „IP4Youth&teachers“ – პროექტის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების დარგის სწავლებით დაინტერესებული პირების, მათ შორის, მასწავლებლების, სტუდენტების, დარგის პროფესიონალების გადამზადება.

 

-თქვენი აზრით, რამდენად უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემების ცოდნა მომავალი თაობებისთვის ?

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგის ძირითადი მიმართულებების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, სფეროს განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანი, სკოლის ასაკიდან აანალიზებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მნიშვნელობას და მათი დაცვის შედეგებს, რა თქმა უნდა ის მომართულია კიდევ უფრო კრეატიული აზროვნებისკენ, ვინაიდან იცის, რომ მისი ინტელექტუალური შრომის შედეგი დაცული იქნება და ამით ის შეძლებს მომავალში შემოსავლის მიღებას, რაც განავითარებს მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების სტიმულის ზრდას და კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტის შექმნას. „

როგორც პაბლო პიკასო წერდა „ ყველა ბავშვი მხატვარია. ძნელი ისაა, დიდობაშიც მხატვრად დარჩე „ – ასე რომ  განავითარეთ თქვენში არსებული გამომგონებლები, მეცნიერები, ხელოვანები და ნურც ის დაგავიწყდებათ რომ გონებრივი შრომით შექმნილს გაფრთხილება სჭირდება .

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი