close
ედიცინა

ურთულესი და უნიკალური ოპერაცია, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა

urtulesi-unikaluri-operacia-jinchveladze–geo

კლინიკის ენდოვასკულურ დეპარტამენტში ჩატარდა მხართავის ვენის რეტროგრადული რეკანალიზება (სისხლის მიმოქცევის აღდგენა, დახურული სისხლძარღვის გახსნა) და დილატაცია (გაფართოება), აგრეთვე სადიალიზო კათეტერის იმპლანტაცია ზემო ღრუ ვენაში – აღსანიშნავია, რომ ოპერაციისას ანგიოქირურგებმა გამოიყენეს სპეციალური ულტრათანამედროვე მოწყობილობა Surfacer.

კლინიკური შემთხვევა და დიაგნოზი

კლინიკაში მიმართვამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზის გამო მისი გადარჩენა მხოლოდ ჰემოდიალიზის მეშვეობით იყო შესაძლებელი, მაგრამ პაციენტს მაგისტრალური ვენები ოკლუზირებული  (დახშული) ჰქონდა და ჰემოდიალიზის ახალი კათეტერის ჩაყენება ვერ ხერხდებოდა.

რა არის თირკმლის უკმარისობა?

თირკმლის უკმარისობა წარმოადგენს სინდრომს, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ძირითადი ფუნქცია და შედეგად ვითარდება წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს თირკმლის ფუნქცია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად ქვეითდება, კერძოდ, ორგანო ვეღარ ფილტრავს ნარჩენ პროდუქტებსა და ზედმეტ სითხეს ორგანიზმში, შესაბამისად, სისხლში დიდი რაოდენობით სითხე, ელექტროლიტები და ნარჩენი ნივთიერებები გროვდება.

მავნე ურემიული ტოქსინებისგან გაწმენდა ხდება ჰემოდიალიზის კათეტერის ან ქირურგიულად შექმნილი არტერიო–ვენური ფისტულის მეშვეობით.

რატომ ვერ ტარდებოდა დიალიზის პროცედურის სრულყოფილი კურსი?  

პაციენტს არტერიო–ვენური ფისტულის არაერთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ახლის ფორმირების რესურსი ამოწურული იყო.

ვენების სრული ოკლუზიის (დახშობა) გამო, სტანდარტული წესით, ცენტრალური ვენის კათეტერიზებაც ვერ ხერხდებოდა – არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღემდე დანერგილი ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლებელი აღმოჩნდა და კლინიკური შემთხვევა სრულიად ახალ მიდგომას საჭიროებდა!

უშედეგო აღმოჩნდა ცენტრალური ვენების გამავლობის ისეთი ტრადიციული მეთოდებით აღდგენა როგორიცაა: ბალონი, სტენტი, მიმმართველი მავთული და სხვა.

ვინაიდან დიალიზიუნდა ჩატარებულიყო სასიცოცხლო ჩვენებით, განიხილებოდა პაციენტის პერიტონეალურ დიალიზზე გადაყვანის საკითხიც.

პერიტონეალური დიალიზის პროცედურისას, სისხლიდან ურემიული ტოქსინები და ჭარბი სითხე მუცლის ფარის გავლით ტრანსფორმირდება. დიალიზის ეს ფორმაც ვერ განხორციელდა რიგი რისკ–ფაქტორებისა (ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მუცლის ღრუზე ჩატარებული სხვადასხვა ოპერაცია) და პერიტონიტის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ღრუს სეროზული საფარის ლოკალური ან დიფუზიური ანთებითი პროცესი) განვითარების ალბათობის გამო.

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოვასკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანგიოქირურგმა გიორგი ჯინჭველაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პაციენტს არაერთხელ ჰქონდა ჩაყენებული სპეციალური სადიალიზო კათეტერი თითქმის ყველა მაგისტრალურ ვენაში, თუმცა ყველა მათგანის ამოღება გახდა საჭირო ინფექციებისა და მაგისტრალური ვენების შევიწროების გამო.

მკურნალობის უნიკალური მეთოდი

„ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების, ენდოვასკულური დეპარტამენტის გუნდის და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ექსკლუზიური და არასტანდარტული ოპერაციის ჩატარება სპეციალური უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც გულისხმობს მხართავის ვენის რეტროგრადულ რეკანალიზებას ბარძაყის არტერიიდან მიდგომით, დილატაციას და სადიალიზო კათეტერის იმპლანტაციას ზემო ღრუ ვენაში. ამ უახლესი მეთოდით ჩვენი კლინიკა ბევრ პაციენტს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, დღეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტს ჰემოდიალიზის პროცედურის სრულყოფილი კურსი უტარდება და თავს კარგად გრძნობს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო :kirurgia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა