close
კვლევები

მიკროპლასტიკები ყველა ორგანოში, მათ შორის ტვინშიც აღმოაჩინეს

მეცნიერებმა, რომლებიც ჯანმრთელობაზე მიკროპლასტიკების შესაძლო გავლენას იკვლევენ, თაგვებზე ჩატარებული ექპერიმენტის დროს რამდენიმე შემაშფოთებელი შედეგი აღმოაჩინეს.
როდესაც ხანდაზმული და ახალგაზრდა მღრღნელები სამი კვირის განმავლობაში სვამდნენ წყალს, რომელშიც პლასტმასის მიკროსკოპული ფრაგმენტები იყო, როდ აილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დამაბინძურებლების კვალი პაწაწინა ძუძუმწოვრების სხეულის ყველა ორგანოში, მათ შორის ტვინში დაგროვდა.
თაგვებმა, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში მიკროპლასტიკით დაბინძურებულ წყალს სვამდნენ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მნიშვნელოვანი ქცევითი ცვლილებები აჩვენეს, ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოხატული იყო ხანდაზმულ თაგვებში.
სამი კვირის შემდეგ მიკროპლასტიკების წითელი ფლურესცენციული ნაწილაკები აღმოაჩინეს ყველა ტიპის ქსოვილში, რომელიც ჯგუფმა გამოიკვლია: ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გულში, ელენთასა და ფილტვებში. პლასტმასი ასევე იყო თაგვების განავალსა და შარდში.
ფაქტი, რომ დამაბინძურებლები საჭმლის მომნელებელი სისტემის გარეთ აღმოაჩინეს, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი სისტემურ ცირკულაციას გადიან .
განსაკუთრებით შემაშფოთებელია დამაბინძურებლების არსებობა ტვინში. ეს მიუთითებს, რომ ამ პოტენციურად ტოქსიკურ დამაბინძურებლებს შეუძლიათ გადალახონ იმუნური ბარიერი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას სხეულის დანარჩენი სისხლის ნაკადისგან გამოყოფს, რამაც, შესაძლოა, ნეიროკოგნიტური პრობლემები გამოიწვიოს.
კვლევის ავტორების განცხადებით, პოლისტიროლის მიკროპლასტიკას შეუძლია ძუძუმწოვრების ტვინში გადაადგილება და შთანთქმის შემდეგ მავნე ზემოქმედების მოხდენა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ცილა GFAP-ი, რომელიც მხარს უჭერს თავის ტვინში არსებულ უჯრედებს, მიკროპლასტიკების მიღების შემდეგ შემცირდა.
“GFAP-ის შემცირება დაკავშირებულია ზოგიერთი ნეიროდეგენერაციული დაავადების ადრეულ სტადიებთან, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადებასთან, ასევე დეპრესიასთან”, – აცხადებენ კვლევის ავტორები. ისინი მომავალ კვლევებში ამ ცვლილების შესწავლას გეგმავენ.
კვლევა ჟურნალ International Journal of Molecular Science-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0