close
ტექნოლოგიები

“AI კაცობრიობას მოსპობს?” — ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული 3 ყველაზე დიდი შიში

“AI ისეთივე საშიშია, როგორიც ბირთვული ომი ან გლობალური პანდემია”, — ვკითხულობთ Center for AI Safety (CAIS)-ს უახლეს გაფრთხილებაში. მოსაზრებას მხარს უჭერენ ინდუსტრიის მოწინავე აქტორები, მათ შორის, სემ ალთმანი, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI-ს ხელმძღვანელი.

ამ თვეში უკვე არაერთი მსგავსი გაფრთხილება გამოქვეყნდა. ზოგიერთი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე კაცობრიობას გადაასწრებს, ზოგიერთი კი მის რეგულირებას ითხოვს.

ამ სტატიაში შეგიძლიათ, გაეცნოთ AI-სთან დაკავშირებულ 3 მთავარ შიშს და დაფიქრდეთ, რამდენად საფუძვლიანია თითოეული მათგანი.

1. AI კაცობრიობას მოსპობს

როცა საქმე ხელოვნური ინტელექტისადმი შიშს ეხება, ადამიანების უმრავლესობას პირველი სწორედ კაცობრიობის გადაშენების საკითხი აწუხებს.

ChatGPT-ს გამოშვებასთან ერთად, ინტერნეტ-მომხმარებლები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი AI სისტემები ცნობიერი არაა, ისინი იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის განცდა დაგვიტოვოს.

თუმცა, როცა ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების საკითხზე ვსაუბრობთ, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ თანამედროვე AI სისტემებმა ცნობიერების გარკვეულ დონეს უკვე მიაღწია.

ექსპერტები ხაზს უსვამენ კიდევ უფრო ახლო და საჭირბოროტო საკითხსაც, კერძოდ, AI-ს სამხედრო სფეროში გამოყენებას, რომელიც უკვე დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

დევიდ კრუგერის, AI-ს ექსპერტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აზრით, ავტონომიური იარაღებით გაწეულმა სამხედრო კონკურენციამ, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი შეიწიროს. მეტიც, თუკი AI მწყობრიდან გამოვა და ომის მეთაურები მასზე კონტროლს დაკარგავენ, შედეგი შეიძლება მთელი კაცობრიობის განადგურება აღმოჩნდეს.

2. AI მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს

მეორე ყველაზე პოპულარული შიში უმუშევრობას უკავშირდება.

ChatGPT-ს, Midjourney-სა და სხვა AI სისტემების ბაზარზე შემოსვლით, უკვე ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ დღესაც მათ სამუშაო ადგილს დაიკავებს.

აბჰიშეკ გუპტას, Montreal AI Ethics Institute-ის დამფუძნებლი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიზეზით სამუშაოს დაკარგვის პერსპექტივა ყველაზე “რეალისტური, დაუყოვნებელი და, შესაძლოა, მწვავე” ეგზისტენციალური საფრთხეა.

სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა უკვე დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის “დასაქმების” განხილვა. მაგალითად, IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია შეამცირებს იმ კადრების დაქირავებას, რომლებიც შეიძლება ჩანაცვლდეს AI-თ.

“ოთხი-ხუთი წლის წინ არავინ გააკეთებდა ამგვარ განცხადებას და, ასეც რომ ყოფილიყო, სერიოზულად ამას არავინ მიიღებდა”, — თქვა გუპტამ IBM-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაზე.

3. მიკერძოებული AI

ექსპერტებმა Insider-ს განუცხადეს, რომ თუკი ხელოვნური ინტელექტის სისტემები ფართო საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისტემურ მიკერძოებას.

გენერაციულ AI სისტემებში, მათ შორის, ChatGPT-ს წინა ვერსიაში, გამოვლინდა მიკერძოების მაგალითები. თუმცა კომპანია OpenAI-მ უკვე მიიღო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Insider-ის მიერ ჩატარებული ტესტებით დასტურდება, რომ გენერაციულ AI მოდელებს შეუძლია საზიანო სტერეოტიპების გავრცელება.

აქედან გამომდინარე, ექსპერტების აზრით, AI-ს საზოგადოებრივ საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებად ჩართვა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

AI სისტემების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება. ბაზარზე ChatGPT-ს მსგავსი “ჭკვიანი” ჩეთბოტის გამოჩენამ უკვე ბევრს გაუჩინა ზემოხსენებული შიშები, რაც, გარკვეულწილად, სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0