close
რქიტექტურა/დიზაინიაქართველო

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა

1C106DD4-5637-4750-B04C-9CB8524F91AF

 

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა რვა ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. 2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს.

2021 წლის გამარჯვებულები ონლაინ ღონისძიებაზე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმან პარცინგერმა დაასახელეს. დაჯილდოების გამარჯვებულები მემკვიდრეობის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.

26 მაისიდან მსოფლიო თანამეგოობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. აღნიშნულ თვეს გამოვლინდებიან ნომინაციების გრან პრის მფლობელებიც, რომლებიც ფულადი პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებენ“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, როგორც შუა საუკუნეების მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობის გამო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ფონდმა „ქართუმ“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონიტორინგის სისტემა და პროაქტიული კონსერვაციის პროექტი დააფინანსა. იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტ ISPRA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით წარიმართა.

საუკუნეების განმავლობაში ქანების ეროზიის ბუნებრივი პროცესები, სეისმურ აქტივობასთან ერთად, საფრთხეს უქმნიდა ძეგლის მთლიანობას. ბოლო წლების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ კი უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა შექმნა. ადგილობრივი პროფესიონალებისა და მკვლევარების ცოდნისა და გამოცდილების ასამაღლებლად და მეთოდოლოგიური დახმარებისთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულნი იყვნენ ISPRA–ს ექსპერტები, რის შედეგადაც შეიქმნა კონსერვაციის ყოვლისმომცველი გეგმა. 2015 წლიდან 2019 წლამდე ვარძიაში ქვათაცვენისა და მეწყერების შესაჩერებლად არაერთი გადაუდებელი ღონისძიება ჩატარდა. ჰორიზონტალური ბურღვებისა და დაანკერების მეთოდით გამაგრდა ისტორიული კომპლექსის კრიტიკული კლდოვანი მასივები. შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია. შემუშავდა და დამონტაჟდა მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს გარემო პირობების საკვანძო მონაცემებს და გადასცემს სამეცნიერო ჯგუფს ანალიზისთვის. მონიტორინგის სისტემა ხელს უწყობს ზიანის შემცირებას და ვარძიის გრძელვადიანი სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველყოფას.

კონკურსის ჟიურიმ სათანადოდ შეაფასა ძეგლის სპეციფიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში ადგილობრივი პროფესიონალების უნარების ამაღლებისა და ინტერდისციპლინარული, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, რამდენადაც საკონსერვაციო პროგრამის მსვლელობისას იტალიელ ექსპერტებთან თანამშრომლობამ უზრუნველყო ადგილობრივი ცოდნისა და უნარების ზრდა. ვარძიაში განხორციელებული საპილოტე პროგრამა ჟიურის მიერ შეფასდა როგორც გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად მყისიერი ზომების დანერგვის კარგი მაგალითი, რომელიც მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდა.

წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა „კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა „კლდის ძეგლების“ გადარჩენას. ამ ტიპის საკონსერვაციო ინტერვენციებს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე ახორციელებს დავით გარეჯის, უფლისციხისა და ვანის ქვაბების კომპელქსებზე.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მეფე გიორგი III- მ და დაასრულა მისმა ქალიშვილმა, თამარ მეფემ. კომპლექსი გაშენებულია კლდის გასწვრივ, გადაჭიმულია 50 მეტრის სიმაღლეზე და დაახლოებით 800 მეტრი სიგრძეზე. ის შედგება რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი სათავსისაგან. XII საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კედლის მხატვრობა ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. კომპლექსი 1993 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ონლაინ ცერემონიის მსვლელობისას ევროკომისარმა მარია გაბრიელმა განაცხადა: „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2021 – ის გამარჯვებულები არიან ევროპული მემკვიდრეობის მშვენიერების ელჩები, იქნება ეს ტრადიციები, თვალწარმტაცი არქიტექტურა თუ მემკვიდრეობა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფსა და თაობას აერთიანებს. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა და წარმატება მის სამსახურში მყოფ ხალხზეა დამოკიდებული. ამ დაჯილდოებით ჩვენ აღვნიშნავთ გამორჩეული ადამიანების წვლილს, ესენი არიან მემკვიდრეობის პროფესიონალები, არქიტექტორები, მეცნიერები და მოხალისეები, რომლებმაც ეს საერთო მემკვიდრეობა ჩვენს გულთან ახლოს მოიტანეს. მათი ხედვა დასაფასებელია“.

ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმა პარცინგერმა კი განაცხდა: „ყოველწლიურად ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს/ევროპა ნოსტრას დაჯილდოების გამარჯვებულები წარმოადგენენ იმ ადამიანთა შეუდარებელ შემოქმედებითობასა და თავდადებას, რომლებიც ცდილობენ დაიცვან და მომავალ თაობას გადასცენ ევროპის ძვირფასი მემკვიდრეობა. ამ წლის ლაურეატებმა აჩვენეს, თუ რა გადაწყვეტის საშუალებებს გვთავაზობს მემკვიდრეობა მწვავე გამოწვევების ფონზე, კლიმატის, ურბანული და სოფლის მდგრადი განვითარების პარალელურად, რითიც ვიცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ მივესალმებით ამ გამორჩეულ მიღწევებს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მრავალი მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალისა და ენთუზიასტისთვის შთაგონება გახდება ევროპის მასშტაბით და მის მიღმა“.

2021 წლის გამარჯვებულები:

კატეგორია – კონსერვაცია

Gare Maritime, ბრიუსელი, ბელგია

ფრედენსბორგის სასახლის ბაღი, დანია

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საქართველო

Haus Am Horn, ვაიმარი, გერმანია

პლაკას ხიდი, ეპირუსი, საბერძნეთი

ზედა ორმონდ კეის 18 Ormond Quay Upper, დუბლინი, ირლანდია

სოფელი ურსის ხის ეკლესია, ვილჩის ჟუდეცი, რუმინეთი

ბეზოს წყლის კოშკი, ბარსელონა, ესპანეთი

Mas de Burot, ელ პორტის ბუნებრივი პარკი,ესპანეთი

კატეგორია – კვლევა

FIBRANET – ანტიკური ევროპული ტექსტილის ძაფი, დანია/საბერძნეთი

Control Shift – ევროპული ინდუსტრიული მემკვიდრეობის ხელახალი გამოყენება, საბერძნეთი/ჰოლანდია

ART-RISK – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პრევენციულ კონსერვაციაში, ესპანეთი

კატეგორია – გასაკუთრებული ღვაწლი

გჯიროკასტრას ფონდი, ალბანეთი

კულტურული მემკვიდრეობის ტექნიკური კომიტეტი, კვიპროსი

რიტა ბარგნა, იტალია

GEFAC – კოიმბრას აკადემიის ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ჯგუფი, პორტუგალია

კატეგორია – განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება

ბულგარული ფოლკლორის ნაბიჯების კვალდაკვალ, ბულგარეთი

მემკვიდრეობის ჰაბები, ფინეთი/იტალია/სერბეთი/ესპანეთი

დამნაშავე მხარის გამოგონება, ტრენტო, იტალია არდადეგები! აღმოსავლეთსა და დასავლეთში – სკოლის ეკლესია, გრონინგენი, ჰოლანდია

ევროპული სოლიდარობის ცენტრი – მუდმივი ექსპოზიცია, გდანსკი, პოლონეთი

მორონის არტიზანული კირი, მორონ დე ლა ფრონტერა, ესპანეთი

არქეოლოგია სახლში, გაერთიანებული სამეფო

Morus Londinium: ლონდონის მემკვიდრეობა ხეების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ რომელსაც განახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით. პროგრამა წარმოაჩენს მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითებს და ამით ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას. პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.

ჯილდოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული საზოგადოების, ეკონომიკისა და გარემოსთვის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალმხრივი ღირებულების აღიარების საქმეში. ჯილდის შესახებ დამატებითი ფაქტებისა და მონაცემებისთვის ეწვიეთ www.europeanheritageawards.eu/facts-figures.

2021 წელს ასევე გაიცემა ორი ILUCIDARE-ს სპეციალური პრიზი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე/ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონიაზე. საბოლოო სია 10 ივნისს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემოდგომაზე. ILUCIDARE -ს პროექტს მხარს უჭერს Horizon 2020 საერთაშორისო ქსელი, რომლის მიზანია მემკვიდრეობის, როგორც ინოვაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების რესურსის, საერთაშორისო ქსელის ჩამოყალიბება.

ევროპა ნოსტრა – ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ევროპა ნოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ევროპა ნოსტრა პროგრამის „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი“ ფარგლებში ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიას. იგი წარმოაჩენს სფეროს მიღწევებს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს მეშვეობით. ევროპულ ინსტიტუციებთან და ევროპული მემკვიდრეობის ალიანსთან კოორდინირებით, ევროპა ნოსტრა ევროკავშირის მთავარი პარტნიორი იყო 2018 წლის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში. ევროპა ნოსტრა ასევე ევროკომისიის მიერ გამოცხადებული ახალი ევროპული ბაუჰაუსის ინიციატივის ერთ-ერთ მთავარი პარტნიორია.

შემოქმედებითი ევროპა – შემოქმედებითი ევროპა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ პროგრამას, რომელიც მიმართულია კულტურის და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერებისკენ. პროგრამის 2021-2027 წლების ბიუჯეტს €2.4 მილიარდი შეადგენს. შემოქმედებითი ევროპა მხარს უჭერს ორგანიზაციებს რომლებიც მოღვაწეობენ კულტურული მემკვიდრეობის, საშემსრულებლო ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, საგამომცემლო, კინოინდუსტრიის, ტელევიზიის, მუსიკის და ვიდეოთამაშების სფეროებში, ასევე ათობითათას მხატვარს, კულტურის და აუდიოვიზუალური ხელოვნების პროფესიონალს. დაფინანსება მათ შესაძლებლობას აძლევთ განავრცონ თავიანთი მოღვაწეობა მთელი ევროპის მასშტაბით, მოიზიდონ ახალი აუდიენცია და განავითარონ თავიანთი უნარები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი