close

მედიცინა

ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის.

იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია.

Jaxa- ს თანახმად, ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია.

კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 დღე გაატარეს.

რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის რადიაციის დამატებითი დასხივებით, კოსმოსური ფრენა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, დაბერების პროცესის მსგავსს, როგორიცაა ძვლის სიმკვრივის დაკარგვა. კვლევისთვის, 6 თაგვს გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით Nrf2 „მოაშორეს“, დანარჩენ 6-ს კი – არა.

აღმოჩნდა, რომ იმ თაგვებს, რომლებსაც Nrf2 ცილა არ ჰქონდათ სისხლში დაბერების მსგავსი ცვლილებები სწრაფად განუვითარდათ, იმათმა კი, რომლებსაც Nrf2 ჰქონდათ, უფრო სუსტი ტრანსფორმაცია განიცადეს.

მკვლევარები თვლიან, რომ Nrf2 შეიძლება დედამიწაზე დაბერების პროცესის შენელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, აღნიშული აღმოჩენა კი მათ დაბერების პროცესთან ბრძოლასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი და დიაბეტი, სამკურნალო მედიკამენტების შექმნაში დაეხმაროთ. ამასთან, მეცნიერებმა შესაძლოა განავითარონ მკურნალობის საშუალებები, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს შეამცირებს.

წყარო : japantimes.co.jp

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს | მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა.

რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა მოლეკულური მანქანის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტრუქტურას ანადგურებს და კიბოს ამარცხებს.

კვლევის დროს მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი სიმსივნური უჯრედების 99%-ის განადგურება შეძლეს. მკვლევარებმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და მათი 50% სიმსივნისგან განიკურნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.

ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.

შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.

მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.

ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.

ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

სიმსივნური დაავადებები ახალგაზრდებში თითქმის გაორმაგდა – შვეიცარიელი ექსპერტი

„50 წლამდე ადამიანებში სიმსივნური დაავადებები ოდესღაც ძალიან იშვიათი იყო. ახლა ის ძალიან გახშირდა, თითქმის გაორმაგდა“, – ამბობს ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სოლანჟ პეტერსი. მისი აზრით, ეს „საგანგაშო ნიშანია“.

„შემთხვევების რაოდენობა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებშიც იზრდება, მაგრამ, მათ შემთხვევაში, მოსახლეობის დაბერებასთან გვაქვს საქმე“, – განუცხადა ხუთშაბათს, 21 დეკემბერს პეტერსმა გაზეთ „24 საათს“ („24 heures“).

„50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბო ადრე იშვიათობას წარმოადგენდა. ახლა ვითარება იცვლება, – ამბობს ის, – მართალია, ამ ასაკობრივ ჯგუფში (50 წელი და ქვემოთ) დააავდებულთა რაოდენობა, უფრო ხანდაზმულებთან შედარებით, კვლავ ნაკლებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აღნიშნულ ასაკობრივ სეგმენტში (50 წელი) მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ეს საგანგაშო ნიშანია“. დაავადების სიხშირის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, ღვიძლის, პროსტატის, თირკმელების და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევებში.

სიმსივნური დაავადებების აქამდე კარგად ცნობილ ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, მოწევა და ალკოჰოლი, პიტერსი კიდევ უფრო განავრცობს და ჩამონათვალში ხელოვნური შაქარი და საკვები დანამატებიც შეჰყავს. „ეგრეთ წოდებულ „განვითარებულ ქვეყნებში“ ასეთი ევოლუცია, როგორც ჩანს, ჩვენს ცხოვრების წესს უკავშირდება“, – ამბობს პიტერსი.

„მიუღებელი უთანასწორობა“

„გამოიკვეთა სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც: წითელი ხორცის გადაჭარბებულ მოხმარებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეებს შორის; გარემოს დაბინძურებასა და სასუნთქი და საშარდე გზების სიმსივნეებს შორის; ჰორმონებსა და ძუძუს კიბოს შორის“, – განმარტავს შვეიცარიელი ექსპერტი- ონკოლოგი.

მისივე თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი სიმსივნური დაავადებების პრევენციის მყარი საფუძველია, თუმცა, შესაძლოა, ეს დაავადებები გენეტიკურმა და ინფექციურმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. ამასთან, პიტერსი ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას.

„უკეთესია, სამედიცინო სერვისები გამოვიყენოთ, ვიდრე სიმპტომების გახანგრძლივებას და დაგვიანებით გამოვლენას დაველოდოთ, – ამბობს ის, – მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში არსებულ ყოვლად მიუღებელ უთანასწორობასთან მოგვიწევს გამკლავება“.

1 tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ინტერნეტით სარგებლობა ხშირად სხვადასხვა კოგნიტიური პრობლემის მაპროვოცირებლად აღიქმება, რაც მეტწილად ნამდვილად ასეა. იმის გასაგებად, ვრცელდება თუ არა ეს დემენციაზე, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს.

მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ 50-65 წლის ინდივიდებში ინტერნეტის რეგულარულად ან საშუალო სიხშირით გამოყენება შესაძლოა, კოგნიტიურ ფუნქციებზე პირიქით, დადებითად მოქმედებდეს. ეს საინტერესოა, რადგან მსგავსი კვლევების უმეტესობა უარყოფით გავლენაზეა ფოკუსირებული.

სპეციალისტებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 20 000 ზრდასრული ამერიკელის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ავტორები კი შუახნის ასაკის ადამიანებზე კონცენტრირდნენ.

მათ 2002-2018 წლებში ყოველ 2 წელში ერთხელ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკითხვა უტარდებოდათ. პასუხები განსხვავდებოდა. მაგალითად, 65% ამბობდა, რომ ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობდა, ხოლო 21% აღნიშნავდა, რომ ეს დროთა განმავლობაში ცვალებადი იყო. ზოგიერთ მონაწილეს ამ დროში დემენცია ჩამოუყალიბდა, ზოგი კი დაიღუპა.

მეცნიერთა შეფასებით, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლეებში დემენციით დაავადების 1.54%-იანი რისკი იყო, ხოლო არამოსარგებლეებში – 10.45%. შესწავლილ ინდივიდებში დემენციის ჩამოყალიბების დროის გათვალისწინებით დადგინდა, რომ უკანასკნელ ჯგუფთან შედარებით, მათში, ვინც ინტერნეტს ხშირად იყენებდა, კოგნიტიური აშლილობის გამოვლენის შანსი მხოლოდ ნახევარი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი გავლენაც გამოიკვეთა: მეცნიერებმა დღეში 2-ზე მეტი საათით ინტერნეტის გამოყენება დემენციის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს.

აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ინტერნეტით სარგებლობა შუახნის ადამიანებში დემენციის რისკს ამცირებდეს, მაგრამ ყოველდღიურად ამის დიდი ხნით კეთება საფრთხეს შეიცავს.

„არაა გამორიცხული, ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობა გაზრდილ კოგნიტიურ სტიმულაციასთან და, შესაბამისად, დემენციის დაბალ რისკთან იყოს ასოცირებული ან შესაძლოა, დემენციის დაბალი რისკის მქონე ადამიანები ინტერნეტის ხშირი გამოყენებისკენ იყვნენ მიდრეკილნი”, — აცხადებენ სპეციალისტები.

ეს ნიშნავს, რომ გამოვლენილია გარკვეული კავშირი და არა მიზეზ-შედეგობრიობა, რაც უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Geriatrics Society გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

ახალ სისტემას შეუძლია, ენის ფოტოს მიხედვით ზუსტი დიაგნოზები დასვას

სამედიცინო მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელსაც ენის ფოტოს მიხედვით თითქმის უშეცდომოდ შეუძლია გაიგოს, რა აწუხებს პაციენტს.

ახალი სისტემა მანქანური დასწავლის გამოყენებით საშუალებას გვაძლევს, რომ ენით დიაგნოსტირების უძველესი სამედიცინო პრაქტიკა ავტომატურად განვახორციელოთ.

ალგორითმს დაავადებები ენის ფოტოებისა და შესაბამისი დიაგნოზების მიხედვით დაასწავლეს. მასალები მკვლევრებს შუა აღმოსავლეთის სასწავლო საავადმყოფოებმა მიაწოდეს. პაციენტებს, რომელთაც ენები ეკუთვნოდათ, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებდათ, იქნება ეს მომნელებელი სისტემის პრობლემები თუ COVID-19.

შემთხვევათა 98.71%-ში AI-მ ზუსტად დაადგინა, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა პაციენტს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მათი ენის ფერის მიხედვით გააკეთა.

სისტემის შესაქმნელად მეცნიერებმა მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმს მიაწოდეს ფოტოები და შესაბამისი დიაგნოზები, სულ 5 200 ფოტო. სურდათ გაეგოთ, რამდენად ზუსტად შეძლებდა ისინი “ენის ფერის პროგნოზირებას ნებისმიერი განათების პირობებში”. შეფასება ყველაზე არაზუსტმა სისტემამაც (naïve Bayes-ის მეთოდოლოგია) კი 91%-იანი სიზუსტით შეძლო, ხოლო ყველაზე ზუსტი XGBoost კარკასი აღმოჩნდა — მან შემთხვევათა 98.71%-ში შეძლო დიაგნოზის სწორად დასმა.

ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა (პროფესორის თანაშემწე ბაღდადის საშუალო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში), განაცხადა, რომ გუნდი ორიათასი წლის ჩინურმა სამედიცინო პრაქტიკამ შთააგონა, რომლის მეშვეობითაც დღესაც საკმაოდ ზუსტი დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი.

“ენის ფერმა, ფორმამ და სისქემ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეიძლება გამოავლინოს”, — განაცხადა ალ-ნაჯიმ.

რადგან სიზუსტე უკვე მიღწეულია, მკვლევრები სამომავლოდ ამ AI-ს მქონე მობილური აპლიკაციის შექმნას გეგმავენ, რომლითაც პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობას სახლის პირობებში შეაფასებენ.

ჯავაან ჩალის, კვლევის თანაავტორის, თქმით, “ენის კომპიუტერიზებული ანალიზი” არამხოლოდ უსაფრთხო და ეფექტიანია, არამედ “თანამედროვე მეთოდებს საუკუნეების წინანდელი პრაქტიკით უმაგრებს ზურგს”.

ნაშრომი ჟურნალ Technologies-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

ადამიანებზე კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან

იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, რომ კბილების ხელახლა გასაზრდელად მათ მიერ შემუშავებული თერაპია ადამიანებზე გამოცადონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, რეგენერაციისთვის საჭირო პრეპარატი 2030 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021 წელს კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომლითაც ვიგებთ, რომ თაგვებში USAG-1-ის სახელით ცნობილი ცილა კბილების ამოსვლას აფერხებს. ასევე, დადგინდა, რომ ამ ცილის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლებით მღრღნელებში კბილების რეგენერაცია შედგა.

იმავე გუნდმა სათანადო პრეპარატი შექმნა, რომელიც USAG-1-ის ფუნქციას ბლოკავს და თაგვებში ახალი კბილების გაზრდას უწყობს ხელს. იგივე შედეგი დაფიქსირდა ქრცვინებშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური მახასიათებლები აქვთ.

ავტორები ფიქრობენ, რომ ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შემდეგ, ახლა უკვე ადამიანთა ჯერია. კვლევის ახალი ეტაპის დაწყება 2024 წლის ივლისში იგეგმება.

„ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა დანტისტის ოცნებაა. ამაზე დამამთავრებელი კურსიდან მოყოლებულია, ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგს მივაღწევდი. იმედი გვაქვს, მედიკამენტის კლინიკურ გამოყენებამდე გზას გავკვალავთ”, – აცხადებს მეცნიერი კაცუ ტაკაჰაში.

ასაკის მატებასთან ერთად, კბილების დაკარგვის რისკი იზრდება და, სარძევე კბილებისგან განსხვავებით, მათ ახალი წყება აღარ ანაცვლებს. ზემოხსენებული თერაპიით კი შესაძლოა, ე.წ. მესამე თაობის რეგენერაციას მივაღწიოთ. შედეგები იმედის მომცემია და არაა გამორიცხული, პრეპარატი რამდენიმე წელში ფართო გამოყენებისთვის მზად იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შეიმუშავეს ტესტი, რომელიც ტვინის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოავლენს

 მეცნიერებმა სისხლის ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც ტვინის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შეუძლია. საუბარია გლიობლასტომაზე და ახლა მისი დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზით, ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება.

ტესტი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და მას გლიობლასტომის ნიშნების აღმოჩენა ერთი საათის განმავლობაში შეუძლია. მოწყობილობა მარტივი გამოსაყენებელია და საჭიროებს მხოლოდ სისხლის მცირე სინჯს (დაახლოებით 100 მიკროლიტრი სისხლი).

„ეს ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, გაიზრდება გლიობლასტომის ადრეული დიაგნოსტიკა, რაც სიცოცხლის გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაგვიზრდის”, — თქვა ჰსუე-ჩია ჩანგმა, ბაიერის ქიმიური და ბიომოლეკულური ინჟინერიის პროფესორმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.

კიბოს ბიომარკერები
გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს უაღრესად აგრესიული და ავთვისებიანი ფორმაა. დაავადების დიაგნოზის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა მხოლოდ 12-დან 18 თვემდე ცხოვრობს. როგორც წესი, ინვაზიური ბიოფსია გლიობლასტომის დიაგნოსტიკის საბოლოო გზაა. ეს სიმსივნიდან ქსოვილის ნიმუშის აღებასა და მის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევას გულისხმობს.

სისხლის ახალი ტესტი ტვინის კიბოს ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების კარგი შესაძლებლობა იქნება. აღსანიშნავია, რომ ტესტი კეთდება ავტომატური მოწყობილობის საშუალებით.

ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატარა ბიოჩიპია, რომელიც იყენებს ელექტროკინეტიკურ სენსორს. გლიობლასტომის სადიაგნოსტიკო მოწყობილობაში ელექტროკინეტიკური სენსორი გამოიყენება უჯრედგარე ვეზიკულების დასაჭერად და გამოსავლენად. სწორედ ეს შეიცავს დაავადებასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს. ცილაზე დაფუძნებული ეს ბიომარკერები ცნობილია როგორც ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორები (EGFR) და ისინი ჭარბადაა გამოხატული გლიობლასტომაში.

მკვლევრების თქმით, ბიოჩიპი წარმოუდგენლად მგრძნობიარე და შერჩევითია, რაც მას საშუალებას აძლევს განასხვაოს აქტიური და არააქტიური EGFR-იები.

კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირება შეუძლია

ბრისტოლის უნივერსიტეტმა შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზირებას.
ბრისტოლის ლაბორატორიის ჯგუფმა შეიმუშავა ხელის მსგავსი მოწყობილობა სენსორებით, რომელიც სარძევე ჯირკვლების შესამოწმებლად ადამიანის მსგავს ძალას იყენებს და სიმსივნეს უფრო დიდ სიღრმეზე აღმოაჩენს.
რობოტის შემქმნელი ჯგუფის თქმით, მათი პროექტის საბოლოო მიზანი იყო ის, რომ მოწყობილობას შეძლებოდა სიმსივნის ამოცნობა უფრო ზუსტად და უფრო ღრმა დონეზე, ვიდრე ეს შესაძლებელია ადამიანის შეხებით და ის კომბინირებული ყოფილიყო არსებულ ტექნიკასთან, როგორიცაა ულტრაბგერითი ტექნიკა.
რობოტი 3D ბეჭდვის გამოყენებით შეიქმნა.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ რობოტს შეუძლია ხელი შეუწყოს ქალებს ჩაიტარონ მკერდის ჯანმრთელობის მონიტორინგი უსაფრთხო და ზუსტი ელექტრონული გამოკვლევებით ადვილად მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა აფთიაქები და ჯანმრთელობის ცენტრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ქალს თვალში კბილის ნაწილი გადაუნერგეს – მხედველობის აღდგენის უნიკალური ოპერაცია კანადაში ჩატარდა

74 წლის გეილ ლეინი გახდა პირველი ადამიანი კანადაში, რომელმაც გაიარა ოსტეოოდონტოკერატოპროთეზირება. ამის შესახებ CTV News იტყობინება.

ქირურგიული ოპერაცია გულისხმობს პაციენტის თვალში სპეციალურად მომზადებული კბილის ელემენტის იმპლანტაციას, რაც საშუალებას აძლევს მას აღადგინოს მხედველობა.

„პაციენტის თვალის შინაგანი ფუნქციონირება სრულიად ჯანსაღი და ნორმალური იყო, მაგრამ მას დაზიანებული ჰქონდა თვალის წინა მხარე იმ დონემდე, რომ იგი ნაწიბუროვანი გახდა და პაციენტი ვერ ხედავდა ამ თვალით“, – თქვა ოფთალმოლოგმა გრეგ მოლონიმ.

სულ ექვსი ასეთი ოპერაციის ჩატარება იგეგმება ვანკუვერის Mount St. Joseph Hospital-ში საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის შედეგები წარედგინება Health Canada-ს შემდგომი პროცედურების დასაფინანსებლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 101
Page 7 of 101