close

განათლება

განათლებაემიგრანტიმედიცინა

ლიზი ლომთაძე სწავლას Emory University School of Medicine-ში აგრძელებს

ლიზი ლომთაძე კიდევ ერთი წარმატებული ქართველია აშშ-ში, რომელმაც ტიპი 1 დიაბეტის მძიმე გამოცდილება პროფესიულ მოტივაციად აქცია. საქართველოდან აშშ-ში წასულმა წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი, მიიღო დაფინანსება Emory-ში და დღეს ცდილობს, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა ქართველ ბავშვებსა და ოჯახებს დაეხმაროს.

ლიზი, ექვსი წლის ასაკში სამედიცინო ატრიბუტიკით თამაში და თოჯინებზე „ოპერაციები“ შენი პირველი ინტერესი იყო მედიცინისადმი — გახსოვთ ის კონკრეტული მომენტი, როცა პირველად იფიქრეთ – “მინდა ექიმი გავხდე”?

-ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩემში. დაახლოებით რვა წლის ვიყავი, როდესაც ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს. რეანიმაციაში ვიწექი პატარა ბავშვი, დაბნეული და შეშინებული. გარშემო მედპერსონალი მოძრაობდა, მაგრამ არავის აუხსნია რატომ ვიყავი იქ, რა მჭირდა, ან უბრალოდ — როგორ ვგრძნობდი თავს. სახლში დაბრუნების შემდეგ მეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მაშინ, საქართველოში დიაბეტის მართვა ძირითადად მკაცრი დიეტებით ხდებოდა — გრძელი სია აკრძალული საკვებისა, გაურკვევლობა, ხშირი შიში და მუდმივი ძალისხმევა იმ ფონზე, როცა სწორი ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობდა. არც ჩემი ოჯახს ჰქონდა ცოდნა, არც მე. ეს ყველაფერი არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც ძალიან რთული იყო — განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ხარ. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, როდესაც აშშ-ში გადავედი საცხოვრებლად. დღემდე მახსოვს, როგორ შემოვიდა ჩემი ახალი ენდოკრინოლოგი ოთახში უზარმაზარი ღიმილით — და ეს სითბო მაშინვე გადმოვიდა ჩემზე. როცა ჩამოვუთვალე ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა, გაკვირვებით მკითხა: „ლიზი, დარწმუნებული ხარ, რომ სხვა დაავადება არ გაქვს, რატომ ხარ დიეტებზე?“ შემდეგ კი დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი — მან და მისმა გუნდმა არამხოლოდ სწორი ინფორმაცია მომაწოდეს, არამედ მასწავლეს როგორ ვიცხოვრო დიაბეტთან ერთად. მათ მომცეს ძალა და

საშუალება, გავმხდარიყავი ჩემი ჯანმრთელობის მართვის მთავარი მოქმედი პირი. სულ მალე ჩემი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღარ ვგრძნობდი თავს შეზღუდულად. აღარ ვიყავი უბრალოდ პაციენტი, რომელსაც წესები უნდა დაემახსოვრებინა — ვიყავი ადამიანი, რომელსაც სწორი “ინსტრუმენტები” ჰქონდა, რომ დიაბეტთან ერთად თავისუფლად ეცხოვრა. პირველად მაშინ ვიგრძენი, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ექიმმა არა მხოლოდ სხეულზე, არამედ მთლიანად ადამიანზე. ამ პერიოდში გულში ნათლად ვთქვი: მეც ასეთი ექიმი უნდა გავხდე — ისეთი,

ვინც უსმენს, ხსნის, ამხნევებს და ნამდვილად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ჯერ ექიმი არ ვარ, მაგრამ უკვე ვცდილობ გავხადო სხვების გზა ოდნავ უფრო მარტივი. ვწერ ქართულენოვან ვიდეოებს YouTube-სა და TikTok-ზე, სადაც ვხსნი თანამედროვე დიაბეტის მართვის პრინციპებს და ვეხმარები ქართველ ბავშვებსა და მათ მშობლებს — იმავე გზის გავლისას, რაც მე გამოვიარე.

როგორ მოახერხეთ ბავშვური გატაცების პროფესიულ გზად გადაქცევა და რა აღმიჩნდა ამ გზაზე შენთვის ყველაზე რთული?

გატაცების პროფესიულ გზად გადაქცევა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა — განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მედიცინის გზა ეტაპობრივია და მოითხოვს აკადემიურ სიძლიერეს, პასუხისმგებლობას და დიდ მოთმინებას. ამერიკა და კანადა ის ქვეყნებია, სადაც სკოლის შემდეგ პირდაპირ სამედიცინო უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებ. ჯერ უნდა დაასრულო ოთხწლიანი ბაკალავრიატი — მე ფსიქოლოგიასა და ბიოლოგიურ მეცნიერებებს ვსწავლობდი, პარალელურად ვიღებდი ყველა საჭირო საგანს სამედიცინო სკოლისთვის. ამას მოსდევს რთული გამოცდები, ინტერვიუები, კლინიკური და კვლევითი გამოცდილება — მხოლოდ ამის შემდეგ ხდება 4-წლიან სამედიცინოზე ჩაბარება. ამ გზაზე ჩემთვის ყველაზე რთული გაურკვევლობასთან გამკლავება იყო. ვიცოდი, რომ ზოგჯერ უარს ეუბნებიან კიდეც იმ ადამიანებს, ვინც იდეალურ აპლიკანტებად ითვლებიან, რაც ხშირად მანერვიულებდა. ჩემს ოჯახში არავინ არის მედიცინის სფეროში, ამიტომ ყველა ნაბიჯი ნულიდან უნდა გადამედგა. გზის გაკვლევა ასეთ დიდ ქვეყანაში, მარტომ, განსაკუთრებით რთული იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყოველი სემესტრის ბოლოს ვხედავდი, როგორ აკლდებოდა ჯგუფიდან სტუდენტები, რომლებიც თავდაპირველად სამედიცინო სკოლაზე ოცნებობდნენ. მეშინოდა, რომ მეც იგივე ბედი მელოდა.

2018 წელს აშშ-ში გადახვედით, რა სირთულეებს წააწყდით უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ და როგორ გაუმკლავდით მათ?

პირველ რიგში, უდიდესი სირთულე იყო ჩემი ქვეყნის, ოჯახის და მეგობრების მონატრება. უცხო ქვეყანაში გადასვლა გულისხმობს ცხოვრების ნულიდან დაწყებას — ახალ გარემოსთან შეგუებას, ახალი ნაცნობების, მეგობრებისა და კავშირების შექმნას. ამერიკაში სკოლაში გადასვლა ჩემთვის გამოწვევა იყო — ყველაფერი ახალი იყო: ახალი წესები, განსხვავებული სწავლების სტილი, ახალი ადამიანების გარემო. ეს ადაპტაცია ზოგჯერ მარტივი არ იყო, თუმცა მომცა სტიმული. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მუდმივად ვეძებდი შესაძლებლობებს, ვიღებდი დახმარებას მენტორებისგან და ვცდილობდი, რომ არ გავჩერებულიყავი რადგან ვიცოდი, რომ ამ გზით ჩემი ოცნება რეალობად უნდა მექცია.

როგორია ამერიკული სკოლისა და უნივერსიტეტის სისტემაში სწავლის ყოველდღიური რუტინა უცხოელი სტუდენტისთვის?

ყოველდღიური რუტინა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მედიცინისკენ ხარ ორიენტირებული. ამერიკულ უნივერსიტეტებში არა მხოლოდ საგნების ცოდნაა მნიშვნელოვანი, არამედ აქტიური ჩართულობა: დისკუსიებში, კვლევაში, ჯგუფურ პროექტებში. აკადემიურ ნაწილის მიღმაც დიდ ყურადღებას აქცევენ კლასგარეშე აქტივობებს. არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ამერიკული სკოლები მარტივია და თავიდან მეც ასე მეგონა. მაგრამ როცა იქ გადავედი, მივხვდი, რომ სირთულე შენს არჩევანზეა დამოკიდებული. შეგიძლია აირჩიო მარტივი კლასები და ნაკლები დატვირთვა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებისას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. კარგი უნივერსიტეტები უპირატესობას ანიჭებენ სტუდენტებს, რომლებმაც რთული საგნები აირჩიეს და თავიანთი თავი გამოწვევაში გამოსცადეს. უცხოელი სტუდენტისთვის ეს გარემო შეიძლება თავიდან დამაბნეველი იყოს, მაგრამ თუ მიზანი მკაფიოდ იცი, სწრაფად ეჩვევი და იწყებ საკუთარი გზის მშენებლობას ერთი ნაბიჯით, ერთ აქტივობით, ერთ ურთიერთობით.

ამერიკაში საკმაოდ წარმატებული აკადემიური გამოცდილება გაქვს, მოგვიყევი შენი მთავარი მიღწევების შესახებ. 

-ჩემთვის ამერიკაში აკადემიური გზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მრავალფეროვანი და ღრმა გამოცდილებების მიღება, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ჩემს სამომავლო სამედიცინო კარიერას. უნივერსიტეტში ბაკალავრი უმაღლესი შეფასებებით დავამთავრე, წლების განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებოდი Dean’s List-ზე — მაღალი აკადემიური მოსწრების ნიშნით. ასევე, გავხდი ორ პრესტიჟულ აკადემიურ საზოგადოებაში – Alpha Sigma Nu-სა და Sigma Xi-ში, რაც ჩემი სამეცნიერო წარმატებების აღიარებაა. იმავდროულად, ვიყავი CSTEP-ის Scholar — პროგრამის, რომელიც ხელს უწყობს უმცირესობებიდან ან underrepresented ჯგუფებიდან სტუდენტების ჩართულობას მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში. მოგვიანებით, მე თავად გავხდი მენტორი და ვუწევდი მხარდაჭერას სხვა სტუდენტებს, რათა ისინი მათი სამედიცინო და სამეცნიერო გზაზე მაქსიმალურად წარმატებულები გამხდარიყვნენ.4 MCAT-ის გამოცდაში, რომელიც ამერიკაში სამედიცინო სკოლებში მიღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, შევედი საუკეთესო პროცენტში. ჩემს აკადემიურ ინტერესებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბიოლოგიური მეცნიერებები, კერძოდ Cellular Senescence და Cell and Molecular Biology, სადაც ვიღებდი ღრმა ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. რაც შეეხება სამედიცინო სპეციალიზაციას, ახლა ქირურგია მიზიდავს ყველაზე მეტად, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ ვიცი. გარდა აკადემიური წარმატებებისა, ბავშვობიდან მიყვარს ჩოგბურთი და უნივერსიტეტში აქტიურად ვთამაშობდი კლუბის წევრად. ფლორიდაში ნაციონალურ შეჯიბრზე თამაშიც მოვახერხეთ, რაც ჩემთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მრჩება. ჩემს ვლოგებშიც ყოველთვის ვახასიათებ ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდ მნიშვნელობას ნებისმიერი ადამიანისათვის.

რა განსაკუთრებული გამოცდილება მიიღე NIH-ის მიერ დაფინანსებულ კვლევაში მონაწილეობით და როგორ იმოქმედა ამ პროექტმა შენს პროფესიულ არჩევანზე?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილება იყო მონაწილეობა ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) დაფინანსებულ პროგრამაში, სადაც ვმუშაობდი New York University-ს ლაბორატორიაში. ჩვენი კვლევა ორიენტირებული იყო ტიპი 1 დიაბეტის გამოწვეულ გართულებებზე, განსაკუთრებით ეგზოსომების როლზე — მცირე უჯრეთსგარე ვეზიკულებზე რომლებიც აქამდე უცნობი იყვნენ ამ პროცესში. თუ ჩვენი კვლევა წარმატებით დასრულდება, ეს მოგვცემს ახალ სამკურნალო სტრატეგიებს დიაბეტური გართულებების შესამცირებლად. ამ პროცესში მივიღე უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად ჩამომეყალიბებინა მეცნიერული აზროვნება, მეცნიერული მეთოდების სწორად გამოყენება და კლინიკური მონაცემების ანალიზი. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემი პროფესიული გზისთვის და მედიცინის სფეროში შემდგომი კარიერის მიმართულების განსაზღვრისთვის.

როგორც ვიცი, დატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, მოხალისეობისთვისაც იცლი, მოგვიყევი რა პროფესიული მნიშვნელობა აქვს შენთვის ადამიანებისთვის გაღებულ უანგარო დახმარებას?

-დატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, მოხალისეობა ჩემთვის ის სივრცეა, სადაც ყოველ ჯერზე თავიდან ვიხსენებ, რატომ ავირჩიე ეს გზა. მაგალითად, როცა გადაუდებელ დახმარების განყოფილებაში ვცდილობ, პაციენტმა თავი მარტოდ არ იგრძნოს, ან როცა ქართულენოვან ვიდეოებს ვწერ ტიპი 1 დიაბეტის შესახებ — ვხვდები, როგორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს სხვისთვის. ყოველ ზაფხულს დავდივარ ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვების ბანაკში და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მათზე ზრუნვით. პროფესიულად, მოხალისეობა მასწავლის პირველ რიგში მოსმენას. ასევე მასწავლის მოთმინებას, და თანაგრძნობას.

Emory University-ის მიღებაზე რომ შევჩერდეთ — რა იყო შენი რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ მიიღე არა მხოლოდ მოწვევა, არამედ დაფინანსებაც?

ეს ნამდვილად დაუჯერებელი მომენტი იყო — Emory University School of Medicine ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო სკოლაა, რომელიც ტოპ 20-ში შედის და მთელ სამხრეთ რეგიონში მთავარ სამედიცინო ცენტრად ითვლება. ემორის სამედიცინო სისტემა მოიცავს 11 საავადმყოფოს, და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) მთავარი შტაბი სწორედ ემორის გვერდითაა განთავსებული ატლანტაში. ეს სიახლოვე ისტორიულად და სტრატეგიულად განპირობებულია და ქმნის დაუჯერებელ გარემოს კლინიკური, აკადემიური და კვლევითი

განვითარებისთვის. სიმართლე გითხრათ, თვითონ მოხვედრაზე მეტად დაფინანსების მიღებამ გამახარა. ეს არ იყო პირველი სამედიცინო სკოლა, რომელმაც თანხმობა გამომიგზავნა, მაგრამ აშშ-ში სამედიცინოზე სწავლა ხშირად მძიმე ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული, და სტუდენტების უმრავლესობას სესხის აღება უწევს. იმ მომენტში, როცა მივიღე შეტყობინება, რომ ემორი აფინანსებდა ჩემს სწავლებას, ემოციების გადმოცემა ძალიან გამიჭირდა — ეს იყო შვება, სიხარული და იმედი ერთდროულად.

რას ნიშნავს Emory-ში სწავლის გაგრძელება შენთვის, როგორც ემიგრანტი სტუდენტისთვის საქართველოდან?

– Emory-ში სწავლა ჩემთვის არ არის მხოლოდ აკადემიური მიღწევა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ყოველწლიურად Emory University School of Medicine-ზე დაახლოებით 14,000 ადამიანი ავსებს აპლიკაციას და მხოლოდ 135 სტუდენტს ირჩევენ. ამ კონკურენციაში მოხვედრა თავადაც იშვიათია, მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია, როცა ეს ხდება ქართველი იმიგრანტისთვის. სამწუხაროდ, ამერიკის სამედიცინო სკოლებში ძალიან ცოტა ქართველ სტუდენტს ვხვდებით, და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ერთ-ერთი ვიყო — და ამით არამხოლოდ საკუთარი გზა გავაგრძელო, არამედ მაგალითი ვიყო სხვებისთვისაც.

რა ძირითადი განსხვავებებს ხედავთ ქართულ და ამერიკულ სამედიცინო განათლებას შორის?

-საქართველო არის პატარა და შედარებით ჰომოგენური ქვეყანა, რაც აუცილებლად აისახება სამედიცინო პრაქტიკაზეც. აქ, ზოგადად, შეხვდები უფრო ერთფეროვან პაციენტებს და იშვიათია ისეთი რთული, რთულად დიაგნოსტირებადი შემთხვევები, რაც ამერიკაში ყოველდღიურობაში ჩვეულებრივი ამბავია. ამერიკაში სამედიცინო განათლება და პრაქტიკა განსხვავდება თავისი მრავალფეროვნებით — აქ სწავლობ არა მხოლოდ სხვადასხვა ეთნიკურ და კულტურულ ჯგუფებთან ურთიერთობას, არამედ რთული, იშვიათი და განსხვავებული კლინიკური შემთხვევების მართვას. ეს საშუალებას გაძლევს

გაცილებით ფართო გამოცდილება მიიღო და უკეთ იყო მომზადებული განსხვავებული გარემოებისთვის. გარდა ამისა, ამერიკაში მედიცინის სწავლა უფრო ინტენსიურია კვლევებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ინდივიდუალურ მიდგომაზე ორიენტირებული. საქართველოში, სამწუხაროდ, რესურსები და კლინიკური პრაქტიკა ხშირად უფრო შეზღუდულია.

როგორ ფიქრობ, რატომ არის ამერიკაში მედიცინის კარიერა ასეთი რთული გზით მისაღწევი?

-ამერიკული მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მოწინავე სფეროა მსოფლიოში და სწორედ ეს სირთულეც ამის ნაწილია. ადრე სამედიცინო სკოლაში მოხვედრა შედარებით მარტივი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოთხოვნები მკაცრდებოდა, რადგან ქვეყანას სჭირდებოდა არა უბრალოდ ცოდნიანი, არამედ შეუპოვარი, ეთიკურად ძლიერი და მთელი გულით მოწოდებული მომავალი ექიმები. დღეს სამედიცინო სკოლებში მხოლოდ ყველაზე მოტივირებული და მიზანმიმართული სტუდენტები ხვდებიან: ისინი, ვისთვისაც ექიმობა არა უბრალოდ პროფესია, არამედ ცხოვრების საქმეა.

და ბოლოს, რა არის ის პროფესიული რჩევა, რომელსაც მისცემდით ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა ამერიკაში, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით?

ძალიან ბევრი უარი შეიძლება მიიღოთ, ბევრჯერ შეიძლება თქვენი აპლიკაცია არ შეარჩიონ — მაგრამ ეს გზა სწორედ მათთვისაა, ვინც მიუხედავად ყველაფრისა არ ნებდება. თუ ექიმობა თქვენთვის მოწოდებაა, მიზნად დაისახეთ და აკეთეთ ყველაფერი მისკენ სვლისთვის. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეკონომიკაეს საინტერესოა

ეკონომიკით დაინტერესებული პირებისთვის ახალი პოპულარული სახელმძღვანელო გამოიცა

ახალი სიტყვა ეკონომიკური აზროვნების სწავლაში. ეკონომიკა მხოლოდ ეკონომისტებისთვის არ არის, როგორ მუშაობს ის  ყოველდღიურ ცხოვრებაში? — თსუ-ში გამოცემულმა სახელმძღვანელომ ყველა დაინტერესებულისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახადა ეკონომიკური აზროვნება.

ქართულ ენაზე გამოსული “ეკონომიკური აზროვნების წესი” გამორჩეულია როგორც სიღრმით, ისე გასაგები ენით — ის პროფესიონალებსაც და დამწყებებსაც აძლევს შანსს, უკეთ გაიგონ, როგორ მუშაობს ეკონომიკა.

ეკონომიკა მხოლოდ სპეციალისტებისთვის არ არის. ის ყოველდღიურ ცხოვრებასაც ეხება და გადაწყვეტილებებსაც, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ. სწორედ ამ ხედვით არის შექმნილი ახალი სახელმძღვანელო, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორ ავთანდილ სალაგაძემ და მისმა კოლეგებმა მოამზადეს. გამოცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ წიგნი „ეკონომიკური აზრივნების წესი“, რომელიც უცხოური აკადემიური ლიტერატურის ქართულ ენაზე ადაპტაციის მცდელობას წარმოადგენს.

ავტორთა შეფასებით:

„ეს წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს როგორც პროფესიონალ ეკონომისტებს, ასევე არაეკონომისტებს, სამართალმცოდნეებს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეკონომიკის ანბანი გარკვეულ დონეზე სურს შეისწავლოს. წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ სპეციფიურ ტერმინებს ახსნა პოპულარულ ენაზე აქვს გაკეთებული, რომ გაუადვილდეს დაინტერესებულ პირს ტექსტის ანალიზი.“

წიგნის მნიშვნელობა განსაკუთრებით ჩანს იქ, სადაც ის ეკონომიკური ტერმინოლოგიის გასაგებად გადმოცემას და სტრუქტურირებული ანალიზის ჩარჩოს შექმნას ცდილობს. ეს მიდგომა ქმნის ხიდს აკადემიურ სივრცესა და ფართო საზოგადოებრივ წრეებს შორის, რომლებმაც ეკონომიკასთან შეხება შესაძლოა მხოლოდ პრაქტიკული საჭიროებით ან ზოგადი ინტერესით იქონიონ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტერმინ “პოლიტიკური ეკონომიის” ახლებურ ხედვაზე, რომელიც წიგნში მკაფიოდ და დეტალურად არის განხილული.

როგორც ავტორი აღნიშნავს , წიგნი უნიკალურია, რადგან მასში ტერმინი ‘პოლიტიკური ეკონომია’ მკაფიოდ არის გაშლილი და მისი მეტად ზუსტი ანალიზი გვხდება, რადგან ამ დრომდე მისი არასწორო ინტერპრეტაციით იყო გავრცელებული. ფაქტი კი წლებით და ქრონოლოგიითაა დასაბუთებული.

ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ცოდნის მიღებას ამარტივებს, არამედ ეკონომიკურ ანალიზს უფრო ხელშესახებ და გამჭვირვალედ აქცევს მკითხველისთვის — არ აქვს მნიშვნელობა, სპეციალისტია ის თუ არა.

წიგნი წარმოადგენს იმ აუცილებელ ეტაპს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართულ აკადემიურ სივრცეს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტს — და რაც მთავარია, ახალი თაობებისთვის ეკონომიკა ადამიანურად გასაგები გახადოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიასაქართველო

დავით აღმაშენებელი და განათლება მე-12 საუკუნის საქართველოში

დავით აღმაშენებლის საგანმანათლებლო პოლიტიკა და წიგნიერების ადგილი მე-12-საუკუნის საქართველოში

ცნობილია, რომ რენესანსი იწყება ანტიკური კულტურის შესწავლით. მე-12 საუკუნის ქართული რენესანსი დავით აღმაშენებელმა სწორედ ანტიკური კულტურის ტრადიციების აღორძინებით დაიწყო. ამ ეპოქის ქართველი ავტორები ანტიკური ფილოსოფიის, ისტორიის და ლიტერატურის საოცარ ცოდნას ამჟღავნებენ.

ყველაფერი დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ ანტიკური ავტორების ნაწერთა შეკრებით: “მდიდრად შემოიკრიბა, რაც იპოვა, ქართულად თარგმნილი, როგორც ძველი, ისე ახალი, მეორე პტოლემეოსივით”. “ძველს” ისტორიკოსი ანტიკურს უწოდებს ანუ მეფე ისეთი ჟინით კრებდა ანტიკური ავტორების ხელნაწერების თარგმანებს, როგორც დიდი პტოლემეოსი. მაგრამ მაქსიმალისტი მეფე ამით არ დაკმაყოფილებულა. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძმერდეცი წერს, რომ დავითმა ორმოცი ახალგაზრდა გაგზავნა საბერძნეთში ენების შესასწავლად და ნათარგმნი ლიტერატურის ჩამოსატანად. ეს ცნობა დასტურდება ერთი საოცარი ლექსითაც დავითზე (“გიამბობ სიფრიადესა”): “ათენსა სწრთვნიდეს ჭაბუკთა, იყალთოს მონასმენთასა, სწყალობდეს დავით, მოძღვართა, ათინით მონავლენთასა”.

დავითი ათინაში, ათენში, ანუ ანტიკური ფილოსოფიის ბერძნულ ცენტრებში წრთვნის იყალთოს სტუდენტებს, მეორე მხრივ, ძლიერი მეფე მფარველობს ბერძენ-ათინელ მასწავლებლებს/მოძღვრებს – მოძღვარი მასწავლებელს ნიშნავს.

შავთელი დავითზე წერს: “ატიკურისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთ სიხშოსა”, ამ ცნობის მიხედვით, დავითი ატიკურ (ანტიკურ) ფილოსოფიას და პატრიკულ ანუ პატრისტიკულ/ქრისტიანულ თეოლოგიას საფუძვლიანად და ღრმადაა დაუფლებული, მაგრამ დავითს სურდა, რომ მისი ანტიკური იდეალების ხორცშესხმა “ათინა”, სადაც ქართველ სტუდენტებს გზავნიდა, საქართველოშიც ყოფილიყო, ამიტომაც მან დააფუძნა “მოძღუარი სწავლულებისა, ვითარცა მეორე ათინა” ანუ ანტიკური ფილოსოფიის სასწავლებელი თვით საქართველოში, გელათის მონასტერთან, რომლის პირველ რექტორადაც დანიშნა თავისი ნდობით აღჭურვილი პირი, მისი კანცლერი – ანტონი გოდობრელი. ანტონისაგან შეკვეთილი რამდენიმე ხელნაწერი აშკარად სასწავლო ხასიათისაა და ეპოქის ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნის ენციკლოპედირებას ისახავს მიზნად. გელათის აკადემიაში დამკვიდრებული სხვა დიდი ქართველი ფილოსოფოსი და პედაგოგი – იოანე პეტრიწიც წერს სასწავლო სახელმძღვანელოს, რომლის ერთგვარი სტუდენტური კონსპექტები დღემდეა მოღწეული. აქ იგი მოწაფეებს წიგნის კითხვის სხვადასხვა ტექნიკურ ხერხს უზიარებს (“განმარტებაი პროკლესთუის…”, შესავალი). მისი რჩევით, წიგნი უნდა იკითხო ყრმასავით, აუჩქარებლად, რადგანაც აჩქარებული კითხვისას ბევრი რამ საგულისხმო შეიძლება გამოგვეპაროს.

david-iv-1686809215.jpg

საინტერესოა, რომ სწორედ ასეთ მიდგომას ვხედავთ იმ ეპოქის ყველაზე დიდ მკითხველთან, დავით აღმაშენებელთანაც, რომელზეც ამბობდნენ, არა ზედაპირულად, არამედ “ფრთხილად” კითხულობდაო. იგი “წიგნებით ცოცხლობდა და სულდგმულობდა”, “თვალების დაღლამდე კითხულობდა, მერე კი ყურით ანაცვლებდა დაღლილ თვალებს” (სხვას აკითხებდა), “განმარტავდა წაკითხულის ძალსა და სიღრმეს” და ა.შ.

ყველაფერ ამასთან ერთად, დავითის ისტორიკოსი, რომელიც რამდენიმე გვერდს უთმობს მეფის წიგნებთან დამოკიდებულების აღწერას (ესეც საარაკო ამბავი), წერს, რომ იგი კითხულობდა “არა გარეწარად (ზერელედ), არამედ ფრიადცა ფრთხილად ისმენნ”, სწორედ ისე, როგორც ამას მისგან დაფუძნებული გელათის აკადემიის მასწავლებელი მოითხოვდა.

მეფის საგანმანათლებლო პოლიტიკის ზოგადი მიზანი, წყაროთა ცნობით, იყო “სულმნთებთა აღმაფრენა” ანუ კრეატივის აქტუალიზება, ამავე მიზანდასახულობით დაფუძნებული იქნა მეორე ათენად და სწავლულობის მოძღვრად სახელდებული გელათის “არკადიმია – სახლი საფილაფოსო”, როგორც “სასწავლო ყოვლისა კეთილისა”.

პეტრიწს სისტემური ხედვები ჰქონდა პირველდაწყებითი და უმაღლესი განათლების შესახებაც: “სასწავლებლად მოსულმა მთელის გასაგებად პირველად უმარტივესი ელემენტები უნდა შეითვისოს, ისე, როგორც სიტყვის გასაგებად საჭიროა ასოთა შეთვისება, წინადადებისთვის სიტყვებისა, ხოლო მოთხრობებისთვის – წინადადებებისა, საერთოდ, მთელი სამყარო ხომ უმარტივესი ელემენტების შეერთებაა – ცეცხლის, ჰაერის, მიწისა და წყლისა”.

ეს ეპოქა ჭეშმარიტად რენესანსის შესავალი იყო, ქართული რენესანსის მთავარი იდეოლოგის – იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში ინტელექტი/გონება სულზე უპირატესია, პლოტინოსზე დაყრდნობით, იგი აცხადებს, რომ გონება მზეა, სული კი მთვარე, რომელიც თავის სხივებს მზე/გონებისგან სესხულობს. ვფიქრობ, ინტელექტის ამ კულტმა მრავლისმეტყველი გამოვლინება ჰპოვა სამეფო კარის ეტიკეტშიც ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით პატრიარქის და მისი მხლებლების შესახვედრად მეფეს უნდა გაევლო ხალიჩის მესამედი, მაგრამ გელათის აკადემიის რექტორის (“მოძღვარმოძღვრის”) და მისი სტუდენტების (“მოწაფეთა მისთა”) შესახვედრად მეფეს ხალიჩა მთლიანად უნდა გაევლო და ამგვარად ინტელექტის და სულის მსახურებისათვის უფრო მეტი პატივი მიეგო, ვიდრე მარტოდენ სულის მსახური პატრიარქისათვის.

კონფესიური შეუზღუდაობა დავითს და დიმიტრის უბიძგებდა მუსლიმ მოაზროვნეებთან ინტენსიური ინტელექტუალური ურთიერთობისკენაც, ალ ჯაუზის მიხედვით, მეფე მათ მისაღებად საგანგებო წვეულებებსაც მართავდა.

იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურა

10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი უნივერსიტეტის ისტორიიდან

თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესახებ ფილმი გადაიღეს. მასში მოთხრობილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რამდენიმე ფაქტის შესახებ. „უცნობი ისტორიების“ დამდგმელი რეჟისორი და პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბელქანიაა.

1. როდესაც დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება გადაწყდა, თავდაპირველად ვერ შეთანხმდნენ, უნივერსიტეტი ჰუმანიტარული განხრის ყოფილიყო თუ ტექნიკურის. საბოლოოდ ჰუმანიტარული პროფილი აირჩიეს, რადგან ტექნიკური რომ აერჩიათ, ის ამიერკავკასიის მასშტაბის სასწავლებელი იქნებოდა და მოუწევდათ სწავლების ენად რუსული დაემტკიცებინათ.

2. უნივერსიტეტის შენობის ასაგებად შესაწირი არა მხოლოდ ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც გაიღეს. ფული გამოგზავნეს საინგილოდან და ლაზიკიდანაც… ზურმუხტის თვლები და 4 ათასი მანეთი შემოსწირა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა, ხოლო კოტე აბხაზმა – 500 მანეთი.

სიმონ კლდიაშვილი
სიმონ კლდიაშვილი

3. შენობის აგება პირველ ქართველ არქიტექტორს, სიმონ კლდიაშვილს, შეუკვეთეს. ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მანამდე მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი არქიტექტორები იყვნენ საქართველოში და ამის გამო ზოგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქართველები ამ პროექტს თავს ვერ გაართმევდნენ.

 

4. მშენებლობისას საძირკველში ერთი ბოთლი კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა ჩაატანეს.

5. წიგნები უნივერსიტეტში დროგებით მოჰქონდათ და გადმოტვირთვისას ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ.

მედეა ღამბაშიძე
მედეა ღამბაშიძე

6.უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი ქალი იყო, მედეა ღამბაშიძე.

7. უნივერსიტეტი თავიდან კერძო სასწავლებლად დაარსდა.

8. უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად მიდიოდნენ ომში მოხალისეებად. 1921 წელს ივანე ჯავახიშვილმა თავადაც მოუწოდა სტუდენტებს ქვეყანა დაეცვათ.

ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი

​9. ბოლშევიკური არმია თბილისში რომ შემოვიდა, ივანე ჯავახიშვილი სახლში იმყოფებოდა. უთხრეს, უნივერსიტეტის გასაღებს ითხოვენო. თავად მივუტანო, თქვა ჯავახიშვილმა და უნივერსიტეტში წავიდა. იქ მისულმა კარი გააღო, გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა და განაცხადა, ახლა ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე შემოვიდესო.

ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია

10. ლავრენტი ბერიამ ივანე ჯავახიშვილი დაიბარა და სთხოვა, მისი ცოლი, რომელსაც სკოლის ატესტატი არ ჰქონდა, უნივერსიტეტში მიეღო. ატესტატის გარეშე ვერ გამოვაო, უთხრა მეცნიერმა. „ბრძანება რომ იყოსო?“, – ჰკითხა ლავრენტი ბერიამ. „უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვწერო“, – უპასუხა ჯავახიშვილმა.

ფოტოების ნაწილი ამოღებულია ფილმიდან „უცნობი ისტორიები“.

წყარო : radiotavisupleba.ge

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურა

ქართველი მწერალი, რომლის წიგნიც 1,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა ამერიკაში

1921 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე ბათუმის ნავსადგურიდან გემს კონსტანტინეპოლისკენ  19-20 წლის ჯარისკაცი გაჰყვა. კონსტანტინეპოლიდან  ცხოვრების ამოუცნობმა გზებმა საბოლოოდ  ის შორეული ამერიკისკენ  წაიყვანა, საოცნებო ქვეყანაში, სადაც  მისი ცხოვრება  სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებულ დიდ ზღაპრად იქცა.

ჯარისკაცს ჯორჯ  (გიორგი) პაპაშვილი ერქვა და მოგვიანებით , საქართველოსა და ემიგრაციის თემაზე დაწერილი მისი ინგლისურენოვანი წიგნი „Anything Can Happen“, ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ 40-იანი წლების ამერიკაში ბესტსელერი გახდება, თვალის დახამხამებაში გაქრება დახლებიდან წიგნის მილიონნახევრიანი ტირაჟი, ითარგმნება მსოფლიოს 15 ენაზე და ჯეკ ლონდონთან, იუჯინ ო’ნილთან, ფოლკნერთან, ჰემინგუეისთან და სხვა მწერლებთან ერთად ჯორჯ პაპაშვილს ამერიკის 50 რჩეულ ი ლიტერატურის სიაში შეიყვანენ – ეს 1950 წელს მოხდება.

წიგნის მიხედვით ჯორჯ სიტონის მიერ  1952 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების  Paramount pictures-ის საათნახევრიანი  ფილმი „Anything Can Happen“ ოქროს გლობუსს აიღებს.

სახალისო ნაწყვეტი ჯორჯ პაპაშვილის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ,,Anything Can Happen“ ფილმის გმირს თან ხინკლის ცომი მიაქვს, ცომი სიცხეში ფუვდება და ტრანსპორტში დიდ გაუგებრობას ქმნის.

წიგნი პაპაშვილის მშობლიურ კობიანთკარზე, ქართულ რეალიიებზე, მის ახლობლებზე, ემიგრაციაზე, ამერიკაში ემიგრანტთა თვითდამკვიდრების რეალობაზე მოგვითხრობს -მსუბუქად და სახალისოდ.

ჯორჯ პაპაშვილზე  აქამდე საქართველოში ძალიან მწირი ცნობები არსებობდა, მისი ნაწერები არც კი განიხილებოდა ემიგრანტულ ლიტერატურად, ყველა ამერიკულ გამოცემაში წერია, რომ ის არის  ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე ფრჩხილებში კი მითითებულია: ქართული წარმომავლობის

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ქართულად 60-იან წლებში თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა, მაგრამ მცირეტირაჟიანი თარგმანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი“ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის, რუსუდან ნიშნიანიძის პირველი, ორტომიანი მნიშვნელოვანი კვლევაა პაპაშვილზე. ვრცელი ნაშრომი ავტორმა  მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში, ლიჰაის უნივერსიტეტში (სადაც ეს უნიკალური არქივია დაცული) ჯორჯ  და ჰელენ უეიტ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გაეცნო   საფუძვლიანად. რუსუდან ნიშნიანიძე აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილის მემკვიდრეობაზე გვესაუბრება:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

რამდენიმე წლის წინ პარიზ_ლევილის და ჰარვარდის არქივებზე ვმუშაობდი, რაც ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იყო. სხვადასხვა არქივში არაერთხელ შემხვდა ჯორჯ პაპაშვილის სახელი საინტერესო კონტექსტში, რაც მიმანიშნებდა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ქართველი. დავიწყე მასზე ცნობების შეგროვება, დავუკავშირდი ამერიკაში სხვადასხვა საარქივო  დააწესებულებას, რაკიღა კონკრეტული მინიშნება  ცნობილი არ  იყო  პენსილვანიიდან მომწერეს, რომ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გამიხსნიდნენ თუ  ადგილზე ჩავიდოდი საკვლევად, ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ  გავუშვი და სამეცნიერო  მივლინებით  გავემგზავრე შტატებში.  იმავე, 2012 წელს ვაშინგტონში, კონგრესის სადემონსტრაციო დარბაზში გამოიფინა ჩემი ორტომეული: ,,საქართველო სამანს აქეთ… და სამანს იქით…“  ეს წიგნები ძირითადად ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრაციის ტექსტების კვლევა გახლდათ.

ევროპაში ემიგრირებული ქალთველი ავტორები ძირითადად მაინც ქართველი მკითხველებისთვის წერდნენ. პაპაშვილის ტექსტები კი  ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი. თავად ყვებოდა და ჰელენი ამ თავგადასავლებს იწერდა.

საქართველოდან წასულ ახალგაზრდა პაპაშვილს აქ არავინ იცნობდა. მოგონებებში წერს, რომ ამერიკაში ჩასული ,, მუნჯურად    ელაპარაკებოდა ამერიკას“, რადგან ინგლისური არ  იცოდა.

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ წიგნად 1944 წელს გამოიცა პირველად შტატებში, მანამდე ცალკეულ თავებად იბეჭდებოდა ,,ქომონ გრაუნდში“, შემდეგ წიგნი სამჯერ ზედიზედ გამოსცეს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. 1945 წელს ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ბესტსელერად აღიარეს. არქივში დაახლოებით 600-ზე მეტი რეცენზია და ლიტერატურული წერილი ვნახე, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გამოხმაურებაა. ორტომეულში ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი მათი თარგმანების, თუმცა რასაკვირველია, ყველა არა. ეს იმის ჩვენება გახლდათ, ვინ დაკარგა საქართველომ. არაერთი ნიჭიერი ქართველი გახდა იძულებული, იმ წლებში დაეტოვებინა ქვეყანა.

ჯორჯის მეუღლე, ჰელენი ძალიან განათლებული ქალი გახლდათ. ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა და თავადაც რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. სწორედ ის იწერდა ჯორჯის მიერ ინგლისურად მონათხრობ ქართულ-ამერიკულ ამბებს. საბჭოთა პრესაში წაიკითხავთ, რომ ეს არ იყო პაპაშვილის მონათხრობი და თითქოს წიგნი ჰელენმა დაწერა, მაგრამ შეუძლებელია ამერიკელ ქალს სცოდნოდა კობიანთკარზე,  ხევსურეთზე, ქართველებზე ზოგადად, ხინკალზე,ნიორწყალსა და ხუთკუნჭულააზე. ყველაფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ამდენი!

 

ავტორი იხსენებს საქართველოს, მის წეს-ჩვეულებებს, წერს ყველაფერზე – რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს ამერიკაში. აქ შეხვდებით ისტორიებს, თუ როგორ იქცევიან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები და როგორ იქცევა თავად გიორგი _ ნაწარმოებში ჯორჯი, მთავარი გმირი, რომელიც რუს ემიგრანტებთან ერთად   ცხოვრობს.

ვნახე მიუნხენში გამოცემული რუსულად თარგმნილი ეს ტექსტი. საბჭოთა ეპოქაში მთარგმნელს 20 თავისგან შემდგარი წიგნიდან 9 ამოუღია, სადაც ავტორი რუსი ემიგრანტების ამერიკაში ცხოვრებას აღწერს. გამოცემას რედაქტორისა და მთარგმნელის სახელიც კი არ აქვს მითითებული. დაკარგულია იუმორი, ტექსტის მთავარი ღირსება და სათქმელი.

ეს საბჭოთა უშიშროების ,,ოსტატური“ ხერხი გახლდათ – თარგმნეს წიგნი, მაგრამ ისე, რომ არავის მოსწონებოდა და არც ავტორისადმი ინტერესი გაჩენილიყო.

,,ოქროს გლობუსი“ ფილმმა მიიღო, ნომინაციაში: ,,ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“. რეჟისორი გახლდათ ცნობილი ჯორჯ სიტონი, რომლის ფილმებიც არაერთხელ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე. ამ შემთხვევაშიც მის მიერ მოწვეული საუკეთესო გუნდი მუშაობდა.

,,ჯორჯ პაპაშვილმა დაგვიტოვა რაღაც, რაც ყველაფერზე მეტია – მან  გვაზიარა მეგობრობის, თანაგრძნობის, ერთიანობისა და ახლობლის სიყვარულს ჭეშმარიტ მნიშვნელობას“ – ეს ფილმის რეჟისორის, სიტონის სიტყვებია, რომელიც მან ჯორჯის  დაკრძალვისას წარმოთქვა.

ჯორჯ პაპაშვილი – მოქანდაკე

გარდა იმისა, რომ რამდენიმე წიგნის ავტორი გახლდათ,, ჯორჯ პაპაშვილი უპირველესად იყო მოქანდაკე. მისი ნამუშევრები გამოფენილიი იყო პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფილადელფიის ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ.

არტურ სტენიუსმა, რომელსაც აშშ-ში დოკუმენტური ფილმების დიდი კორპორაცია ჰქონდა პაპაშვილზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „მშვენიერება ქვაში“.

პენსილვანიის შტატში მისი მამული უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს სანადირო ადგილებით, ტყეებითა და წყაროებით. უკან გრანიტის მთებია, საიდანაც ამწეებით მოჰქონდა სახლამდე მასალა მოქანდაკეს და შინ მოწყობილ სახელოსნოში აქანდაკებდა.

სტენიუსის დოკუმენტური ფილმი  ჯორჯ პაპაშვილზე დეტროიტში უეინის უნივერსიტეტში ინახება.

ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილებს ეკუთვნით ასევე ტექსტები “ჰო და არა” ზღაპრები, “შინისაკენ, კვლავ შინისაკენ”, “რუსული (მსოფლიო) კულინარია”, “მადლობა ნოეს” და  ,,ძაღლები და ადამიანები“

 

,,მადლობა ნოეს“ ცხოველებზე დაწერილი თავგადასავლებია ბავშვებისთვის. ტექსტი ქართულად ისევე, როგორც ,,ყველაფერი…“ ბატონმა ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა სახელწოდებით ,,დღესაც მელოდება“ – ასე ქვია პირველ თავს წიგნში.

მქონდა სურვილი, რომ ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუნდაც რამდენიმე თავი შეგვეტანა ამ ტექსტიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი , როცა არქივში ვნახე , რომ ამერიკის საშუალო 250 სკოლაში ეს წიგნი, როგორც სავალდებულო, ისე გახლდათ შეტანილი.  ჩემი და ამერიკის განათლების სისტემის აზრი ერთმანეთს დაემთხვა

წიგნს ,,შინისკენ, კვლავ შინისაკენ“ ჯორჯ   პაპაშვილიისა და ჰელენის ბოლო წიგნია. მისი ტირაჟი 73 ათასი იყო და ფიქრობდნენ, რომ პირველი წიგნივით ბესტსელერი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

პაპაშვილი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: ,,მე ვერ დავრჩები, ჩემი ,,შინ“ ,ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება უკვე შეერთებულ შტატებშია“ – ეს სიტყვები ბოლო წიგნში გაიხსენა 10 წელი რომ წერდა.

ქართველებისთვის აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში და პენსილვანიაში, საკუთარ მამულშია დაკრძალული მეუღლესთან ერთად.

წყარო : batumelebi.netgazeti.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა გამოაქვეყნა და ამ საგნის შედეგებით დაიწყო წლევანდელი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება.

ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებმაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლეს და ვთხოვთ მათ გამოცდილების გაზიარებას მომავალი წლის აბიტურიენტებისთვის:

ნათია ჯალიაშვილმა სიღნაღის რაიონის წნორის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება – 60 ქულა დაიმსახურა. ის გვიყვება, თუ რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში:

– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მასწავლებელი ძალიან დამეხმარა და მის გარეშე, ამხელა შედეგს ვერ მივაღწევდი. მეც, რა თქმა უნდა, მივყევი და ბევრი ვიმუშავე. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ყოველთვის მიყვარდა. თემებში, ანალიზისა და პარალელების მოყვანის დროსაც სწორედ ეს მეხმარებოდა, რომ არგუმენტები სწორად ჩამომეყალიბებინა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემის სტრუქტურა შესაბამისად ავაწყოთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თემას ყველაზე მაღალი ქულა ენიჭება, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. შინაგანად საკმაოდ მოტივირებული ვიყავი, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და ჩემს ოჯახთან, ახლობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, საკუთარი თავიც გამეხარებინა. სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვაპირებ, ამჟამად პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს მითითებული.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ იმიტომ, რომ გამოცდები იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასევე, იკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა, გაეცნონ საინტერესო ფილმებს, რადგან ეს, გარდა ზოგადი განათლებისა, მომავალში თემების კარგად დაწერაში განსაკუთრებით გამოადგებათ.
განაგრძეთ კითხვა…

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

ზუგდიდელი და სენაკელი მოსწავლეები NASA – ში მიემგზავრებიან

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია.

ლუკა კუკავა და გიგი გამსახურდია სამ, სენაკელ, თბილისელ და ბათუმელ თანატოლთან ერთად 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული სწორედ ამ ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი “TerraTech” გახდა.

მათ მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნეს, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. ნასაში მოსწავლეების გამგზავრებას აშშ-ს საელჩო დააფინანსებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

განათლების ხარისხით სქართველო ყველაზე უარესი ქვეყნების ათეულში მოხვდა – PISA-ს კვლევის შედეგები, რომლებიც 15 წლის მოსწავლეების ტესტირებით დადგინდა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების ხარისხის შესაფასებლად მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 15 წლის მოსწავლეების ცოდნას სპეციალური ტესტირებით ამოწმებს. ცოდნა და უნარები ფასდება კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში.

პროგრამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ატარებს.

უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 387,0საშუალო ქულით10 ყველაზე უარესი შედეგის მქონე ქვეყნების გვერდით დასახელდა.

10 ქვეყანა PISA-ს ყველაზე დაბალი ქულით:

  • დომინიკის რესპუბლიკა – 334,3
  • ფილიპინები – 350.0
  • კოსოვო – 361,3
  • პანამა – 365,0
  • მაროკო – 368,0
  • ლიბანი – 376,7
  • ინდონეზია – 382,0
  • საუდის არაბეთი – 386,0
  • საქართველო – 387,0
  • არგენტინა – 395,0

ძირითადი დასკვნები:

ბოლო შეფასებით, სიაში ჩინეთი საშუალო 578,7 ქულით ლიდერობს, რაც მათი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობას ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია, PISA-ს ქულებში ეს პრესტიჟი არ აისახა. აშშ ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, ფინეთი და პოლონეთი და 22-ე ადგილზეა საშუალო 495.0 ქულით.

საუკეთესო ათეულში შემავალმა ქვეყნებმა, მათ შორის სინგაპურმა, ესტონეთმა, ტაივანმა და ფინეთმა, 516-ზე მაღალი საშუალო ქულა მოიპოვეს. ეს მაჩვენებელი მძლავრ საგანმანათლებლო პრაქტიკას და სწავლის უმაღლეს შედეგებს ასახავს.

საინტერესოა, რომ პატარა ქვეყნებმა, როგორიცაა ესტონეთი და ფინეთი, დიდ განვითარებულ ქვეყნებს გაუსწრეს, რაც ადასტურებს, რომ ქვეყნის სიდიდე და ეკონომიკური სიძლიერე საგანმანათლებლო მიღწევებთან ყოველთვის არ არის დაკავშირებული .

PISA-ს უმაღლესი ქულების მქონე ქვეყნები:

  • ჩინეთი – 578,7
  • სინგაპური – 556,3
  • ესტონეთი – 525,3
  • იაპონია – 520.0
  • სამხრეთ კორეა – 519,7
  • კანადა – 516,7
  • ტაივანი – 516,7
  • ფინეთი – 516,3
  • პოლონეთი – 513,0
  • ირლანდია – 504,7

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს?

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტებმა საგნების უმეტესობაში საკუთარი შეფასება უკვე გაიგეს. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე მომავალ სტუდენტს, რომლებმაც გამოცდებზე ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს. ისინი მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს უზიარებენ:

ლუკა ლიკლიკაძე 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 აიღო, ინგლისურში – 70-დან 70, ხოლო მათემატიკაშიც – 51-დან 51 ქულა. ლუკა სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით აპირებს.

– ხშირად აბიტურიენტები მხოლოდ ბოლო წელს გადაწყვეტენ სხვადასხვა საგნის საფუძვლიანად შესწავლას, რაც ვფიქრობ, უმაღლესი შედეგის მიღწევას ართულებს. ეტაპობრივად ვსწავლობდი ყველა საგანს, პროგრამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი და შრომისმოყვარეობამ სასურველი შედეგი გამოიღო. მათემატიკაში უმაღლესი ქულის მიღებაში, გარდა ფაქტობრივი ცოდნისა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკითხი უკვე ვიცოდი, გამეორებას, პერიოდულად გახსენებას დროს ვუთმობდი. წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს. სხვადასხვა უცხოური ნაწარმოების გახსენება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამეხმარა. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ინგლისური თითქმის ყოველდღე გვესმის და ენის საფუძვლიანად სწავლაში ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ეტაპობრივად მიჰყევით მასალის ათვისებას, იშრომეთ და ეს შრომა აუცილებლად დაფასდება. მინდა, ჩემს მასწავლებლებს მადლობა გადავუხადო, ამ შედეგის მიღწევაში მათ დიდი როლი აქვთ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა, დედაჩემს გადავუხადო. ამ წლების განმავლობაში, ყველაფერში მხარს მიჭერდა, მამხნევებდა და მოტივაციას მაძლევდა. კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და ჩემი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.

 

მარიამ მებუკე თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ისტორიაში 58 ქულა აიღო, ქართულში უმაღლესი, 60 ქულა აქვს, ინგლისურში კი – 70-დან 69. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და აღნიშნავს, რომ მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი:

– პირველ რიგში, შრომა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა აუცილებელია. წლების განმავლობაში, კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პროგრამაზე მოხვედრის სურვილით ვმეცადინეობდი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. განსაკუთრებული როლი აქვს ჩემს მასწავლებელს. სწორ დროს შერჩეულ ადამიანს, ამ შემთხვევაშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც, დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

 იხილეთ სრულად

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკულტურასაქართველოფილოსოფია

იაკობ გოგებაშვილი ქართულ პატრიოტიზმზე

ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”

(რჩეული თხზულებანი, ტ. 1, თბ. 1989, გვ. 235-236).

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 2 3 28
Page 1 of 28