close
აქართველო

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რატომ აჩერებს ზოგიერთი ქვეყანა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას?

121324

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2 067 მუშაკია დარეგისტრირებული.

ქვეყნაში პირველი ადამიანი ზუგდიდში აიცრა. ვაქცინა „ევექსის“ ექიმმა გაიკეთა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ნორვეგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ირლანდიამ, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, რისი მიზეზიც ვაქცინირებულ ადამიანებში ღრმა ვენის თრომბოზის, ფილტვის ემბოლიისა და სისხლის შედედების შემთხვევები გახდა. ამასთან, იტალიამ, ავსტრიამ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლუქსემბურგმა და ლიტვამ ვაქცინის ერთი  კონკრეტული პარტიის გამოყენება შეწყვიტეს, რომლის 1 მილიონი დოზა ევროპის 17 ქვეყანაშია გაგზავნილი.

თუმცა, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაციის პროგრამები სხვა ქვეყნებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში, გრძელდება.

კომპანია AstraZeneca-ს იმფორმაციით, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინირებული 17 მილიონზე მეტი ადამიანისგან ღრმა ვენის თრომბოზის 15 და ფილტვის ემბოლიის 22 ფაქტია დაფიქსირებული, თუმცა კომპანიის, განმარტებით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის რისკს ზრდის.

ზოგიერთი ქვეყნის მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერებას ევროპის მედიკამენტების სააგენტოც ეხმიანება. უწყების განმარტებით, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ სისხლის შედედების პრობლემები ვაქცინაციის შედეგად წარმოიქმნა. იგივე მოსაზრება გააჟღერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.

წყარო : ncdc.ge , Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი