close
პოლიტიკა

მიანმარში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. სამხედროები აფრთხილებენ მომიტინგეებს, რომ თუ ისინი ხელს შეუშლიან შეიარაღებული ძალების მოქმედებას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ასევე ჯარიმები და გრძელვადიანი სასჯელი ელით იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულ იქნებიან გადატრიალების ლიდერების მიმართ სიძულვილის შემცველი განცხადებების გაჟღერებაში, ხოლო მათ, ვინც შეეცდება საზოგადოებაში არეულობის შეტანას სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასობით ათასი ადამიანი ისევ აგრძელებს საპროტესტო აქციებს. მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში სტუდენტები გამოვიდნენ სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ და ათობით მათგანი დააკავეს. სამხედრო ძალები ღამით, კომენდანტის საათის დროს, არბევენ სახლებს და ადამიანებს უკანონოდ აკავებენ.

შაბათს სამხედროებმა შეცვალეს კანონები, რომლებიც ეხებოდა ბრალდებულის 24 საათზე მეტხანს დაკავებას და ასევე კერძო საკუთრების ჩხრეკას.

საპროტესტო აქციების ტალღა არ ცხრება და ისინი ისევ მოითხოვენ პოლიტიკური ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლებას, მათ შორის აუნ სან სუ ციის გათავისუფლებასაც და მიანმარის დემოკრატიის აღდგენას.

ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ უსაფრთხოების ძალებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ დემონსტრანტების მიმართ ძალადობისგან, რომლებიც აპროტესტებენ ლეგიტიმური მთავრობის დამხობას.”

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა   

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0