close
ამოგონება - ინოვაციას საინტერესოააქართველო

ქართველი გამომგონებლის – გიორგი მაჩაბლის პარფიუმერიის წარმატებული ხაზი ნიუ-იორკში

25395999_1412904428838707_3991702455953395009_n

ქართველი გამომგონებელი, ქიმიკოსი და პოლიტიკოსი – გიორგი მაჩაბელი მსოფლიოში ცნობილია როგორც – The Prince George Matchabeli და მის სახელს, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ში შექმნილი პარფიუმერიის ხაზი უკავშირდება, რის გამოც მას „სუნამოების პრინცადაც“ მოიხსენიებენ ხოლმე. ცნობილი მთარგმნელის – ივანე მაჩაბელის ძმისშვილი ლონგ-აილენდის სასაფლაოზე, ნიუ-იორკშია დაკრძალული, მის მიერ შექმნილი პარფიუმერიის ხაზი კი დღემდე ერთ-ერთ უძველეს და მოთხოვნად პარფიუმერულ ნაწარმად რჩება ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელი 1885 წ. თბილისში დაიბადა და განათლება სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა, აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო — ხან მეზღვაური იყო, ხან მძღოლი და ხანაც შიკრიკი. ინტერესთა ფართო სპექტრის მიუხედავად, მაჩაბელ აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებშიც და 1918 წ. 26 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, გიორგი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში, სადაც მეუღლესთან – ცნობილ იტალიელ მსახიობთან – ნორინა ჯილთან ერთად ცხოვრობდა.

1922 წ. მაჩაბელი ამერიკაში გადასახლდა და ნიუ-იორკში გახსნა ანტიკური მაღაზია, რომლის სახელწოდებაც სტენდალის რომანიდან გამომდინარე ,,წითელი და შავი” შეარჩია, აქ ცოლ-ქმარი სხვადასხვა სახის ანტიკვარიატს ჰყიდდა, მათ შორის სპარსულ ფარდაგებს, ავეჯს, იტალიურ და ესპანურ ძვირფას ქსოვილებსა თუ სამკაულებს. თუმცა, მოგვიანებით, როცა საკუთარი პირველი სუნამო – ცოლისადმი მიძღვნილი “Princess Norina” გამოუშვა, მისმა წარმატებამ გადაფარა ანტიკვარიატის ბიზნესი, ამან კი პარფიუმერიის წარმოებით სერიოზულად დაინტერესებისკენ უბიძგა მაჩაბელს.

 1926 წელს ნიუ-იორკში მაჩაბელმა დაარსა პარფიუმერული ხაზი “Prince Matchabeli” – „მე ვქმნი პარფიუმერიას ამერიკისთვის, რომლის პარიზული ფასები, აქამდე არასდროს ყოფილა აქ ასე მისაღები, მაგრამ, რეალურად, მთელი ცხოვრება ქიმიის სფეროში ვტრიალდებდი და ვქმნიდი პარფიუმერიას, თუმცა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ მათზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ბიზნესის სახე მიმეცა“ (გიორგი მაჩაბელი, 1928).

მაჩაბელი ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში, 1930 წლის ,,The New-Yorker-ი” იუწყება, რომ მას ჩვევად ჰქონია, ქალბატონებისთვის თავაზიანად ეგრძნობინებინა თუ კი შეამჩნევდა, რომ ისინი შეუფერებელ სუნამოს ხმარობდნენ და თავის ერთ-ერთ პროდუქტი გაეგზავნა პატივისცემის ნიშნად. მომავალში კი, თუ შეამჩნევდა რომ რომელიმე მათგანი კვლავ ძველებურ სუნამოს ხმარობდა, ხუმრობით მიაგებდა – „თქვენ მე არ მიერთგულეთო“.

წარმატებული ბიზნესსაქმიანობის მიუხედავად, მაჩაბელი აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც და ის იყო შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი პირველი ინიციატორი, როგორც ცნობილია, მაჩაბელი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს ამერიკაში. გიორგი მაჩაბელი 1931 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მალევე, მისი პარფიუმერიის სახლი ჯერ კერძო პირს, შემდეგ კი „Vicks Chemical Company-ს“ გადაეცა, თუმცა აღსანიშნავია რომ ბოლო პარფიუმერიის სახლის ბოლო ნაწარმი 2002 წელს არის გამოცემული და დღევანდელ ბაზარზეც პრინცი მაჩაბელის სახელით ფიგურირებს.

 წყარო: princematchabelli.blogspot.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი