close
საქართველო

ქართული ანბანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში

 ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე, რომელიც 27 ნომებრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, იუნესკომ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა

იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას  ექვსი ახალი ელემენტი შეემატა, რომელთა შორის არსებული მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ ადასტურებს არამატერიალური კულტურის  მნიშვნელობას კაცობრიობისათვის,  მათ შორისაა ისეთი ელემენტები, როგორიცაა მაგალითად ბელგიური ლუდის  დამზადების კულტურა,  გრენვილის დღესასწაული საფრანგეთში და სხვები, თუმცა ქართული კულტურისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ქართული ანბანის სამივე სახეობისთვის  მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაა.

ქართული დამწერლობა სამი ისტორიული სახისაგან შედგება, ესენია: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული, დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობების დროთა განმავლობაში,  ცვალებადობის თვალსაზრისით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია,  მხედრული კი ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც კულტურის განვითარებასთან ერთად  წიგნზე  მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა.  ,,აღნიშნული ანბანური სისტემები ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ გამომდინარე განსხვავებული ფუნქციური დატვირთვიდან, რომელშიც კარგად აისახება ქართული კულტურის იდენტობა. საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემა ამჟამად მხედრულ დამწერლობას ეფუძვნება. ხოლო, ნუსხური და მრგვლოვანი ძირითადად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლების საზოგადოებაში ისწავლება“ – ნათქვამია იუნესკოს ოფიციალურ საიტზე.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს  წარედგინა და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქტიურად მუშაობდნენ თემის პოპულარიზაციისათვის. კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი  და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი დასხვები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღინიშნა, რომ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში“.

წყარო: http://www.mfa.gov.ge/;  unesco.org

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0