close

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტარქტიდამ 1992 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-ზე მეტმა მეცნიერმა ყინულის საფარის გასაზომად სატელიტური მონაცემები გამოიყენა. მათი გაანგარიშებით, გლობალური ზღვის დონე აღნიშნულ პერიოდში 7.6 მილიმეტრით გაიზარდა.

ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ ყინულის დნობის პროცესი ბოლო წლებში საგრძნობლადაა დაჩქარებული.

2012 წლამდე ყინულის დნობის მაჩვენებელი ძირითადად სტაბილური იყო და წელიწადში 76 მილიარდ ტონას აღწევდა, შესაბამისად, ზღვის დონე 0.2 მილიმეტრით მატულობდა. 2012 წლიდან კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა და წელიწადში 219 მილიარდი ტონა შეადგინა, ოკეანის დონე კი  0.6 მილიმეტრით იზრდება.

,,მონაცემები გვიჩვენებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ არსებობს, არამედ ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება,” – განაცხადა ნასას მკვლევარმა – იზაბელა ველიკოგნამ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2070 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 3.5°C -ით, ზღვის დონე კი – ყოველწლიურად 10-15 მილიმეტრით მოიმატებს.

უფრო შორს თუ წავალთ, მომავალ 10,000  წელიწადში ზღვის დონე 50 მეტრით აიწევს, ამ ზრდის 80 პროცენტი ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით იქნება გამოწვეული.

თუმცა, ასე პესიმისტურადაც ნუ განვეწყობით, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ მსოფლიოში დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიის შემცირება არ მოხდება. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა და ემისიების შემცირება ფიქსირდება, ეს კი თავის მხრივ, გლობალური ტემპერატურის ზრდასაც შეამცირებს.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid