close
ედიცინა

კორონა ვირუსი და დიაბეტი

ჯგდფსჯგფ

კორონავირუსი არა მხოლოდ რისკს უქმნის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, არამედ, ის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, შესაძლოა, დიაბეტის გამოწვევის მიზეზიც გახდეს, – ამის შესახებ მსოფლიოს რამდენიმე მეცნიერის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ  New England Journal of Medicine-შია გამოქვეყნებული.

როგორც ცნობილია, არსებობს დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი :

  • დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ვერ ხდება ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება. ამის მიზეზი ავტოიმუნური პროცესია. ჯანმრთელ ადამიანში იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს უცხო მიკროორგანიზმებისაგან, ხოლო საკუთარ ქსოვილებს არ აზიანებს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს იმუნური სისტემა ვერ ასხვავებს საკუთარ ინსულინის წარმომქმნელ ბეტა უჯრედებს უცხოსგან,  შეცდომით თავს ესხმის საკუთარ ქსოვილს და ანადგურებს მას.   შესაბამისად, ორგანიზმში ვეღარ გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი
  • ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ინსულინი გამომუშავდება და ზოგ შემთხვევაში ნორმაზე მაღალიც კი არის, თუმცა პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია. ამას ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. ამ დროს კუნთოვანი ქსოვილი, ცხიმოვანი ქსოვილი და ღვიძლი ვერ პასუხობს ინსულინის მიერ მოტანილ ინფორმაციას და საჭიროა ინსულინის ბევრად უფრო მაღალი დონე, რომ მოხდეს ინფორმაციის მიტანა სამიზნე ქსოვილებამდე.

COVID-19 -ის პანდემიამდე აღმოსავლეთ აზიაში არსებობდა SARS-ის ეპიდემია  (2002-04), რომელიც ასევე კორონავირუსისგან იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ არსებობს დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც SARS-ის გამო პნევმონია ჰქონდათ, მწვავე დიაბეტი განუვითარდათ. ბევრ შემთხვევაში დიაბეტი 3 წლის განმავლობაში ინკურნებოდა, პაციენტების 10 პროცენტში კი დაავადება შენარჩუნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ COVID-19 -ისა და SARS-ის გამომწვევი კორონავირუსი უჯრედებში ერთნაირად აღწევს. ვირუსი ებმევა ანგიოტენზინ კონვერტაზას (ACE2) რეცეპტორებს, რომლებიც მრავლად არიან ფილტვებში, თირკმელსა და პანკრეასის კუნძულოვან უჯრედებში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პანკრეასის კუნძულოვან უჯრედებში მოხვედრისთანავე COVID-19-ი არღვევს უჯრედების ნორმალურ მუშაობას, რაც იწვევს პათოლოგიებს იმ  მეტაბოლურ გზებში, რომლებიც ინარჩუნებენ სისხლში გლუკოზას ინსულინის სეკრეციის გზით. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსის უჯრედებში შეჭრა მწვავე ანთებასაც იწვევდეს, რომელიც პანკრეასის კუნძულოვან უჯრედებს კლავს.

კითხვაზე, იწვევს თუ არა  COVID-19-ი დიაბეტს, პასუხი არის : ჯერ ზუსტად არ ვიცით. მეცნიერების წერილში მხოლოდ ვარაუდებზეა საუბარი. უცნობია ისიც, რომელი ტიპის დიაბეტს იწვევს ახალი კორონავირუსი : ტიპი 1-ს, ტიპი 2-ს თუ დიაბეტის ახალ ფორმას.

მეცნიერები საკმარისი მონაცემების შეგროვების აუცილებლობაზე საუბრობენ იმისთვის, რომ ზუსტად დადგინდეს, არსებობს თუ არა კავშირი COVID-19-სა და დიაბეტებს შორის და თუ ეს კავშირი არსებობს, საჭიროა, გაირკვეს, თუ ზუსტად როგორ აზიანებს COVID-19-ი ორგანიზმს, ვინაიდან, მათი განმარტებით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას  მკურნალობის ეფექტური მეთოდუს შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2