close
საქართველო

აკაკი დეკანოსიძე – 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარი მონდომების წყალობით იტალიის პრესტიჟულ გუნდს შეუერთდა

აკაკი დეკანოსიძე 17 წლის ფეხბურთელია, რომელიც დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის წყალობით დღეს იტალიის ერთ-ერთ პრესტიჟულ გუნდში თამაშობს. როგორია ცხოვრება ოჯახისგან მოშორებით, თანაც უცხო ქვეყანაში და რამდენად რთული აღმოჩნდა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის კარიერული წინსვლისთვის გაღებული მსხვერპლი, თავად აკაკი გვიამბობს.

აკაკი, როგორ მოხვდი სრულიად უცხო ქვეყანაში და იყო იყო თუ არა შენი კარიერა მთავარი ფაქტორი, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღე?

-იტალიაში 11 წლის ასაკში გადმოვედი, რაც უპირველეს ყოვლისა დედაჩემის დამსახურებაა, მან მომცა საშუალება, რომ სწავლა და საფეხბურთო კარიერა სწორედ აქ გამეგრძელებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი წლებია ჩემს ცხოვრებაში, რადგან სისტემატიურ ვარჯიშთან ერთად დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლაც მომიწია, დედა და დაც იტალიაში ცხოვრობენ, მაგრამ სხვა ქალაქებში, მე კი ბოლონიაში ვარ და ესეც ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის.

-გვიამბე შენს საფეხბურთო კარიერაზე, როდის დაიწყე თამაში და ამჟამად რა ეტაპია შენს კარიერაში?

-ფეხბურთის თამაში ბავშვობიდან დავიწყე, მამა ხშირად ხუმრობს კიდევაც, რომ ფეხი ბურთით ავიდგი, რადგან შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად რუსთავის გუნდში, „იმედში“ დავიწყე თამაში, ჩემი მწვრთნელები მამუკა მურჯიკნელი და კახა ბექაური იყვნენ, სწორედ ეს ადამიანები დამეხმარნენ კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში, 11 წლის ასაკში იტალიაში გავაგრძელე კარიერა და ერთ-ერთ რეგიონალურ გუნდში დავიწყე თამაში, სულ მალე პროფესიონალური გუნდებიდანაც მოვიდა შემოთავაზებები, თუმცა იმ დროს, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტრანსფერი ვერ მოხერხდა. ამჟამად ImoleseCalcio 1919-ის პირველიგუნდისწევრივარ, მახსოვს, თუ როგორ ვვარჯიშობდი ყოველდღე, წვიმაშიც კი მივდიოდი მოედანზე და მთელ დღეს იქ ვატარებდი, ახლაც ასეა, სისტემატიურად ვვარჯიშობ და მალე თამაშებშიც მივიღებ მონაწილეობას.

-რამდენად რთულია შენს ასაკში სამშობლოსგან შორს ცხოვრება და ყველაზე მეტად რა გენატრება შენი ქვეყნიდან?

-ძალიან ძნელი იყო თერთმეტი წლის ასაკში აქ გადმოსვლა, ეს სირთულე დღემდე მიქმნის პრობლემებს, რადგან მარტო ვცხოვრობ და ოჯახის წევრები ძალიან მენატრებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლებში დიდი პროგრესი განვიცადე, ბევრი სირთულე გადავლახე, რომლებიც ბუნებრივია კარიერაზეც ახდენს გავლენას, ფეხბურთის სიყვარულმა და იმ იმედმა, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრებში ვხედავ, დამარწმუნა რომ შეუძლებელი არაფერია და მეც შევეცდები არჩეულ გზას არ გადავუხვიო.

-საინტერესოა აპირებ თუ არა საცხოვრებლად სამშობლოში დაბრუნებას და რა არის შენი მთავარი მიზანი?

-საქართველოში ცხოვრება, გარკვეული მიზეზების გამო, ჩემს გეგმებში არ შედის, თუმცა სამშობლოს ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ და დროს დიდი სიამოვნებით ვატარებ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში. მთავარ მიზანს რაც შეეხება, მსურს მინდა სერია ა-ში თამაში, მუდმივად ვიშრომებ რომ ერთ-ერთი საუკეთესო გავხდე  და საკუთარი ქვეყანა ვასახელო.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0