close
ნალიტიკასოფლიო

რა ურთიერთმიმართება არსებობს კონტინენტებს, კლიმატსა და კულტურას შორის

რუკა

  მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ევროპული იდენტობა სათავეს ანტიკურ სამყაროში იღებს, დღეს მეცნიერთა საკმაოდ დიდი რაოდენობა უჭერს მხარს. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ანტიკურობაში ცნება – „ევროპა“ მხოლოდ მითოლოგიურ და გეოგრაფიულ კონტექსტში არის განსახილველი.

მკვლევართა უმეტესობის მიხედვით კი, უკვე ანტიკურ ეპოქაში კონცეფციას „ევროპა“ კულტურულ იდენტობად მოიაზრებდნენ; აშკარაა კავშირი გეოგრაფიასა (კერძოდ, კონტინენტებსა თუ კლიმატურ სარტყელებს) და კულტურის ცნებას შორის, რომელშიც სხვადასხვა დროს ძველი ბერძნები ხალხთა მახასიათებლებს, პოლიტიკურ სტრუქტურებს, სამხედრო აღზრდის ფაქტორებსა და აღზრდა-განათლებისა თუ ცხოვრების წესის მოდელებს გულისხმობდნენ. ვარაუდობენ, რომ საწყის ეტაპზე ბერძნები სამყაროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ყოფდნენ და ტერმინებს „ევროპასა“ და „აზიას“ ეგეოსის ზღვის დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროების აღსანიშნავად იყენებდნენ. თუმცა უკვე ბერძენ ლოგოგრაფოსებთან (ძვ. წ. VI ს.), რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებდათ ცივი და ცხელი კლიმატის დაპირისპირების საკითხი, მსოფლიოს ეს ადრინდელი დაყოფა შეიცვალა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად დაყოფით. შესაბამისად, მათ რუკაზე ჩრდილოეთით – ევროპის, ხოლო სამხრეთით აზიის კონტინენტები იყო განთავსებული ამ სარტყელთათვის ნიშანდობლივი ცივი და ცხელი კლიმატით. მართალია, ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტესთვის ცნობილი იყო სამყაროს კიდევ ერთი კონტინენტის – აფრიკის არსებობა (ძველი ბერძნები მას ლიბიას უწოდებდნენ), ის მაინც სამყაროს ბიპოლარულ – სამხრეთად და ჩრდილოეთად – დაყოფას ანიჭებდა უპირატესობას. სწორედ დედამიწის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებში ხედავდა ისტორიკოსი ერთსა და იმავე დროს სიმეტრიულ და ოპოზიციურ გეოგრაფიულ წყვილებს – სამხრეთის და ჩრდილოეთის მთავარ მდინარეთა (ნილოსისა და ისტროსის) თუ მთავარ ქართა (ნოტოსისა და ბორეასის) სახით.

აღნიშნულ ფაქტორთა ოპოზიციიდან ჰეროდოტეს გამოჰყავს შეპირისპირება იმ ხალხებისა, რომლებიც მათ გავლენას განიცდიან. ეგვიპტელთა და სკვითთა მისეული აღწერა წარმოგვიდგენს წყვილურ ოპოზიციას სამხრეთ და ჩრდილოეთ სარტყლებში მდებარე კონტინენტების უძველეს ეთნოსებს შორის; სამხრეთელები – რბილი და დინჯი, ხოლო ჩრდილოელები ენერგიული და მამაცი მეომარი ხალხები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კავშირს კლიმატსა და სამხედრო ძლიერებას შორის ჰეროდოტესთან ჯერ კიდევ ჩანასახოვანი სახე აქვს, ცხადია, რომ ის უკვე ხედავს კავშირს კულტურას, ამ შემთხვევაში, სამხედრო ძლიერებასა, და კონტინენტებსა და კლიმატს შორის. სამყაროს გეოკულტურული ხედვა – კლიმატის, კონტინენტთა და კულტურათა ურთიერთდამოკიდებულება – სისტემატიზებულ სახეს იღებს უცნობი ბერძენი ავტორის ტრაქტატში „ჰაერის, წყლებისა და ადგილების შესახებ“ (ძვ. წ. V საუკუნის ბოლო). განსხვავება ევროპასა და აზიას შორის ავტორს კლიმატური სხვაობის, ერთში – ცივი, ხოლო მეორეში ცხელი ტემპერატურის აღწერამდე არ დაჰყავს. მისი აზრით, აზიის ზომიერი კლიმატი განაპირობებს ნაყოფიერ მიწას, საქონლის სიჯანსაღეს, ადამიანთა აგებულებას, მათ ტანადობასა და სილამაზეს. მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ კეთილისმყოფელი კლიმატი მათ ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე არ აყენებს, აზიელების უარყოფითი თვისებების მიზეზად გვევლინება: ისინი არ არიან მამაცნი, ამტანნი, შრომისმოყვარენი და ენერგიულნი. ამის საპირისპიროდ ევროპისათვის დამახასიათებელი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, რაც სტრესულია ადამიანის სხეულისა და გონებისათვის, განაპირობებს მისი მაცხოვრებლების ენერგიულობას, სიმამაცეს, სამხედრო სიძლიერეს. ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსები აგრძელებენ ფიქრს იმაზე, თუ რა ურთიერთმიმართება არსებობს კონტინენტებს, კლიმატსა და კულტურას შორის. პლატონთან სამყარო სამ კულტურულ-გეოგრაფიულ სარტყლად არის დაყოფილი; ჩრდილოეთში მცხოვრები სკვითები და თრაკიელები აგრესიულნი და შეუდრეკელნი არიან, ხოლო სამხრეთ სარტყელში განთავსებულ ეგვიპტელებსა და ფინიკიელებს პრაგმატულობა და ეშმაკობა ახასიათებთ; ცენტრალურ ზონაში მაცხოვრებელი ბერძნები კი, ცენტრისათვის (სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის მდებარეობა) მახასიათებელი სიქველის გამო, საუკეთესონი არიან, რადგან მათ უმთავრესი რამ – „ცოდნისმოყვარულობა“ ახასიათებთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid