close
ს საინტერესოა

მძინარე ბავშვები – ემიგრანტებში გავრცელებული უცნაური სინდრომი

C7D89239-337F-41D9-90F3-1352BAD8BF44_w1023_r1_s

Resignation Syndrome (RS) – ამ სინდრომს შვედეთში 90-იანი წლებიდან იკვლევენ. ეს არის დაავადება, რომელიც თავშესაფრის მაძიებელი ოჯახების ბავშვებს ემართებათ. მოულოდნელად ბავშვები კომისმაგვარ მდგომარეობაში ვარდებიან, რომელიც თვეების, ხან კი წლების განმავლობაში გრძელდება.

RS – შეიძლება ითარგმნოს, როგორც გაუცხოების, განყენების სინდრომი. უცხოური პრესა წერს, რომ ის, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა კავშირისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ლტოლვილ ბაშვებშია აღმოჩენილი, ძირითადად 10-15 წლის მოზარდებში. ბავშვები არ რეაგირებენ გარე გამღიზიანებელზე, წვანან უძრავად, თვალდახუჭულები. საჭმელს ხელოვნურად აჭევენ სპეციალური მილით ან კოვზით. ამასთან, საქმე ერთეულ შემთხვევებს არ ეხება. საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მძინარე ბავშვების ისტორიები პირველად წლების წინ მოხვდა მედიაში. მაგალითად, ჯერ კიდევ 2017 წელს „ნიუ იორკერი“ წერს გიორგიზე, რომელმაც მას შემდეგ „დაიძინა“, რაც მის ოჯახს თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს.

გიორგი 5 წლის იყო, როცა ჩრდილოეთ ოსეთიდან შვედეთში გადმოიყვანეს. მისი მამა, სოსლანი პაციფისტურ რელიგიურ სექტას ფინანსურად ეხმარებოდა, რის გამოც მას და მის ოჯახს 2007 წელს ამოწყვეტით დაემუქრნენ. მათ შვედეთს მიაშურეს.

2015 წელს ოჯახმა შვედეთის მთავრობისგან თავშესაფარზე უარი მიიღო. ამ დროისთვის ბაშვები, ფაქტობრივად, უკვე „შვედები“ იყვნენ და, როგორც სოსლანი ამბობს, „მათთვის რუსეთში დაბრუნება მთვარეზე წასვლას ნიშნავდა“. როცა გიორგიმ უარის ფურცელი ნახა, იატაკზე დააგდო და თავის ოთახში საწოლზე დაწვა. როგორც მერე იხსენებს, სხეულს, ფაქტობრივად, ვეღარ გრძნობდა, თვალები კი თავისით დაეხუჭა.

გიორგიმ ძილში რამდენიმე თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას ხელოვნურად კვებავდნენ. სხეული უფრო და უფრო სუსტდებოდა, კუნთები თითქმის აღარ შერჩა.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თავს ისე გრძნობდა, თითქოს მინის თხელკედლებიან ყუთში იჯდა, ყუთი კი ოკეანის სიღრმეში იყო ჩაშვებული. ეგონა, ერთი სიტყვის თქმაც კი კედლებს დაამსხვრევდა და წყალში დაიხრჩობოდა.

რატომ მხოლოდ შვედეთი?

ამ ფენომენმა ექიმებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. ისინი ვერ იგებენ, რატომ ხდება ეს მხოლოდ შვედეთში და ისიც მხოლოდ ლტოლვილ ბავშვებში. პირველი შემთხვევა აქ 90-იან წლებში დაფიქსირდა. 2003-2005 წლებში, ანუ 2 წლის განმავლობაში, იგივე დიაგნოზი 400-ზე მეტ ბავშვს დაუსვეს. შემდეგ წლებში რაოდენობამ იკლო – მხოლოდ 169 შემთხვევა დაფიქსირდა 2015-2016 წლებში.

შვედეთი, დაცვა სამეფო სასახლის წინ
შვედეთი, დაცვა სამეფო სასახლის წინ

თავდაპირველად იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მშობლები თავად აძლევდნენ ბავშვებს პრეპარატებს მსგავსი ეფექტის გამოსაწვევად, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა.

შვედეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც დიდი რაოდენობით იფარებდა ლტოლვილებს. მათი რიცხვი ქვეყანაში იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო წლებში შვედეთის მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და თავშესაფრის მიღება გაძნელდა. ხშირად უარს ეუბნებიან მათაც კი, ვისაც ოჯახში RS სინდრომის მქონე ბავშვი ჰყავს და საბუთების გადახედვას ითხოვს.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს სინდრომი თავს იჩენს ერთი და იმავე ოჯახის ბავშვებში, მეზობელ ბავშვებში, ანუ იმ მოზარდებში, რომელთაც ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სინდრომი „გადამდებია“, თუმცა ამომწურავი კვლევა, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებდა, არ არსებობს.

მეცნიერები პარალელს ავლებენ მსგავს Pervasive Refusal Syndrome-თან, რომელიც ბრიტანეთში 90-იან წლებში დაფიქსირდა, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა იქ ძალიან მცირე იყო. ეს სინდრომი ასევე ბავშვებშია გავრცელებული. ბავშვი, ფაქტობრივად, უარს ამბობს სიცოცხლეზე, ჭამაზე, დალევაზე, ლაპარაკზე, ჰიგიენაზე.

ძილში გატარებული თვეები

„ბიბისი“ წერს 10 წლის სოფიზე, რომელიც ძალიან მოძრავი იყო და ცეკვა უყვარდა, ახლა მას ე.წ. პამპერსი უკეთია და ეტლში გაუნძრევლად ზის (ავტორი – ლინდა პრესლი, 2017 წელი).

სოფის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვს თვალები დახუჭული აქვს და არაფერზე რეაგირებს.

სოფის ოჯახი შვედეთში რუსეთიდან მოხვდა. იქ მათ თავს დაეხნენ. მშობლებს ბავშვის თვალწინ სცემეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ასეთი მდგომარეობა ერთგვარი დამცავი ფარია ამ ბავშვებისთვის. ისინი იმდენად უსამართლო სამყაროში ცხოვრობენ, რომ ამ მეთოდით მისგან დისტანცირებას ცდილობენ. RS სწორედ იმ მოზარდებში გვხვდება, რომელთა მშობლები საკუთარი ქვეყნებიდან ძალმომრეობას გამოექცნენ.

კარენს, რომლის ოჯახიც შვედეთში სომხეთიდან ჩამოვიდა, 14 თვე რეაქცია არაფერზე ჰქონია. მისი საჭმელი წყალწყალა პიურე იყო, რადგან სხვას ვერაფერს ყლაპავდა.

3 თვე მკურნალობდნენ ქეთის. „ბავშვი კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნიდან“ – ასე მოიხსენიებენ მას მეცნიერები, რომლებმაც ეს ავადმყოფობის ისტორია კვლევისთვის გამოიყენეს.

მძინარე ბავშვების რაოდენობა დიდია, მათი ისტორიები კი თითქმის ერთნაირი. ბავშვები კომის მსგავს მდგომარეობაში ვარდებიან მას შემდეგ, რაც შვედეთის მთავრობა მათ ოჯახებს თავშესაფარზე უარს ეუბნება, ანუ დაავადებას წინ ყოველთვის ძლიერი სტრესი უძღვის. სინდრომი შეიძლება განვითარდეს ერთბაშად ან თანდათანობით. როდესაც ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, ფხიზლდებიან, ისინი ნელ-ნელა უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას და მომხდარის შესახებ, როგორც წესი, არაფერი ახსოვთ.

შვედი ექიმები ხშირად აკითხავენ პაციენტებს და მათ მშობლებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ ამ მდგომარეობაში. ექიმების თქმით, მთავარი რუტინის შენარჩუნებაა და ის, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. რადგანაც სპეციფიკური მკურნალობა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, ბავშვები ისევ საკუთარ სახლებში რჩებიან. ოთახებში, სადაც ისინი წვანან, დილით ჩვეულებრივად ანთებენ შუქს. ბავშვი ეტლით მიჰყავთ მაგიდასთან ან პირდაპირ ლოგინში აჭმევენ. ბავშვი თვალდახუჭული ჭამს, გაუაზრებლად, ამიტომ მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მოზარდი არ დაიხრჩოს. მძინარეს აბანავებენ, აცმევენ, ვარცხნიან და მასაჟს უკეთებენ, ელაპარაკებიან კიდეც, ეგებ ესმით კიდეც სიტყვები.

სამყაროსგან დამცავი ფარი

როდესა RS -ზე, როგორც საზოგადებისგან თავდაცვის საშუალებაზე ლაპარაკობს, კანადელი ფილოსოფოსი იან ჰეკინგი იხსენებს იმ დაავადებებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში წარმოიშვა. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში ქალების სოციალური და სექსუალური უფლებები დაკნინებული იყო, თავი იჩინა ახალი სახის ფსიქიკურმა დაავადებამ – ისტერიამ. მოგვიანებით ამერიკაში გამოჩნდა დაავადება, რომელიც ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის შედეგი იყო – პიროვნების დისოციაციური აშლილობა.

LIFE OVERTAKES ME „სიცოცხლე მამარცხებს“ – ეს 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აშშ-მა და შვედეთმა ერთობლივად გადაიღეს. ის 2019 წელს გამოვიდა ეკრანზე და ოსკარზე ნომინირებული ფილმების მოკლე სიაშიც მოხვდა. ფილმში იმ ბავშვების ყოველდღიურობაა აღწერილი, რომლებიც, უკვე თვეებია, ლოგინიში წვანან. გადამღები გუნდი ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში შვედეთში ამ სინდრომით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, მსგავსი, თუმცა არა იგივე სიმპტომები გამოაჩნდათ უკვე ავსტრალიის თავშესაფრებში მცხოვრებ ბავშვებსაც.

წყარო : radiotavisupleba.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი