გენდერული სტერეოტიპების მიუხედავად, რომლებიც ქალებს ცუდ მძღოლებად წარმოაჩენენ, ახალი კვლევით ვიგებთ, რომ ქალები უფრო იშვიათად ხვდებიან ავარიებში, ვიდრე კაცები.

“ამ მონაცემებით, ქალები უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კვლევა ბრიტანულმა ფინანსური სერვისების შემდარებელმა კომპანიამ ჩაატარა. სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 2017 წელს საგზაო წესების დარღვევის გამო, სასამართლოში მოხვედრილი მძღოლების 80% კაცები იყვნენ, ხოლო მანქანის დაზღვევას ყოველი სამი მომხმარებლიდან 2 კაცი მიმართავდა.

კვლევის მიხედვით, კაცები უფრო ხშირად ავლენენ მანქანის მართვის ცუდ ჩვევებს. მაგალითად, ციმციმას ჩართვის გარეშე, ხაზებს კაცების 23 და ქალების 17 პროცენტი კვეთს.