close
ს საინტერესოა

კაცმა ცოლის მკვლელობა აღიარა, თუმცა ნაპოვნი ცხედარი 1600 წლის აღმოჩნდა

gvami2.png

მხატვარი და მოგზაურობის მოყვარული მალიკა დე ფერნადესი 1959 წელს შეხვდა კაცს, რომელმაც მოგვიანებით მოკლა. შეხვედრიდან ზუსტად ორ საათში, ავიახაზების თანამშრომელმა პიტერ რეინ-ბარდტმა ფერნადესს ხელი სთხოვა – ის დათანხმდა. ოთხ დღეში მათ იქორწინეს.

რამდენიმე თვეში, ახლადდაქორწინებული წყვილი დაშორდა და ფერნანდესმა ისევ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო, ოღონდ ახლა თავისი ყოფილი ქმრის ავიახაზების ფასდაკლების ბარათს იყენებდა. რეინ ბარდტი ჩეშირში (ინგლისი), თავის კოტეჯში დარჩა.

ორი წლის შემდეგ, ფერნანდესი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი ეჭვმიტანილი რეინ-ბარდტი გახდა. პოლიციამ მისი სახლ-კარი მთლიანად გაჩხრიკა, მისი ბაღი გადათხარა გვამის აღმოჩენის მოტივით, თუმცა, მალიკას შესახებ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, უკან კი ხელცარიელები გაბრუნდნენ. საქმე ორი ათწლეულის განმავლობაში გამოუძიებელი იყო, როდესაც მოვლენები რადიკალურად შეიცვალა: რეინ-ბარდტის კოტეჯთან ახლოს, ტორფის ჭაობში მკვდარი სხეულის ნაწილი აღმოაჩინეს.

მაგრამ რეინ-ბარდტს ტორფის ჭაობების შესახებ ცოტა მეტი ცოდნა რომ ჰქონოდა, მას ცოლის მკვლელობისთვის ციხეში ვერ ჩასვამდნენ.

აი, რატომ:

ტორფი ორგანული ნივთიერებების, ძირითადად მცენარეებისა და ხავსის დაშლის შედეგად წარმოიქმნება. უფრო კონკრეტულად კი, ტორფის ხავსი ნესტიან ადგილებში აკუმულირდება და წარმოქმნის ჭაობს. ტორფის ფენები წარმოქმნის ისეთ მჟავებს, რომლებსაც საუკეთესოდ შეუძლია მკვდარი სხეულის გაუხრწნელად შენახვა.

ჭაობში აღმოჩენილი „ტოლუნდის კაცის“ თავი (დანია). მიუხედავად იმისა, რომ გვამი კარგად შენახულია, ის 375-210 წლებში დაიღუპა.
 

რეინ-ბარდტს ეს რომ სცოდნოდა, შესაძლოა, თავისი ცოლის მკვლელობა ასე სწრაფად არ ეღიარებინა.

ლინდოუ მოსის ჭაობში ნაპოვნი უცნობი ქალის თავის პოვნის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობნენ, რომ ის 30-50 წლის უნდა ყოფილიყო. ეს მტკიცებულება რეინ-ბარდტს წარუდგინეს.

„იმდენად დიდი დრო გავიდა, ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს აღმოაჩენდნენ ჩემს დანაშაულს.“ – აღიარა მან დაკითხვისას.

მან განაცხადა, რომ 60-იანების დასაწყისში ფერნანდესი მის კოტეჯში პერიოდულად ბრუნდებოდა და ფულს თუ არ მისცემდა, ჰომოსექსუალობის გამოაშკარავებით ემუქრებოდა. ჰომოსექსუალობა მაშინდელ ინგლისში ჯერ კიდევ დანაშაული იყო. მან უარი თქვა ფულის მიცემაზე და ყოფილმა ცოლ-ქმარმა იჩხუბა. სასამართლოზე მან თქვა, რომ მასში „რაღაც ადუღდა“, მოკიდა ხელი, აჯანჯღარებდა და სანამ არ გაჩერდა, მანამდე ვერ შეამჩნია, რომ შემოაკვდა.

მისივე თქმით, ძალიან შეშინებული იყო და რაციონალურად ფიქრი არ შეეძლო. ერთადერთი, რაც თავში მოუვიდა, გვამის გადამალვა იყო.

რეინ-ბარდტმა თქვა, რომ მისი სხეული ნაჯახით დაანაწევრა, სანამ მის დაწვას სცდიდა. თუმცა, ამან არ იმუშავა და მკვლელმა მსხვერპლი უახლოეს ჭაობთან მიიყვანა და მასში ჩააგდო.

20 წლის განმავლობაში გამოუძიებელი საქმე ერთი შეხედვით გაიხსნა და დახურვის პირას იყო. მაგრამ მთავარი გამომძიებელი ჯორჯ აბოტი ერთი ფაქტით მაინც შეწუხებული ჩანდა: თუ ეს ფერნანდესის თავი იყო, სად არის დანარჩენი მისი სხეული? გამომძიებელმა დამატებითი ანალიზისთვის თავი ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგზავნა, სადაც ნახშირბადული დათარიღებით დადგინდა, რომ თავის ქალა რომის იმპერიის დროინდელია.

„თავის ქალა ტორფის ჭაობში 16 საუკუნეზე მეტხანს ინახებოდა და მალიკა ფერნანდესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ მისმა აღმოჩენამ პირდაპირ მკვლელის აღმოჩენამდე და მის აღიარებით ჩვენებადე მიგვიყვანა“ – უთხრა პროკურორმა მარტინ თომასმა სასამართლოს.

როდესაც რეინ-ბარდტმა ამის შესახებ შეიტყო, თავისი აღიარებითი ჩვენების შეცვლა სცადა, თუმცა, სრულიად უშედეგოდ. სასამართლოს სულ რაღაც სამი საათი დასჭირდა მისი ბრალეულობის გამოსაცხადებლად.

ფერნანდესის გვამი დღემდე ვერ აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი