close
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

რუსი დიპლომატი ,,ახალი ცივი ომის” დაწყების რისკებზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა ავსტრალიაში, გრიგორი ლოგვინოვმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ მსოფლიო „ცივი ომის მსგავს სიტუაციაში“ აღმოჩნდება, თუკი დასავლეთის ქვეყნები განაგრძნობენ რუსი დიპლომატების გაძევებას ქვეყნიდან დიდ ბრიტანეთში მომხდარი ე.წ ნერვული აგენტის საკითხის გამო. ელჩი ლოგვინოვის განცხადებით: „ დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ანტი რუსულ კამპანიას მომავალი არ აქვს. თუკი ეს სიტუაცია გაგრძელდება, მსოფლიო ცივი ომის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება“.
რუსეთის ხელისუფლება კვლავ უარყოფს დიდ ბრიტანეთში მოკლული ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის საქმესთან რაიმე სახის კავშირს. დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის გამოსახატად და რუსეთის საპასუხოდ, აშშ-მა და ევროპის უმეტესმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევება დაიწყეს. ავსტრალიამ განაცხადა, რომ ის 2 ელჩს გააძევებს, რასაც მოჰყვა ლოგვინოვის პასუხი ცივი ომის დაწყების რისკების შესახებ.
აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის ელჩი ინდონეზიაშიც. ლუდმილა ვორობიევას განცხადებით, რუსი დიპლომატების გაძევება „სრული აბსურდია“ და რომ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა ცივი, არამედ „ყინულის ომი“, რომელიც მარტივად შეიძლება გადაიზარდოს „ცხელ ომში“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთის მოკავშირეები რუს დიპლომატებს აძევებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობის გამოცხადება სურთ, არამედ იმიტომაც, რომ ცნობენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ავსტრიამ, პორტუგალიამ, მალტამ და საბერძნეთმა შეიკავა თავი მოქმედებისგან.

 

წყარო: CNN, Reuters

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid