დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლოდა, ქვეყანაში არაჯანსაღი საკვების რეკლამირება 21:00-მდე აიკრძალება. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება ისეთი პროდუქტების რეკლამირებას, როგორიცაა: შოკოლადი, ბურგერები, გაზიანი სასმელები, ნამცხვრები, ტკბილეული, ნაყინი, ტკბილი წვენები, ჩიფსები და პიცები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეზღუდვების შემოღებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ ბრიტანეთის მოზარდი მოსახლეობის მეოთხედს ჭარბწონიანობის პრობლემა აწუხებთ.
მომავალი წლის ბოლოდან, ასევე, ტელევიზიით შემდეგი პროდუქტების რეკლამირება აიკრძალება: იოგურტები, ბურღულეული, რომელიც საუზმისას გამოიყენება, მზა კერძები, ქათმის ნაგეთსები და შემწვარი თევზი.
გამოცემა წერს, რომ ასევე იგეგმება ახალი წესის შემოღება ინტერნეტშეთავაზებებზე.
არაჯანსაღი საკვების რეკლამირების აკრძალვას არ ეთანხმებიან საკვების მწარმოებელი კომპანიები და ამბობენ, რომ აკრძალვა მათ ყოველწლიურად მილიონობით ფუნტი დაუჯდებათ. აღნიშნული წესი არ შეეხება საწარმოებს, სადაც 250-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დიდი ბრიტანეთი ონლაინსივრცეში არაჯანსაღი საკვების რეკლამირების სრულად აკრძალვას გეგმავდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად შეზღუდვის არეალი შემცირდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“