close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის ტვინზე კომპიუტერის უსადენოდ დაკავშირება შეძლეს!

კვლევის ფარგლებში პარალიზებულმა მონაწილეებმა კომპიუტერი ტვინიდან წამოსული სიგნალებით გააკონტროლეს.

კომპიუტერისთვის ბრძანებების უკაბელოდ გადაცემის მცდელობამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. როგორც აშშ-ს ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, სისტემას ტვინის სიგნალების გადაცემა სრული წარმატებით შეუძლია.

BrainGate ტექნოლოგიის კლინიკურ კვლევაში მცირე ზომის გადამცემია გამოყენებული, რომელიც ადამიანის ტვინის მამოძრავებელ ქერქს უკავშირდება. კვლევის პარალიზებულმა მონაწილეებმა სისტემა კომპიუტერის გასაკონტროლებლად გამოიყენეს და შედეგად, სადენიანი სისტემის ანალოგიური მოქმედებების შესრულება შეძლეს. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს აღჭურვილობასთან ფიზიკური კავშირი აღარ სჭირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს უკაბელო სისტემა ფუნქციურად სადენიანი სისტემების ეკვივალენტურია. სიგნალები ჩაიწერება და სათანადოდ მსგავსი სიზუსტით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, დეკოდირების იგივე ალგორითმები გამოვიყენოთ, რომლებსაც სადენიანის შემთხვევაში ვიყენებთ” – ამბობს ჯონ სიმერალი, ინჟინრის ასისტენტ პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტში.

ეს ნერვული ინტერფეისის ტექნოლოგიების სწრაფად მზარდ სფეროში უახლეს მიღწევას წარმოადგენს. უკანასკნელი კვლევის ორი მონაწილე 35 და 63 წლისები იყვნენ, რომლებიც ზურგის ტვინის ტრავმის გამო პარალიზებულები იყვნენ. მათ უკაბელო სისტემის უწყვეტი გამოყენება 24 საათის განმავლობაში შეძლეს. თანაც ეს ყველაფერი სახლის პირობებში მოხდა და არა, ლაბორატორიაში.

ლეუნ ჰოჩბერგი, ბრაუნის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი და BrainGate კლინიკური გამოკვლევის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ სისტემის მეშვეობით, შეგვიძლია, დიდი ხნის განმავლობაში ვადევნოთ თვალის ტვინის აქტივობას, სახლის პირობებში. “ეს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებაში დაგვეხმარება, რომლებიც პარალიზებული ადამიანების კომუნიკაციისა და მობილობის, უწყვეტ, ინტუიციურ და საიმედო აღდგენას უზრუნველყოფს”.

ტექნოლოგიის ასეთმა განვითარებამ ილონ მასკისა და Facebook-ის ყურადღებაც მიიპყრო. შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის სტარტაპმა მაიმუნის ტვინზე უკვე გამოსცადა უსადენო ჩიპი, რომლის დახმარებითაც ის ვიდეო თამაშებს გაუმკლავდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0