close
ატეგორიის გარეშე

“არ დაგითმობთ ჩვენს ტყეს” — პროტესტი თურქეთის პატარა ხეობაში სამთო კომპანიის წინააღმდეგ

5645

თურქეთში, რიზეს პროვინციის იქიზდერეს უბანში, ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან ქვის კარიერის პროექტს, რომელიც, მათი თქმით, ტყის რესურსებსა და ადგილობრივთა ყოფას საფრთხეს შეუქმნის. პროცესს თან სდევს დაპირისპირება პოლიციასთან, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

თურქული “ბიანეთის” ინფორმაციით, სამუშაოები, რომელთაც მთავრობასთან დაახლოებული “ჯენგიზ ჰოლდინგი” ახორციელებს, რიზეში 21 აპრილს დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა საპრეზიდენტო განკარგულება იქ მდებარე იშქენჯედერეს ხეობის ტერიტორიის დაუყოვნებლივი ექსპროპრიაციის შესახებ.

“ჰურიეთის” ცნობით, სამთო კომპანიას 16 მილიონი ტონა ქვის მოპოვება აქვს გადაწყვეტილი, რომლის გამოყენებასაც რიზეს ლოჯისტიკური ცენტრისა და პორტის პროექტის განხორციელებისას გეგმავს.

პროცესის დაწყებას მოქალაქეთა მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივთა თქმით, ისინი ინვესტიციას არ ეწინააღმდეგებიან, “თუმცა ქვის კარიერის ადგილი არასწორად არის შერჩეული”. მოქალაქეებმა მშენებლობის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ხეობის შესასვლელში კი, პროცესის სამეთვალყურეოდ, კარავი გაშალეს. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც დაიწყო.

მოქალაქეების ტერიტორიიდან გაძევების მცდელობისას ჟანდარმერიამ ადგილობრივთა მიერ გაშლილი კარავი აიღო და მშენებლობის ტერიტორია ჩაკეტა. თუმცა, მედიის ცნობით, პოლიციის მიერ მიღებული ზომებისა და პანდემიის კრიზისის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ადგილობრივები მთის გზებით გაემართნენ ხსენებული ტერიტორიისკენ და პროტესტი განაგრძეს.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, გასულ დღეებში პოლიციამ არაერთი მოქალაქე დააკავა. ისინი, ვინც უკვე გაათავისუფლეს, კვლავ დაბრუნდნენ ხეობაში და თანამოაზრეებს შეუერთდნენ. ადგილზე ასევე მიდიან მეზობელი სოფლებისა და დასახლებების მკვიდრნი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ პროექტის მოწინააღმდეგეებს.

25 აპრილს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც მშენებლობის ადგილას მისული ადგილობრივები ჩანან, ისმის შეძახილები: “ჩვენს ტყეს არ დაგითმობთ”. 

“ჩვენი სიცოცხლე აქ არის. გვაქვს ჩაის ბაღები, გვყავს ფუტკრები, წყარო გვაქვს… მთელი ჩვენი შემოსავალი აქედან მოდის. გავნადგურდებით, კარიერი რომ აშენდეს”, — ციტირებს ერთ-ერთ ადგილობრივს გამოცემა “ჰურიეთი”.

“აქ ვართ, რათა დავიცვათ ჩვენი საკუთრება. დღე და ღამე აქ ვიქნებით, ქვასაც კი არ დავთმობთ. ისინი დაიღლებიან, ჩვენ — არა”, — ამბობს კიდევ ერთი მათგანი.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში, რომელიც პროექტს თან ერთვის, ნათქვამია, რომ დაგეგმილი სამუშაოებისას ამფეთქებელი ტექნიკის გამოყენების გამო მოსუსტებულ მასალას შესაბამისად ამოიღებენ და მშენებლობისათვის გამოიყენებენ, გამანადგურებელი ეფექტის გარეშე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე არსებული გზები და ბილიკები  რეგულარულად მოირწყვება, რათა მტვრის ფორმირება შემცირდეს.

თუმცა ადგილობრივთა დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ არ სჯერათ სამუშაოების უსაფრთხოების. მათი თქმით, პროცესი უკანონოა და კომპანიას არც შესაბამისი ნებართვები გააჩნია. “ბიანეთის” ცნობით, პროტესტის მონაწილეებმა ხეობის შესასვლელში ფუტკრის სკები განალაგეს და ასე შეეცადნენ, ხელი შეეშალათ სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებისთვის.

გასულ დღეებში ადგილზე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩავიდა და მოქალაქეთა მოთხოვნებს მხარი დაუჭირა.

“არცერთი მოგება თუ პროექტი არ არის სოფლის მკვიდრთა საცხოვრებელ სივრცეზე ფასეული”, — თქვა ოპოზიციური “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მურათ ჩეფნიმ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერად.

გარეკნის ფოტო: Bianet

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი