close
ემიგრანტი

„სერიოზული დაგეგმარება დამჭირდება, რომ საქართველოში დავბუნდე და საქმიანობა გავაგრძელო“ – ნატო ტეტელოშვილი

ალბათ, სწორია იმის თქმა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაიღო – თუკი სურვილი ნამდვილია, ასევე რეალური უნდა იყოს მისი სრულყოფის მცდელობები. სწრაფვა იქ, სადაც პროფესიული ზრდის მეტი რესურსია, აბსოლუტურად ბუნებრივია.
ნატო ტეტელოშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია მოლეკულურ ბიოლოგიასა და იმუნოლოგიაში. ამჟამად, მუშაობს ფილადელფიის კვლევით ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში და ამუშავებს მეთოდებს კლინიკური კვლევების შესასრულებლად შეერთებული შტატების და დასავლეთ ევროპისთვის.  დეტალურად, ის „დოქტრინას“ ესაუბრა.

რა ძირითადი მიზნით მიიღეთ უცხოეთში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა, უბრალოდ, მაშინდელმა რეალობამ ასე მოიტანა, რომ სამეცნიერო კვლევების შესასრულებლად საჭირო გამოცდილების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა მომიწია.

ამ მხრივ, საქართველოში რა საბაზისო ცოდნა მიიღეთ?

სამეცნიერო კვლევების მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პროცესში გამიჩნდა. პროფესორ გიორგი ბურკაძესთან გამოვცადე პირველად, რას ნიშნავდა სამეცნიერო კვლევის გაკეთება და მოგვიანებით პროფესორ თამარ ჩიქოვანთან, თვითონ კვლევის გაკეთების პროცესი იყო ჩემთვის სახალისო. ჩემი პირველი  ნაშრომი რომ გავიტანე საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტურ შეხვედრაზე ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში, ინტერესიც მაშინ უფრო მეტად გამიღრმავდა. მოხსენების შემდეგ, გავიცანი ჰოლანდიელი მკვლევარი მეცნიერები და გასაუბრების მერე მივიღე მიწვევა ტოპ მასტერის 2-წლიან დაფინანსებულ პროგრამაზე, რაც მერე უფრო დიდ კვლევით პროექტებსა და სადოქტორო ნაშრომში გადაიზარდა. სადოქტოროს შემდეგ გადავწყვიტე, პოსტდოკი გემეკეთებინა კოლუმბიის უნივერსიტეტში მოლეკულურ იმუნოლოგიაში, რამაც კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შემძინა კვლევების გაკეთებაში და მომამზადა ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში გადასასვლელად ჩემი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის.

თქვენს უახლოეს გეგმებში საქართველოში დაბრუნება თუ შედის?

სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს, ისევე – როგორც ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ ხალხს გავუზიარო და მოვახმარო, თუ ამის საშუალება მექენება, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები. ამჟამად, მეუღლესა და პატარასთან ერთად ნიუჯერსის შტატში ვცხოვრობ, სერიოზული დაგეგმარება დამჭირდება, რომ საქართველოში დავბუნდე და საქმიანობა გავაგრძელო.

რა რეკომენდაციები გაქვთ მათთვის, ვინც სამშობლოს ფარგლებს გარეთ გეგმავს პროფესიულ წინსვლას?

იმ ადამიანებს, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ და მცდელობა, რომ უცხო ქვეყანაში მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია, ვურჩევდი, რომ ღიად გამოხატონ საკუთარი სურვილები და ამბიციები, გააკეთონ ის – რისი საშუალებაც ექნებათ ჯერ საკუთარ ქვეყანაში და ჩამოყალიბდნენ, რისი გაკეთება სურთ უცხოეთში. უცხოეთში წასვლა და ცხოვრება თავის თავად არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ დასახულ და ჩაფიქრებულ გეგმებს გადაუხვიონ.
უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ და არ შეგეშინდეს სირთულეების; ხმა მიაწვდინო იმ ადამიანებს, ვისაც შენი დაკვალიანება შეუძლია უცხოეთში; უცხოეთში სწავლის / საქმის გასაგრძელებლად ფინანსების მოსაძიებლად უნდა გამოიყენო  ყველა არსებული რესურსები / დახმარება, პირველ ყოვლისა, საკუთარი სასწავლებლების ფონდებიდან; განცხადება შეიტანო ფელოუშიპებსა და სკოლარშიპებზე, თუკი უცხოეთის სასწავლებელი დაფინანსების საშუალებას იძლევა. საკუთარი ხარჯების გაღებისთვისაც მზად უნდა იყო, მაგალითად, კარგად მახსოვს, მამამ შემიგროვა ჩემი პირველი, ჰოლანდიის სრუდენტური შეხვედრისთვის გასამგზავრებლად თანხა, მიუხედავად იმისა, რომ იქაურმა სტუდენტებმა თავად მიმასპინძლეს და შემიფარეს სტუდენტურ საცხოვრებელში. არასოდეს  იცი, როდის და როგორ გაგიმართლებს. ამიტომ აუცილებელია, იყო ამბიციური შენს საქმეში, შენს სურვილს არ უღალატო და გაჰყვე ბოლომდე სანამ დასახულ მიზანს, სანარ მიაღწევ; გააფართოე პროფესიული კავშირების წრე, ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა, რომ სწორ დროს სწორი ადამიანების გვერდით აღმოჩნდე, რათა სასურველი საქმის რეალიზაცია მოახდინო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response