close
სიქოლოგია

როგორ განვუვითარო ბავშვს მადლიერების გრძნობა – ფსიქოლოგის რჩევა

unnamed (1)

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში, 

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები. 

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ხათუნა გოგელია-გეშტალტთერაპევტი, ევროპული აკრედიტაციით – EAGT სრული წევრი, ნეირობიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი.

1) როგორ განვუვითარო ბავშვს მადლიერების გრძნობა(უბედურად გრძნობს თავს,თუ არ ვუყიდე სათამაშო, ან რამე)

2) რა მოვიმოქმედო იმისთვის, რომ ისწავლოს პოზიტიურად ფიქრი(ცდილობს ყველაფერში უაროფითი დაინახოს. მაგალითად, ერთად ვართ მთელი ოჯახი, ვთამაშობთ და გაგვისკდა ბურთი… რამდენიმე ხნის მერე, მხოლოდ გახეთქილ ბურთს გაიხსენებს).

3) რა მოვიმოქმედო, როცა მოზარდი მუდამ უკმაყოფილოა და შეწუხებული სახით დადის?

4) 5-6 წლის ასაკში ბავშვი ამბობს, რომ ის ეთამაშება ვიღაც არარსებულს, ხანდახან ბრაზდება და ეუბნება: „შემეშვი“, არ უყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ როცა განმარტავს, ამბობს, რომ ის არის პატარა გოგო, რომელიც მოდის და ხშირად ეთამაშება ხოლმე. ეს ხდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე. როგორ მოიქცეს მშობელი მსგავს სიტუაციაში. (მშობლები არიან გაშორებულები).

მოდით ვისაუბროთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანზე.

მოდით ვისაუბროთ ბავშვზე,

რომელიც ხვალ ზრდასრული გახდება და თუ როგორი იქნება ის, გადამწყვეტი როლი აქ მშობლის შვილისადმი დამოკიდებულებას ეკისრება. რთულია მუდმივად სწორად იქცეოდეს მშობელი, მაგრამ საკმარისია ხშირად გავაცნობიეროთ პატარასთან ქცევა, რათა ვიყოთ არა განუხორციელებელი იდეალური მშობელი, არამედ საკმარისად კარგი მშობელი.

მოდით ამჯერად ვისაუბროთ რამოდენიმე ხშირად გამოკვეთილ პრობლემაზე და,მათ შორის, მშობლის ჩივილზე, რომ „შვილს არ გააჩნია მადლიერების განცდა და მტკინვეულად განიცდის თუ მოთხოვნა არ შევუსრელე, უბედურად გრძნობს თავს, თუ რამე არ ვუყიდე.“

გასაკვირი არ არის, რომ ბავშვი საკუთარი სურვილების ასრულებისთვის მანიპულაციას მიმართავს და გამოხატავს უკმაყოფილებას სხვადასხვა სახით: ზოგი ამ დროს ისტერიულად იქცევა, ზოგი იბუტება, ზოგი ჩხუბობს, ზოგი „უბედურად“ გამოიყურება და ა.შ.

ამ შემთხვევაში, უნდა დავყოთ პროცესი მოვლენამდელ წინაპირობად და იმათ, თუ რა რეაგირება მოყვება ამ მოვლენის შემდგომ.

პირველი – არ არის მართებული პატარას შეყვანა სავაჭრო ობიექტში წინასწარი მომზადების გარეშე, ანუ მაღაზიაში წაყვანა, როდესაც მშობელმა იცის, რომ მისთვის სასურველ ნივთს ვერ უყიდის. დიდი არჩევანი ისედაც აბნევს პატარას და აჯობებს ეს პროცესი წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული – „მე დღეს გიყიდი …;  ჩვენ დღეს ვყიდულობთ …… „

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – აარჩევინეთ მას შეთავაზებული მაქსიმუმ ორი სათამაშოდან, ორი საგნიდან. ეს თქვენც გაგიადვილებთ ურთიერთობას და მასაც არჩევანის გაკეთების, დამოუკიდებლობის განცდას მიანიჭებს.

მადლიერების გამოხატვას და მადლიერების განცდას რაც შეეხება, ეს ორი განსხვავებული პროცესია.

აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს რეაგირების ფორმები უმეტესწილად მშობლების ქცევის საპასუხოდ და მათი მონაწილეობით უყალიბდება.

მადლიერების გამოხატვა ბავშვის აღზრდის და სოციალიზაციის პროცესის შემადგენელია.

მადლიერების გამოხატვა კულტურის შემადგენელია, ხოლო მადლიერების განცდა ეს უკვე ემოციური შემადგენელია. შესაბამისად, ბავშვმა შეიძლება მადლიერება გამოხატოს ისე, რომ მას მადლიერების განცდა არ ქონდეს  და პირიქით. თუ მას მადლიერებას ვასწავლით, ის ამას გამოხატავს, ხოლო მადლიერების განცდა მისი სურვილის ასრულებას და ემოციას უკავშირდება.

ის, თუ რა სახის ქცევა ჩამოუყალიბდება მას, ეს მშობლის რეაგირებაზეა დამოკიდებული და არსებობს მრავალი ხერხი, რომ პატარას ადექვატური რეაგირება ვასწავლოთ. ზოგადად, ადამიანის და, მათ შორის, პატარას ცხოვრებაში, მთავარია არ შეიქმნას გარკვეული მოლოდინი და შემდგომ მტკინვეული იმედგაცრუება. დამეთანხმებით, რომ იმედგაცრუებას არა თუ პატარა ბავშვი, არამედ ზრდასრულიც მტკინვეულად განიცდის.

როგორ რეაგირებს ბავშვი?

ბავშვის რეაგირების ფორმა არც თუ დიდხნიან, მაგრამ პირად გამოცდილებას უკავშირდება და თუ მას არასდროს და არავინ არ უხსნის რის გამო ეთქვა უარი, თუ მას არავინ ეკითხება რა სურს, არ ხდება მისი ყურადღების გადატანა ან სანაცვლოს შეთავაზება, მაშინ ის უკმაყოფილებას მისთვის ხელსაყრელი,“მუშა“ ხერხით მოგვაწვდის.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ზრდასრულთაგან განსხვავებული სიმძაფრისაა და მათში ძლიერ ემოციურ პასუხს იწვევს. გავიხსენოთ, რომ ზოგადად უარყოფითი ემოცია ბევრად მეტია, ვიდრე დადებითი და უარყოფითი ემოცია მეტად ძლიერი და ხანგრძლივი ენრგეტიკული მუხტის მატარებელია. შესაბამისად, მეტი სითბო, მეტი მოთმინება და გაცნობიერებული პასუხი მშობლის მხრიდან იქნება ბავშვის ადექვატური რეაქციებისა და ემოციური სიჯანსაღის განმაპირობებელი. მშობლის ზედმეტი სიმკაცრე ან ზედმეტი ლიბარალიზმი არ არის ჯანსაღი, ლაღი და მშვიდი ბავშვობის საწინდარი.

კიდევ ერთი საკითხი –  ზოგიერთ მშობელს ხშირად აფრთხობს და აშინებს ბავშვის ფანტაზიის უცნაური გამოვლინება, კერძოდ კი არარსებულ მეგობართან დიალოგი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ხდება ხოლმე, რომ ისინი საკუთარი ფანტაზიით შექმნილ მეგობარს იგონებენ და ეურთიერთებიან. ამით სამყაროსთან კონტაქტირების „იადვილებენ“. უფრო ხშირად ეს სიმარტოვესთან გამკლავების ან თავდაცვის ფორმაა, რომელიც დაწყებით სკოლის ასაკში და რეალურ მეგობრებთან ურთიერთობის ფონზე ქრება.

მშობელს შეუძლია პატარას ასეთ მეგობარზე კეთილგანწყობით ესაუბროს და გაარკვიაოს რა როლს ასრულებს ის ბავშვის ცხოვრებაში. ხოლო თუ დაინახავს რომ ეს „ურთიერთობა“ ბავშვის აგრესიულ ქცევას ან რაიმე სახის დისკომფორტს იწვევს, მაშინ უკვე აჯობებს დახმარებისთვის მშობელმა თერაპევტს მიმართოს.

ბავშვთან ურთიერთობების ფორმა, მშობლის რეალური ჩართულობა, მისი ინტერესების გარკვევა და საჭირო დროს, საჭირო გარემოებაში მის გვერდით დგომა, განაპირობებს იმას თუ როგორი ურთიერთობა იქნება მომავალში უკვე მოზარდსა და მშობელს შორის. და თუ პატარა ბავშვი მხოლოდ იძულებით ასრულებს მითითებებს და არასდროს არ ეკითხებიან რა უნდა ან რა უჭირს მას, რას გრძნობს ის და რა აწუხებს, მაშინ გასაკვირიც არ არის რომ მოზარდობაში ის მშობლებისგან მკვეთრ განრიდებას მოახდენს.

ზოგადად, მოზარდობა ის პერიოდია, როცა გარდატეხა არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოსოციალურ დონეზეც მიმდინარეობს, ანუ მოზარდი ოჯახის გარეთ ეძებს მისთვის საინტერესო ან კომფორტულ გარემოს. სეპარაციის ეს მნიშვნელოვანი, ბუნებრივი პერიოდი მშობლის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს და ფრთხილი ჩარევით უნდა მიმდინარეობდეს. ამ დროს რეაგირება  ფრთხილად და, ამავე დროს, გონივრულად უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი ნამდვილად არ არის.

დღეს გავრცელებული „დემოკრატიული“ მიდგომა -„მას აქვს ნება აირჩიოს მეგობრები“ – ასე მარტივად არ მუშაობს,  რადგან მოზარდს ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული რეალური პასუხისმგებლობა, თანმიმევრული გადაწყვეტილების და მსგავსი კოგნიტური ფუნქციები, ამიტომაც მისი „შეტოვება“ თანატოლების ამარა არც თუ სწორი გადაწყვეტილებაა. რთულია და სათუთი მისი ფსიქოფიზიოლოგია მოზარდობის ასაკში, მაგრამ ქცევაში გამოვლინება საკმაოდ ხისტი და დაუნდობელიც კი შეიძლება იყოს, შესაბამისად, მისთვის საყრდენის ფუნქციის შესრულებაც მშობლისგან დიდ  ძალისხმევას მოითხოვს.

თუ ადრეული ბავშვობიდან შვილთან სანდო ურთიერთობის და ემოციების გაზიარების გამოცდილება ჩამოყალიბდება, მაშინ მასთან მოზარდობაშიც საერთო ენის გამონახვა რთული არ იქნება. მოსმენის უნარი და გარკვეული მომენტისა თუ ფორმის შერჩევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კონტაქტი და დიალოგი შედგეს.

ვესაუბროთ ჩვენს შვილებს, ავუხსნათ ბევრი რამ, შევეკითხოთ ხშირად თუ რა სურს ან რა აწუხებს თქვენს შვილს.

აქცენტი, შეფასება მის ქცევაზე და თქვენს გრძნობებზე გააკეთეთ. მაგ: „მე მიყვარხარ, მაგრამ როცა უხეშად მიპასუხე, მე მეწყინა“ და არ უთხრათ „შე უხეშო“.

გვახსოვდეს ის, რომ ბავშვი უფრო მეტს თქვენზე დაკვირვებით ითვისებს და მეტწილად თქვენი ქცევების კოპირებას გაუცნობიერებლად ახდენს.

მხოლოდ სიყვარული, სითბო და დისციპლინა არის ის აუცილებელი მინიმუმი, რაც განაპირობებს ბავშვის ნორმალურ განვითარებას და ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებას. იყავით მის ცხოვრებაში ჯერ რეალური აღმზრდელი და მოზარდობიდან უკვე რეალური დამხმარე. ისწავლეთ ამავდოულად მისგან პეროიდულად დისტანცირება, რათა ზედმეტად ბევრი არ იყოთ მის ცხოვრებაში. თქვენი დამოკიდებულება განაპირობებს თქვენი შვილის მომავალ ეგზისტენციურ სცენარებს, ანუ იქნება ის მომავალში სხვაზე დამოკიდებული, თუ დამოუკიდებელი პიროვნება.

ამ კორონაჟამიანობაში მეტად აქტულაურია – შეეცადოთ, დაიცვათ პირადი საზღვრები და მისცეთ მას მაგალითი, თუ როგორ უნდა გაანაწილოს დრო, ვალდებულებებსა და თავისუფლებას შორის, საქმესა და გართობას შორის, მარტოობასა და სოციალურ (თუნდაც სოციალურ ქსელში) აქტივობას შორის.

გვახსოვდეს, რომ ბავშვი თქვენი ქცევების კოპირებას გაუცნობიერებლად ახდენს, ბევრად მეტს სწავლობს მშობლის ქცევაზე დაკვირვებით, ვიდრე მითითებით და დირექტივებით. ის სარკისებრი ნეირონებით მშობლის ვერბალურ, არავერბალური და პარავერბალური გამოხატულებების რეალურ არეკვლას ახდენს და ადრე თუ გვიან ყოველივე ამის ტრანსლირებას მოახდენს საკუთარ რეალობაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი