close
მედიცინა

შემუშავებულია ინვ-იტრო განაყოფიერების იაფი და მარტივი ალტერნატივა – წარმატებული ექსპერიმენტი

ერთი კვირის დაბადებული ბონი ლუტასი პირველი ბავშვია ავსტრალიაში, რომელიც შედარებით ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიის დახმარებით ჩაისახა. ასე მსოფლიოში ათეულობით ბავშვია დაბადებული, მიდგომა კი თანდათანობით უფრო პოპულარული ხდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მეთოდს CAPA-IVM (capacitation in-vitro maturation) ეწოდება. იგი ამჟამად დამკვიდრებული ტექნიკის, ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF), უფრო მარტივი და იაფი ალტერნატივაა; CAPA-IVM-ის მიზანია, ისეთ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც დაფეხმძიმება უჭირთ.

„ამ ბავშვის დაბადებას ყველა მოუთმენლად ველოდით”, – აცხადებს ბილ ლეჯერი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტი ფერტილურობის კუთხით – “ქალების სამეფო საავადმყოფო მსოფლიოში სულ რაღაც ექვსიდან ერთ-ერთი ადგილია, რომელიც CAPA-IVM-ს უზრუნველყოფს და ეს ავსტრალიაში პირველი ბავშვია, რომელიც ამ მეთოდით ჩაისახა”.

ტრადიციული IVF მიდგომის ფარგლებში ქალს ორი კვირის განმავლობაში უკეთებენ ჰორმონულ ინიექციებს. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, საკვერცხის ფოლიკულიდან ერთი ან მეტი კვერცხუჯრედი წარმოიქმნება. კვერცხუჯრედებს შემდეგ აგროვებენ და სხეულს გარეთ ანაყოფიერებენ სპერმატოზოიდებით.

IVF მეთოდით პირველი ადამიანი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში. მას შემდეგ ამ გზით უკვე 8 მილიონზე მეტი ბავშვია ჩასახული.

მიუხედავად პოპულარობისა, ამ ტრადიციულ მიდგომას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში, იგი საკმაოდ ძვირი და მოუხერხებელია. ამას გარდა, არსებობს საკვერცხეების გადამეტებული სტიმულირების რისკიც, რაც მათ შეშუპებასა და ტკივილს იწვევს. არც ისე ხშირად, თუმცა IVF-ის შედეგად სხვადასხვა დაავადების (თუნდაც საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის) მქონე ადამიანებს უფრო მაღალი რისკები აქვთ და ჰორმონულ მეთოდებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.

ნაცვლად ცალკეული კვერცხუჯრედებისა, IVM-ის ფარგლებში განუვითარებელი უჯრედების ჯგუფებს, ე.წ. კუმულუს-ოოციტურ კომპლექსებს, აგროვებენ. ესენი მოუმწიფებელ კვერცხუჯრედსა და მხარდამჭერ უჯრედებს აერთიანებს, კვერცხუჯრედს კი სხეულს გარეთ მომწიფების საშუალებას აძლევს. შედეგად საკვერცხეების სტიმულაციის საჭიროება იკლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად IVM ბოლომდე ახალი არ არის. პირველი ბავშვი, რომელიც გარეთ დამწიფებული კვერცხუჯრედისაგან ჩაისახა, დაახლოებით 30 წლის წინ დაიბადა. ამის შემდეგ ამ მეთოდით 1300-ამდე ბავშვი გაჩნდა.

მსოფლიოს მეცნიერებმა არაერთი მიდგომა განიხილეს, რათა პროცედურა დაეხვეწათ და ჩასახვის შანსები გაეზარდათ.

„პრობლემა ისაა, რომ, როდესაც კვერცხუჯრედს ადამიანის სხეულიდან ვიღებთ, იგი ძალიან სწრაფად მწიფდება მაშინაც კი, როცა ამისათვის შეიძლება სულაც არ იყოს მზად. მეორე მხრივ, CAPA მეთოდი კვერცხუჯრედის განვითარებას 24 საათით აჩერებს. შესაბამისად, იგი უფრო ნელა იზრდება და უფრო ჯანსაღად მწიფდება”, – განმარტავს ლეჯერი.

რაც უფრო ჯანსაღია კვერცხუჯრედი, მით უფრო მეტია ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი. ნაკლები ინიექცია ნაკლებ რისკსშექმნის, ხარჯებს შეამცირებს და პაციენტებსაც ნაკლებ ხანს მოუწევთ, გვერდითი მოვლენები აიტანონ – გულისრევა, თავის ტკივილი, წამოხურებები და სხვ.

ეს გვერდითი ეფექტები არც ისე სერიოზულად ჟღერს, თუმცა მრავალი ჰორმონული ინიექცია პაციენტებისთვის ზოგჯერ ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია.

ბონის მშობლებისთვის, ლიანა და თეო ლუტასებისთვის, ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ ჰორმონთა ცვალებადობის გაძლება აღარ მოუწიათ.

„IVF-ის ხელახლა მცდელობამდე შესვენებას ვაპირებდი, რადგან არ მინდოდა, მგზავრობისას ჰორმონების გვერდითი ეფექტები მქონოდა”, – იხსენებს ლიანა – “როცა CAPA-IVM შემომთავაზეს, სასიამოვნოდ გამაკვირვა იმის გაგებამ, რომ ინიექციები მხოლოდ ორი დღით დამჭირდებოდა. მთლიანი პროცესი გაცილებით ნაკლებად შიშის მომგვრელი აღმოჩნდა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response