close
მედიცინა

FlexiOss-ი – ხელოვნური ძვალი, რომელიც პაციენტებს კიდურების ამპუტაციისგან იხსნის

პოლონელი მენციერები აცხადებენ, რომ ახალი სახის ხელოვნური ძვალი – FlexiOss-ი – წარმატებით გამოსცადეს.

FlexiOss-ის ინოვაციური ტექნოლოგია ქირურგებს საშუალებას აძლევს, რომ ხელოვნურ ძვალს  ოპერაციის დროს სასურველი ფორმა მისცენ და პაციენტის სხეულში იოლად განათავსონ.

სამედიცინო ექსპერტებმა ახალი „ძვლის“ ტექნოლოგიის გამოყენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, რამაც, მათი ინფორმაციით, დადებითი შედეგი აჩვენა და რამდენიმე პაციენტი კიდურის (კიდურების) აპმუტაციას გადაარჩინა.

ექიმმა ადამ ნოგალსკიმ FlexiOss-ი რკინის ფირფიტასთან ერთად პაციენტის დაზიანებული ძვლის 7-სენტიმეტრიანი მონაკვეთის აღსადგენად 8 წლის წინ გამოიყენა და აღნიშნულ პაციენტს, რომელსაც ოპერაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტრავმის გამო დასჭირდა, თავისუფლად, ყავარჯნების გარეშე გადაადგილება შეუძლია.

FlexiOss-ის ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობა ბიოქიმიკოსმა ანა ბელქარჟმა მიიღო. მისი განცხადებით, ქირურგები არცთუ ისე კმაყოფილები არიან ძვლების აქამდე არსებული ჩამნაცვლებლებით, რომლებსაც, ძირითადად ფხვნილის ფორმა აქვთ. FlexiOss-ის გამოყენება კი გაცილებით მოსახერხებელია. მისი გაჭრა და სასურველი ფორმის მიცემა ადვილადაა შესაძლებელია, როცა ის მშრალია, დასველების შემთხვევაში კი ის მოქნილი ხდება და პაციენტის სხეულში ადვილი განსათავსებელია.

გარდა ამისა, FlexiOss-ი ცხოველურზე მეტად ხელოვნური კომპონენტებისგან შედგება, რაც ამცირებს რისკს, რომ მას ორგანიზმი ვერ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ძვალი სხეულში რჩება და მის გარშემო ძვლის უჯრედები იზრდება.

„FlexiOss-ი პემზის ქვას ჰგავს, თუმცა ეს ასე არაა. ეს არის მასალა, რომელიც ძვალს ცვლის და როდესაც მას ხსნარით ასველებენ, ელასტიური ხდება და ქირურგებს შეუძლიათ, ოპერაციის დროს მას სასურველი ფორმა მისცენ,“ – განაცხადა ანა ბელქარჟმა.

FlexiOss-ის პროექტმა ევროკავშირიდან გრანტების სახით 1 მილიონი ევრო მიიღო. ის 14 ჯილდოს მფლობელია. ექსპერიმენტული ოპერაციების ფარგლებში FlexiOss-ის იმპლანტები დღემდე 41 ადამიანს უსასყიდლოდ გადაეცა.

წყარო :euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0