close

დედამიწა

ბიოლოგიადედამიწაკვლევებიმედიცინა

დელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს

შესაძლებელია, რომ დელფინებს გზა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების გამო აებნეთ? ეს მეცნიერებმა 20 აფალინას (Tursiops truncatus) მაგალითზე შეისწავლეს. ისინი ფლორიდაში მდებარე ინდოეთის მდინარის ლაგუნაში 2010-დან 2019 წლამდე პერიოდში გამოირიყნენ.

მათ ტვინში სპეციალისტებმა გენური ექსპრესიის ისეთ ცვლილებებს მიაგნეს, რომლებიც ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება; დააფიქსირეს მსგავსი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაზიანებებიც, მაგალითად, ცილების გროვები. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კლიმატის ცვლილებას გამოეწვია, კერძოდ თბილ წყლებში მავნე ბაქტერიებისა და წყალმცენარეების გავრცელებას.

წყალმცენარეთა გამრავლების სეზონზე გამორიყული აფალინების ტვინში ნეიროტოქსინ 2,4-DAB-ის დონე 2900-ჯერ უფრო კონცენტრირებული იყო, ვიდრე სხვებისაში. ეს მიუთითებს, რომ მსგავს ციანობაქტერიებს მავნე გავლენა აქვთ და შეიძლება დელფინების სანავიგაციო უნარის შესუსტებასაც იწვევდნენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების ტვინში ალცჰაიმერის მსგავსი ნიშნები, ჩვეულებრივ, ასაკში ვლინდება; ასევე ვიცით, რომ ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ნეირონებს აზიანებს. აქედან ასკვნიან, რომ წყალმცენარეების ზედმეტად გავრცელებას ამ ეფექტის გაძლიერება შეუძლია.

“დელფინებში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ნევროპათოლოგიური ცვლილებებისა და წყალმცენარეთა ტოქსინების დაგროვების თანაარსებობა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ტვინზე ამ ორი ფაქტორის გავლენა შევისწავლოთ”, — აცხადებენ მკვლევრები.

მავნე ციანობაქტერიები წყლის სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, კვებით ჯაჭვზეც უარყოფითად აისახება, რის გამოც პრობლემა ადამიანებამდეც აღწევს. თუ ზემოხსენებული ტოქსინები ჩვენს საჭმელში დიდი რაოდენობით მოხდება, ეს საყურადღებო რისკფაქტორი იქნება.

მართალია, უკანასკნელი კვლევა დელფინებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ტვინის ასეთი ცვლილებები ჩვენშიც ვლინდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი კავშირების გამო საკითხი სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Communication Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ისლანდიაში კოღოები პირველად აღმოაჩინეს

ისლანდიაში, სამი დღის განმავლობაში, სამი კოღო აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი RUV ისლანდიის უნივერსიტეტის წყლის ბიოლოგიის პროფესორზე გისლი მარ გისლასონზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერის თქმით, დიდი ალბათობით, ახლა ისლანდიაში სამზე მეტი კოღოა. მან დაუშვა, რომ კოღოებმა შესაძლოა გამოიზამთრონ სარდაფებში, სხვენებში ან ნებისმიერ ნაგებობაში, სადაც ტემპერატურა ნულს ზემოთ შენარჩუნდება.

როგორც The Guardian-ი აზუსტებს, ნაპოვნია Culiseta annulata-ს სახეობის სამი მწერი – ორი მდედრი და ერთი მამრი.

ისლანდია, ანტარქტიდის მსგავსად, მსოფლიოში ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ადგილად ითვლებოდა, სადაც კოღოები არ ბინადრობენ. The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დათბობა ოთხჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დანარჩენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. კლიმატის კრიზისის გამო, მყინვარები ნადგურდება, ხოლო ქვეყნის წყლებში უფრო თბილი სამხრეთ ქვეყნების თევზები გაჩნდნენ, მაგალითად, სკუმბრია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაკვლევები

ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანია, ვიდრე აქამდე გვეგონა

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა არასწორად ვიცით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად (გასული ზაფხულის მონაცემებით), ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 8.2 მილიარდი ადამიანია. და, აი, ახლა ახალი შეფასებით, ეს მაჩვენებელი შეიძლება რამდენიმე მილიარდით მეტიც იყოს.

ეს შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ როგორც ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან კენედი ამტკიცებს, ეს გასაოცარი არ არის.

გაეროს მონაცემები აღწერასა და მოსახლეობის სიმჭიდროვეს ეფუძნება. მეორე მხრივ, განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც აალტოს უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა იოსიას ლანგ-რიტერმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს, დედამიწაზე მოსახლეობის რეალური რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.

ეს იმიტომ, რომ სოფლებში მონაცემები ხშირად არასრულია და შეიძლება არასანდო იყოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი შეუსაბამობები შესწავლილ მონაცემებს შორის. ეს მიუთითებს, რომ სოფლის მოსახლეობა — თუნდაც ყველაზე ზუსტი მონაცემების მიხედვით — ბევრად ნაკლებად არის შეფასებული, ვიდრე უნდა იყოს.

კენედის თქმით, ჭარბმოსახლეობასთან დაკავშირებული შიშები ზედმეტად იყო შეფასებული. წინასწარი პროგნოზებით, მსოფლიო მოსახლეობა პიკს 2080-იანებში მიაღწევს და ითვლება, რომ მას შემდეგ კლებას დაიწყებს.

“ამდენი ადამიანი ზეწოლას მოახდენს დედამიწის რესურსებზე, მაგრამ თუ მდგრადი ტექნოლოგიების განვითარდება გაგრძელდება, მსოფლიო თავიდან აიცილებს აპოკალიფსურ სცენარს”, — ამბობს კენედი.

სრულად ნახვა
დედამიწა

NASA-მ გიგანტური ბუშტი 16 დღეში დედამიწის გარშემო მოატარა

2025 წლის აპრილში NASA-მ წარმატებით განახორციელა უნიკალური ექსპერიმენტი: გიგანტურმა, სტადიონის ზომის სუპერპრეშერ ბუშტმა სამხრეთ ნახევარსფეროში დედამიწის სრული შემოვლა 16 დღეში შეძლო.

ბუშტი 2025 წლის აპრილის შუა რიცხვებში ახალი ზელანდიიდან, ვანაკადან გაუშვეს. ორი საათის განმავლობაში იგი 33 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და სტრატოსფეროში სტაბილურად იმოძრავა. მიუხედავად იმისა, რომ ბუშტი ძირითადად ოკეანეებზე გადაადგილდებოდა, ადგილობრივებმა მისი დანახვა ცაში შეძლეს .

მიუხედავად იმისა, რომ ბუშტი სტაბილურად მოძრაობდა დღის განმავლობაში, ღამის სიცივემ მისი სიმაღლე შეამცირა.. NASA-მ გადაწყვიტა, ბუშტი წინასწარ განსაზღვრულ წყალში დაეშვა, რათა მინიმალური ზიანი მიეყენებინა გარემოსთვის. 

ეს მისია NASA-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც აჩვენებს, რომ მსგავსი ბუშტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი მეცნიერული კვლევებისთვის, რაც უფრო იაფი და ეფექტური ალტერნატივაა სატელიტებთან შედარებით.

NASA გეგმავს მსგავსი ბუშტების გამოყენებას მომავალი კვლევებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ატმოსფერული კვლევების განვითარებას და ახალი მონაცემების მოპოვებას დედამიწის ზედა ფენებიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

ჩერნობილში მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა უსაფრთხოა – კვლევა

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნობილში, ათასობით ჰექტარი მიწა საფრთხის შემცველი იყო. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ტერიტორიას არ ამუშავებდნენ. მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მიწა მოსავლის მოსაყვანად უსაფრთხოა.

კვლევა ინგლისის პორტსმაუთის უნივერსიტეტისა და უკრაინის აგრარული რადიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ახალი მეთოდები შეიმუშავეს, რათა 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიტოვებული ტერიტორია ახლიდან შეეფასებინათ.

რადიოაქტიური დაბინძურების გამო ჩერნობილის მიწების გამოყენება ათწლეულების განმავლობაში ოფიციალურად იყო აკრძალული. კატასტროფის შემდეგ ჩრდილოეთ უკრაინის დიდი ტერიტორია სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელად გამოაცხადეს. ბირთვული რეაქტორის ირგვლივ 4 200 კმ2 “ჩერნობილის აკრძალული ზონაა” და დღემდე მიტოვებულია. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ნაკრძალია.

არსებობს სხვა, 2 200 კმ2-იანი, ტერიტორიაც, რომელსაც “სავალდებულო გადასახლების ზონა” ჰქვია. ეს ადგილი მიტოვებული არაა — ხალხი კვლავაც ცხოვრობს, სკოლები და მაღაზიები ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, მიწების გამოყენება ან ინვესტირება ოფიციალურად აკრძალულია.

ტერიტორია ცეზიუმითა და სტრონციუმით არის დაბინძურებული. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მიწა შეიძლება დასამუშავებლად უსაფრთხო იყოს. ჩერნობილი ოფიციალურად მიტოვებული დარჩა, თუმცა ზოგიერთმა ფერმერმა მოსავლის მოყვანა მაინც გადაწყვიტა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილის დამუშავება უსაფრთხოა.

კვლევის ფარგლებში ჟიტომირის ოლქში საცდელად 100 ჰექტარი მიწა შეაფასეს. მეცნიერმა ნიადაგში დაბინძურების დონე მარტივი პროტოკოლით განსაზღვრეს, რომელიც თავადვე შექმნეს. ასევე დაადგინეს, რამდენად შეიწოვს რადიოაქტიურ ნივთიერებებს მცენარეები, მათ შორის: კარტოფილი, მარცვლეული, სიმინდი და მზესუმზირა.

ნიადაგის ნიმუშების ანალიზით გაზომეს გარე გამა გამოსხივებაც. დადასტურდა, რომ სოფლის მეურნეობის მიმდევრები იმაზე გაცილებით დაბალი დოზის დასხივებას იღებენ, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების ზღვარია. იგი ასევე მცირეა იმ გამოსხივებასთან შედარებით, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო ბუნებრივად გვხვდება. კვლევამ აჩვენა, რომ მრავალი ტიპის მოსავლის მოყვანა შეიძლება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე აიკრძალა; თავისთავად, ეს უკრაინის კვების უსაფრთხოების წესების დაცვით.

“ეს კვლევა იმ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც ჩერნობილის კატასტროფამ დააზარალა. 1986 წლიდან ჩერნობილთან დაკავშირებული გამოსხივების რისკებზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს მიტოვებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე უარყოფითად აისახა. ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა, რომ მიწების მოხმარება მოსახლეობისთვისა და მიწის დამმუშავებელი მუშებისთვის უსაფრთხოა”, — აცხადებს კვლევის ავტორი, პროფესორი ჯიმ სმიტი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ნაშრომი რადიოაქტიური დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას სხვა ტერიტორიებზეც გაამარტივებს. მათი აზრით, სწორი მიდგომითა და მოსახლეობის ჩართულობით უკრაინას შეუძლია, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიბრუნოს.

“ეს მხოლოდ ჩერნობილს არ ეხება”, — დასძინა პროფესორმა სმიტმა — “ეს ნიშნავს მეცნიერებისა და ფაქტების გამოყენებას იმისთვის, რომ ადამიანები დავიცვათ და ის მიწა არ დავკარგოთ, რომლის გამოყენებაც რეალურად უსაფრთხოა”.

კვლევა გამოცემაში Journal of Environmental Radioactivity გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

პანამაში ტროპიკული ხე „მტრებს“ მეხის დაცემით ანადგურებს — ევოლუციის უნიკალური შედეგი

პანამის ტროპიკულ ტყეებში იზრდება უნიკალური სახეობა — ტონკას ხე (Dipteryx oleifera), რომელმაც ევოლუციის გზით  არაჩვეულებრივი უნარი შეიძინა: ის არა მხოლოდ გადარჩენას ახერხებს გაელვების შემდეგ, არამედ მის მეშვეობით სპობს კონკურენტ მცენარეებს.

ათი წლის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევამ,  100-მდე მეხის დაცემა დააფიქსირა სპეციალური სენსორების, კამერებისა და დრონების საშუალებით. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მაშინ, როცა მეხი სერიოზულ ზიანს აყენებს ტყის ეკოსისტემას, ტონკას ხე პრაქტიკულად უვნებლად რჩება. მეხის დარტყმა კი აზიანებს ხესთან ახლოს მყოფ მცენარეებსა და პარაზიტული ვაზებს, რითაც ხეს ბუნებრივად უხსნის გზას — უთავისუფლებს სივრცეს, რესურსებს და მზის შუქს.

თითოეული მეხის დაცემის შედეგად საშუალოდ 2.4 ტონა ბიომასა ზიანდებოდა და ხის მჭიდროდ შემოხვეული პარაზიტული ვაზების დაახლოებით 78% ნადგურდებოდა. ეს თავისებური „თვითგაწმენდის მექანიზმი“ არა მხოლოდ ზრდის ტონკას წვდომას რესურსებზე, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი გამრავლების უნარს.

ხე საშუალოდ 40 მეტრამდე (130 ფუტი) იზრდება და მაღალი სიმაღლის წყალობით ბუნებრივად ხდება მეხის მიზანი. ტონკას ხის უნიკალური მექანიზმი ცხადად აჩვენებს, როგორ შეუძლია ბუნებას, ევოლუციის გზით, ყველაზე დამანგრეველი ძალების გადარჩენის ინსტრუმენტად გადაქცევა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

არაბეთის უდაბნო — აფრიკისა და აზიის დამაკავშირებელი პრეისტორიული ხიდი

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ არაბეთის უდაბნო უბრალოდ გამოუსადეგარი, მშრალი და მკაცრი ტერიტორია იყო, თუმცა ბოლო წლების არქეოლოგიურმა და პალეოგეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ეს წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა აფრიკიდან აზიისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი მიგრაციული დერეფანი ყოფილიყო.

განსაკუთრებულად საინტერესოა ე.წ. „მწვანე არაბეთის“ პერიოდები — ისტორიული ეპიზოდები, როდესაც კლიმატური ცვლილებების შედეგად არაბეთის ნახევარკუნძული თანდათან იცვლებოდა, სწორედ ამ პერიოდთანაა მიგრაციული ნაკადები დაკავშირებული.

ბოლო წლებში აღმოჩენილი ქვის იარაღები, ცხოველებისა და ადამიანების ნამარხები, ასევე გამოშრალი უძველესი ტბების კვალი მოწმობს, რომ ადრეული ადამიანური სახეობები, მათ შორის Homo sapiens, მართლაც გადიოდნენ ამ გზას ათიათასობით წლის წინ.  ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ არაბეთის შიდა ტერიტორია მნიშვნელოვანი იყო მათთვის, როგორც ტრანზიტული გზა, ისე დროებითი საცხოვრებელი.

კვლევებმა აჩვენა, რომ „მწვანე არაბეთის“ ფაზები განმეორებითი იყო და ადამიანებმა ნახევარკუნძული არაერთხელ გადაკვეთეს ან დროებით დაიკავეს. ეს კი ადასტურებს, რომ ეს რეგიონი მიგრაციის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი არ ყოფილა — ის ასევე ფუნქციონირებდა, როგორც საცხოვრებელი სივრცე.

„არაბეთის ნახევარკუნძული არ იყო უბრალოდ გადასასვლელი წერტილი — ის სიცოცხლის უნარიანი, დინამიკური ლანდშაფტი იყო ჩვენი სახეობის ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი.

კვლევების გაგრძელების პარალელურად, არაბეთის უდაბნო სულ უფრო მეტად განიხილება არა როგორც ცარიელი და მკვდარი სივრცე, არამედ როგორც მნიშვნელოვანი და რთულად მოწყობილი გარემო, რომელმაც მიგრაციულ პროცესებზე დიდი გავლენა იქონია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

აღმოაჩინეს უცნაური თევზი, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე (ანტარქტიკა, ატლანტის ოკეანე) ექსპედიციაში იღებდნენ მონაწილეობას უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგრძო რქისებრი „წანაზარდები“ აქვს.

მეცნიერების თქმით, ეს პარაზიტებია, რომლებიც თევზის კუნთებამდე აღწევენ და მისი სისხლით იკვებებიან.

მეცნიერებმა კადრები 489 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს ექსპედიციის დროს, რომლის მთავარი მიზანიც ზღვის ფსკერისა და ამ ადგილების ბიომრავალფეროვნების შესწავლაა.

ეს Macrourus-ის სახეობის თევზია, რომელსაც Lophoura szidati-ის პარაზიტები მიეწებნენ. ეს პარაზიტები სხვადასხვა სახეობის თევზებს ირჩევენ მსხვერპლად, რათა მათი სისხლით და კუნთოვანი ქსოვილით გამოიკვებონ. ისინი ნაწილობრივ კუნთოვან მასაში არიან ჩაზრდილები, ნაწილობრივ კი გარეთ რჩებიან. თითოეული პარაზიტი ასობით კვერცხით სავსე რამდენიმე ტომარას შეიცავს.

ამ პარაზიტების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის, თუმცა ისინი თევზების თანამგზავრები არიან, რომელთა ნარჩენები მათი სიკვდილის შემდეგაც კი არ ქრება მსხვერპლის კუნთოვანი მასიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

გრენლანდიაში უძველესი გიგანტური მტაცებელი ჭიების ნამარხები აღმოაჩინეს

ვიდრე ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე მრავალ განშტოებად დაიყოფოდა, დედამიწა „ჭიების პლანეტა“ იყო, სადაც დაკლაკნილი მილის მსგავსი არსებები ბატონობდნენ.

ცხოველთა ამ უძველესი სამეფოს ერთ-ერთი მბრძანებელი — გიგანტური მტაცებელი ჭია, ახლახან აღმოაჩინეს ნამარხის ფორმით.

დაახლოებით 518 მილიონი წლის წინ, თითქმის 30 სანტიმეტრის სიგრძის ჭია წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველი უნდა ყოფილიყო. შედარებით გიგანტური ყბებით, გრძელი საცეცებითა და ტალღოვანი ფარფლებით, ის სხვა არსებათა საშინელი მტერი უნდა ყოფილიყო.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კორეის პოლარულ კვლევათა ინსტიტუტის (KPRI) ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ, ამ ახალ სახეობას ოფიციალურ სახელად Timorebestia koprii უწოდა; სახელის პირველი ნაწილი ლათინურად „ტერორის მხეცებს“ ნიშნავს.

„ისინი იმ პერიოდის გიგანტები იყვნენ და კვების ჯაჭვის სათავესთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. ამის გამო, ისინი მნიშვნელობით დღევანდელი ოკეანეების მთავარ მტაცებელთა ეკვივალენტი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ზვიგენები და სელაპები კემბრიულ პერიოდში“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ჯეიკობ ვინტერი.

ამ სახეობის აღმოჩენა ეფუძნება გრენლანდიაში აღმოჩენილ 13 ნამარხს. ზოგიერთი ნამარხის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მეცნიერებმა საკვების კვალიც იპოვეს. კონკრეტულად კი ორსაგდულიანი ფეხსახსრიანის, სახელად Isoxys-ის.

დღეს Timorbestia-ს ნათესავები არიან ე. წ. ჯაგარყბიანი ჭიები (ქეტოგნათები), რომლებიც ოკეანის სხვა მრავალ ბინადართან შედარებით, ნამდვილად ციცქნები არიან. მიუხედავად ამისა, ეს ჭიები მაინც მნიშვნელოვან მტაცებლებს წარმოადგენენ თანამედროვე კვების ჯაჭვში და ძირითადად ფიტოპლანქტონით იკვებებიან.

ჯაგარყბიანების წინაპართა ნამარხები 538 მილიონი წლის წინანდელია. ანუ, ისინი რამდენიმე მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე უძველეს ფეხსახსრიანთა, მაგალითად, მწერების, ობობებისა და კობოსნაირების ჩვენთვის ცნობილი ნამარხები.

„დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი იყვნენ მტაცებლები, რომლებიც ოკეანეში იქამდე დომინირებდნენ, ვიდრე მათ ადგილს ფეხსახსრიანები დაიკავებდნენ. სავარაუდოდ, მათო ბატონობა 10-15 მილიონ წელიწადს გრძელდებოდა, ვიდრე სხვა, უფრო წარმატებული ჯგუფები ჩაანაცვლებდნენ.

ისინი ერთადერთი მტაცებლები არ იყვნენ, რომლებმაც ეკოლოგიური ტახტი დაკარგეს. კემბრიული აფეთქებისას, სიცოცხლის სწრაფმა ევოლუციურმა დივერსიფიკაციამ კვების ჯაჭვი მკვეთრად შეცვალა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ კრიტიკულ გარდატეხას საფუძველი „ჭიების პლანეტის“ ეპოქამ დაუდო.

მაგალითად, 2016 წლის კვლევაში ექსპერტები ირწმუნებიან, რომ უძველესი წყლის ჭიების მიერ მიღწეულმა ევოლუციურმა გარღვევებმა, მათ შორის ახალმა სტრატეგიებმა, ქცევებმა და ფსიქოლოგიამ, გაზარდა ოკეანის ეკოსისტემათა მრავალფეროვნება.

Timorebestia შეიძლება მნიშვნელოვანი ევოლუციური საფეხური ყოფილიყო მტაცებლებში შიდა ყბების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ჯაგარყბიანები Timorebestia-ს ახლო ნათესავები იყვნენ, მსხვერპლს არა პირით, არამედ გარე ჯაგრებით იჭერდნენ.

„გრენლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში ექსპედიციებისას, მრავალი საოცარი ორგანიზმი შევაგროვეთ. უახლოეს წლებში კიდევ უფრო ამაღელვებელი აღმოჩენები გვექნება, რომელთა საფუძველზეც უფრო მეტს გავიგებთ, როგორ გამოიყურებოდა და როგორ განვითარდა ცხოველთა ადრეული ეკოსისტემები“, — ამბობს კორეის პოლარულ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი ტაე იუნ პარკი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მარიანის ღრმულიდან მომდინარე საშინელი ხმების საიდუმლო 10 წლის შემდეგ ამოხსნილია

მკვლევრებმა საბოლოოდ დაადგინეს იდუმალი ხმების წყარო, რომელიც მოდის ყველაზე ღრმა ოკეანის თხრილიდან. უცნაური ხმები (ბიოვანგი) ცოტათი ჰგავს ვარსკვლავური ხომალდების ხმებს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიდან და სინამდვილეში არის ბრაიდის ვეშაპების ზარები.

ვეშაპები ამ ხმებს ერთმანეთის ადგილმდებარეობის დასადგენად იყენებენ, ამბობენ მკვლევრები.

მეცნიერებმა პირველად უჩვეულო ხმები 2014 წელს აღმოაჩინეს.

მსგავსი ხმა შეიძლება დაიყოს ორ განსხვავებულ ნაწილად: პირველი, დაბალი, წუილის ხმა, რომელიც ჟღერს სიღრმეში. მეორე, მაღალი დონის მეტალის ზარის ხმა, რომელიც მკვლევრებმა შეადარეს კოსმოსური ხომალდების ხმებს Star Trek-სა და Star Wars-ში.

ამ ხმებმა თავდაპირველად მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. მაგრამ 2016 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ის სავარაუდოდ, იყო მსხვილი ვეშაპების მიერ გამოცემული ხმა. თუმცა, ეს ხმები არ ემთხვეოდა ვეშაპების მანამდე ცნობილ ხმებს.

ახალ კვლევაში მკვლევრებმა საბოლოოდ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ამ ხმებს Bryde-ს ვეშაპები გამოსცემენ. ამ დასკვნის გაკეთებაში მათ ნაწილობრივ ახალი ხელოვნური ინტელექტი დაეხმარათ.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ამ ხმის მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ წყნარ ოკეანეში ჩრდილო-დასავლეთით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 36
Page 1 of 36