close
ფსიქოლოგია

როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის აგრესიას და-ძმის მიმართ? – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის 

მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ლიკა წერეთელი – ფსიქოთერაპევტი

როგორ ავუხსნათ მოზარდ გოგონებს, რომ ინტერნეტი დაუცველია და ხშირად, შეიძლება არასასურველმა პიროვნებამ მისწეროს და სცადოს კონტაქტი? რა ფორმით მივაწოდოთ ინფორმცია, რომ ზემოთაღნინული ფაქტი, დადგომის შემთხვევაში, გვითხრას და არ დაგვიმალოს?

უპირველეს ყოვლისა, მოზარდ გოგონას „დიდად“ უნდა იგრძნოს თავი და ამგვარი გაუფრთხილებლობაც აქედან მოდის.  მეორე მხრივ დამალვა სწორედ გარკვეული შიშის შედეგია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მშობელი მას გაუჯავრდება, რაც ერთი მხრივ სტრესის მომგვრელია, ხოლო მეორეს მხრივ, იმის დასტურია, რომ მშობელი მას ბავშვად აღიქვამს.  როგორც ხედავთ,  წრეზე ვტრიალებთ. ამიტომაც მშობლებმა თავად მიდგომა უნდა შეცვალონ შვილების მიმართ, ესაუბრონ მათ როგორც თანასწორებს, სრულიად ღიად და მშვიდად აუხსნან საქმის ვითარება, გაუხმოვანონ საფრთხეები  და რაც მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი მხარდაჭერა აღუთქვან. ეს მოზარდ გოგონებს საკუთარ თავსაც სულ სხვაგვარად დაანახებს და მათთვის გარემო სიტუაციის შეფასებაც შეიცვლება, უფრო ჯანსაღი გახდება. აკრძალული ხილი ხომ ყოველთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია, მაგრამ როდესაც აკრძალვა ღარ არის, ისიც თავის განსაკუთრებულ ხიბლს კარგავს. ამ შემთხვევაში შიშიც აღარ ფიგურირებს  და სამყაროსთვის საკუთარი ზრდასრულობის ასეთი გზით დამტკიცების საჭიროებაც უბრალოდ ქრება.

როგორ იქცევა მშობელი, როცა ბავშვი იჩენს აგრესიას და-ძმის მიმართ?( როგორ ვასწავლოთ, რომ არ შეიძლება ძმის გამეტებით ცემა?)

აქ, უპირველესად,  გასარკვევია ის, თუ რა გახდა ამგვარი აგრესიული ქცევის მიზეზი. უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება. იქნებ, ეს ძმის სრულიად კონკრეტულმა საქციელმა გამოიწვია? რა ტიპის საქციელი იყო ეს? თუ მართლაც წონასწორობიდან გამომყვანი შემთხვევა იყო, ბავშვებთან დავილაპარაკოთ, სიტუაცია გავარკვიოთ და აქ შესაძლოა სამომავლოდ ქცევის განსხვავებული სტრატეგია დაიგეგმოს. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდ საუბარსა და ვითარების აუღელვებელ გარჩევას დადებითი შედეგი მოყვება. შეიძლება მშობელმა გარკვეული აქტივობები დაგეგმოს, რომელშიც ორივე ბავშვი იქნება ჩართული: სულ ერთია, ეს თამაში იქნება, წიგნის ერთობლივად  ხმამაღლა კითხვა თუ ფილმის კოლექტიური ყურება – ბავშვები რაღაცამ უნდა გააერთიანოს. საუკეთესოა, თუ ამ აქტივობებში თავად მშობელი იქნება ჩართული და ორივე ბავშვის მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას შეძლებს, სამაგალითო ქცევისთვის ორივეს შეაქებს. შესაძლოა, სიტუაცია ისეთი იყოს, რომ ბავშვის ძმის ან დის მიმართ აგრესია ეჭვიანობით იყოს გამოწვეული. აქ მშობელმა საკუთარი ქცევა უნდა განიხილოს, ხომ არ უთმობს ის ერთ ბავშვს უფრო მეტ ყურადღებას, ხომ არ გამოხატავს მის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს, ისე, რომ მეორე ზედმეტად და მიტოვებულად გრძნობს თავს? რა აგსაკვირია, რომ მასში აგრესია გროვდება, რომელსაც ის თავისი „უბედურების“ გამომწვევ ობიექტზე მიმართავს. ეს ის ნიუანსებია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და გათვალისწინებას მოითხოვს.

სტატია მოამზადა : სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0