close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ მისია „ლიუსის“ ასტეროიდთან პირველი შეხვედრის კადრები მიიღო

NASA-ს სპეციალისტები მისია „ლიუსის“ ასტეროიდთან პირველი შეხვედრის შემდეგ მიღებულ ინფორმაციას აანალიზებენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, 1-ელ ნოემბერს აპარატმა მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდ დინკინეშს ჩაუფრინა და ფოტოები გადაუღო. აღმოჩნდა, რომ დინკინეში ბინარული წყვილის ნაწილია და მის ორბიტაზე პატარა ასტეროიდი მოძრაობს.
თუმცა, დეტალური გამოსახულებების მიღების შემდეგ ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ პატარა ასტეროიდი სინამდვილეში კონტაქტურ წყვილს წარმოადგენს – ორ ასტეროიდს, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან.

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ კონტაქტური წყვილები მზის სისტემაში გავრცელებული მოვლენაა, თუმცა „ლიუსიზე“ მომუშავე მეცნიერები მაინც გაკვირვებულები იყვნენ.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სისტემა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს. კერძოდ, არ მესმის რატომ არის კონტაქტური წყვილის ორივე კომპონენტი მსგავსი ზომის. მეცნიერებისთვის სახალისო იქნება ამის გარკვევა“, – განაცხადა ასტრონომმა ჰალ ლევისონმა.

„ლიუსი“ დინკინეშთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ჯერ კიდევ აწვდის. შემდეგ ასტეროიდს – დონალდჯოჰანსონს აპარატი 2025 წელს ჩაუფრენს, მერე კი იუპიტერისკენ გაემართება, სადაც ტროას ასტეროიდების ჯგუფს შეისწავლის.

„ლიუსი“ 2021 წლის ოქტომბერში გაუშვეს. მისიას სახელწოდება ავსტრალოპითეკ ლიუსის ჩონჩხის პატივსაცემად შეურჩიეს, იმიტომ რომ ტროას ასტეროიდების კვლევამ შეიძლება მზის სისტემის ადრეული ისტორიის ფაქტები გამოავლინოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response