close
მიგრანტიაქართველო

10-საათიანი ოპერაცია თავის ტვინზე: წლინახევრის ქართველი გოგონა იტალიელმა ექიმებმა გადაარჩინეს

764385638534

18 თვის ქართველ გოგონას აპულიაში, სან ჯოვანი როტონდოს საავადმყოფოში ნეიროქირურგებმა 10-საათიანი ოპერაციის შედეგად მთლიანად მოაცილეს ტვინის სიმსივნე, რომელსაც თავის ტვინის მთელი მოცულობის მეოთხედი ეკავა. ამის შესახებ fortuneita წერს.

ახლა პატარა სესილი უკეთ გრძნობს თავს. გოგონა იტალიაში მარტის ბოლოს ჩავიდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავის ახალგაზრდა მშობლებთან – 22 წლის ნინოსა და 23 წლის იოსებთან ერთად. საქმე ისაა, რომ მხედველობის პრობლემების გამო საქართველოში მას МRI გაუკეთეს და თავის ტვინში დიდი ზომის უცნობი სიმსივნე აღმოაჩინეს. ქართველმა სპეციალისტებმა ის შეაფასეს, როგორც „სერიოზული და არაოპერირებადი“. ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების წყალობით, რომელზეც აპულიის რეგიონმა გასცა სანქცია, პატარა გოგონა Casa Sollievo-ში ჩავიდა.

სან ჯოვანი როტონდოს რადიოლოგიის განყოფილებაში გაკეთებული პირველი ტესტებიდან გაირკვა, რომ სიმსივნე თავის ტვინის 1/4-ს იკავებდა, რაც ძალიან სარისკო მდგომარეობა იყო.

„საგულდაგულო შესწავლისა და ყველა პლუს-მინუსის შეფასების შემდეგ გადავწყვიტეთ, დაუყოვნებლივ გაგვეკეთებინა ოპერაცია ბავშვისთვის, რათა სიმსივნე მოგვეშორებინა და თავიდან აგვეცილებინა გარდაუვალი სიკვდილი კომპრესიული ეფექტის გამო, რომელსაც სიმსივნე ახდენს ტვინზე, – განმარტავს ლეონარდო გორგოლონე, Casa Sollievo-ს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. – ეს ძალიან რთული ოპერაცია იყო, რადგან სიმსივნემ თავის ქალის და ტვინის ანატომიური სტრუქტურა შეცვალა. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ქირურგს, ანესთეზიოლოგებს და საოპერაციოს მთელ პერსონალს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს, წარმატებით მოგვეცილებინა 6სმ x5 სმ სიდიდის სიმსივნე“.

როგორც ჰისტოლოგიური კვლევით დადგინდა, ამოკვეთილი სიმსივნე პირველი ხარისხის პოლიციტარული ასტროციტომა იყო, იშვიათი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება, საშუალოდ, 200 000-იდან ერთ შემთხვევაში. ოპერაციის შემდეგ ბავშვი ანსეთეზიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს მძიმე მეტაბოლური დისბალანსის გამო, რომელიც ჰიპოფიზზე სიმსივნის დაწოლამ გამოიწვია… სანამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ, პატარა სესილის სწორი მეტაბოლური ბალანსი უნდა აღუდგეს და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი დაურეგულირდეს.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი პატარა გოგონას მაღალსპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ.

სესილის დედა – ნინო და მამა – იოსები მადლობას უხდიან ყველას, საავადმყოფოს ხელმძღვანელობით დაწყებული, მედპერსონალითა და სოციალური მუშაკებით დამთავრებული, რომლებიც, მათი თქმით, პანდემიის ამ რთულ პერიოდში მათ გვერდით იყვნენ და ასეთი თანადგომით ამშვიდებდნენ. ისინი, აგრეთვე, მადლობას უხდიან იტალიურ ოჯახებს, რომლებიც თავიდანვე გვერდში დაუდგნენ. „ამას არასდროს დავივიწყებთ“, – ამბობენ ახალგაზრდა მშობლები.

ნინო ხოშტარია

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი