close
იზნეს პერსონამიგრანტიაქართველო

“ჩემს თაიგულებში ხშირად იპოვით ქართულ გავლენას” – საფრანგეთში მოღვაწე ფლორისტის ისტორია

444

თანამედროვე მსოფლიოში ფლორისტიკა  ნამდვილი ხელოვნებაა, რომელიც, ხელოვნების ნიმუშების შექმნასთან ერთად, ადამიანთა გულებს ავსებს  წარმოუდგენელი ინსპირაციით.

არც ერთი ღონისძიება სრულყოფილი არ არის ფლორისტის მომსახურების გარეშე: თაიგულის შედგენა, დარბაზის გაფორმება, ყვავილების თაღის შექმნა, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა.

ამ პროფესიის ადამიანები ამშვენებენ არა მხოლოდ ზეიმებს და დღესასწაულებს, არამედ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად ლამაზს ხდიან.

ყვავილების ჰარმონიულად შედგენილი კომპოზიციიდან, პარკში ლამაზი ლანდშაფტით დამთავრებული ყოველივე ფლორისტების ნამუშევარია.

Doctrina.ge-ს  რესპოდენტი გახლავთ, 21 წლის ემიგრანტი,  ბექა ცერცვაძე . რომელიც საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებული ფლორისტია.

როდის დაიწყეთ ფლორისტობა?

ფლორისტობა 2019 წლის გაზაფხულზე დავიწყე. აქ როცა სასწავლებელში ხარ, ამავდროულად შეგიძლია შენივე განხრით დასაქმდე.

ფლორისტი რომ გახდე, საჭიროა თუ არა სპეციალური ცოდნა და უნარები ამ სფეროში?

ფლორისტი რომ გახდე, მხოლოდ სასწავლებელში მიღებული ცოდნა არამგონია საკმარისი იყოს. აუცილებელია, მცენარეებთან და ყვავილებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებდეს და უფრო შენი შინაგანი სამყაროდან მოდიოდეს. მგონია, რომ ესთეტიზმი ბავშვობიდანვე მოგყვება. ფერების შეხამება და ყვავილების ერთმანეთთან ჰარმონიზება ყველანაირი ცოდნის გარეშეც შეიძლება. სასწავლებელში უფრო მეტად ტექნიკურ მხარეს სწავლობ, დანარჩენი კი თავად ფლორისტის ხელშია.

როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია?

ვიდრე საფრანგეთში წავიდოდი, საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ვსწავლობდი. 2018 წელს წამოვედი პარიზში, საქართველოში მალევე დაბრუნების იმედით, თუმცა იმდენად შემაყვარა ამ ქალაქმა თავი, რომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და რამე შემეცვალა ცხოვრებაში

რამ გიბიძგათ წამოგეწყოთ ის საქმე, რომელსაც თქვენ უკვე წარმატებით ახორციელებთ? რა იყო თქვენი მოტივაცია?

ჩემი ძირითადი მოტივაცია გახლდათ სურვილი იმისა,რომ ვყოფილიყავი ბუნებასთან კონტაქტში ყოველდღიურად, თან ძალიან საინტერესოა ყვავილებთან მუშაობა, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, უსასრულოა იდეები, არასდროს ილევა ! ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის,  რომ როდესაც რაიმე ყვავილების კომპოზიციას ქმნი, იცი რომ რამდენიმე დღეში დაჭკნება და იგივე ეფექტი აღარ ექნება, ეს არ არის ნახატი, რომელიც ყოველთვის დაგვრჩება. ამიტომ ისევ გიჩნდება სურვილი სხვადასხვა კომპოზიციის შექმნისა, რომლითაც შეგიძლია რამდენიმე დღე მაქსიმალურად ისიამოვნო

მოკლედ აღწერეთ თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე, ძირითადად რა სახის დაბრკოლებებს აწყდებოდით?

საფრანგეთში ყვავილები ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი მათ ხელოვნების კუთხით უყურებს. თაიგულისა და ლარნაკის შეხამებაც ძალიან მნიშვნელოვანია, საფრანგეთს დიდი ისტორია აქვს ამ მხრივ. არსებობს მრავალი სახეობის ლარნაკი, თავისივე დიადი ისტორიებითა და ეპოქით. ჩემი დაბრკოლება წარმატების გზაზე სწორედ ის იყო, რომ ლარნაკების სახეობებსა და ისტორიებში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ ახლა ეს უკვე გამოცდილების ნაწილია.

რა არის ის ყველაზე დიდი შიში, რომელიც დაგიძლევიათ?

შიშად რაც შეიძლება მივიჩნიო, ეს იყო ჩემი ასაკი. ზოგადად, როცა რთულ საქმეს ეჭიდები, ხალხმა შეიძლება სკეპტიკურად შემოგხედოს, სანამ უშუალოდ შედეგს ნახავენ. ასევე მეგონა ,რომ ფრანგების გვერდით ადგილის პოვნა გამიჭირდებოდა, თუმცა პირიქით, გამიადვილდა. ქართული კულტურა და ხედვა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და მომცა სტიმული, რომ ქართული კულტურა ფრანგულთან შემერწყა. ამის გამოა, რომ ჩემს თაიგულებშიც ხშირად იპოვით ყურძნის მტევნებსა და ტოტებს.

როგორც ცნობილია, თქვენ საკმაოდ წარმატებულად უძღვებით თქვენს საქმეს. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა არის თქვენთვის წარმატება?

ჩემთვის წარმატებად ითვლება ის, როდესაც მიხვდები , რომ ბედნიერი ხარ იმ საქმით, რასაც აკეთებ და უდიდეს სიამოვნებას განიჭებს ყოველ დილით სამსახურში წასვლა.

როგორც ვიცი საზღვარგარეთ მოღვაწეობთ. ხომ არ ფიქრობთ სამშობლოში დაბრუნებას და საკუთარი საქმიანობის საქართველოში გაგრძელებას?

ამ ეტაპზე ძალინ რთულია ამაზე ფიქრი მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად დავბრუნდები ერთ დღეს რომ საქართველოშიც ჩემოვიტანო ჩემი პატარა გამოცდილება!

რას ურჩევდით მათ, ვისაც  წარმატების მიღწევა სურს?

ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, დაიჯერონ, რომ აუცილებლად აიხდენენ ყველა ოცნებას. მიყვნენ ბოლომდე თავიანთ სურვილებს და აუცილებლად აღმოაჩენენ ადგილს, სადაც თავს წარმატებულად იგრძნობენ. მე ძალიან ცელქი ვიყავი და ხშირად მეუბნებოდნენ , რომ უაზროდ ვოცნებობდი და სერიოზულად უნდა დამეწყო ფიქრი ჩემს მომავალზე, იმიტომ, რომ თითქოს არაფერი გამომივიდოდა, ჩემი ოცნებები სხვებისთვის ძალიან არარეალურად ჟღერდა.“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი